მსოფლიოს ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი, სამი ერის ორგზის მომგები, ზე 12-ის ორგზის გამარჯვებული! 139 თამაში ავსტრალიის ნაკრებში და ამ მხრივ დამყარებული მსოფლიო რეკორდი!
მეტი რა უნდა ინატროს მორაგბემ? მაგრამ, როგორც ირკვევა, „ვოლაბების“ და „ბრამბიზის“ ლეგენდარული 9 ნომერი და კაპიტანი ჯორჯ გრეგანი მაინც გულდაწყვეტილი წავიდა დიდი რაგბიდან, რადგან მისმა ავსტრალიამ სულ ახლახან მსოფლიო თასზე ზედიზედ მეორედ წააგო ჯონი უილკინსონის ინგლისთან და მეორე მარცხი უფრო მტკივნეული გამოდგა მულატი ოზისთვის. 2003 წელს ინგლისს ოცნების გუნდი ჰყავდა, წლეულს კი ჩვენ რომ გვეყოჩაღა, ნახევარფინალისთვის არ უნდა გაგვეცილებინა ეგ გუნდიო, გულმოკლული ამბობს ბებერი ვარსკვლავი.
34 წლის გრეგანი ახლა საფრანგეთშია და კლუბ „ტულონს“ ახმარს თავის გამჭრიახ და გამოცდილ ხელს, თამაშობს ძველი მტრების, მასავით ასაკშეპარული სამხრეთელი ვარსკვლავების, ახალზელანდიელების ენდი მერთენსის და ენტონ ოლივერის და სამხრეთაფრიკელი ვიქტორ მეტფილდის მხარდამხარ.
და ხომ არ დაგვიწყებიათ, იქვე, აი, ასეთ კომპანიაშია ვეტერანი ქართველი მორაგბე გია ლაბაძეც. მეტიც, ის „ტულონის“ ერთ-ერთი კაპიტანია და სწორედ გიას დახმარებით შედგა ჩვენი ინტერვიუ ავსტრალიელ ლეგენდასთან.
ეს თქვენთვის ბოლო მსოფლიო თასი იყო, ავსტრალიის ნაკრებს კი შანსი ჰქონდა, მესამედ გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ მეოთხედფინალში ინგლისთან წააგეთ. დღევანდელი გადასახედიდან რა იყო ამ წაგების მიზეზი?
წლევანდელი მსოფლიო თასი ჩემთვისაც და ჩემი თანაგუნდელებისთვისაც ძალიან დიდი იმედგაცრუება გამოდგა. დასამალი რაა, ჩვენ მინიმუმ ფინალში გასვლას ვგეგმავდით. ვერ ვიტყვი, რომ ინგლისი სათანადოდ არ შევაფასეთ ან მოვდუნდით. პირიქით, ვიცოდით, რომ ჯგუფური ეტაპის შემდეგ მეტოქე საგრძნობლად მოუმატებდა, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ის არ იყო ჩვენი დღე. ინგლისმა გვაჯობა ბოჭვებში, ერთი ერთზე კონტაქტში, რაქში და მოლში, ბურთს მეტწილად ისინი აკონტროლებდნენ და როდესაც გუნდში ჯონი უილკინსონია, მეტი რაღა უნდა ინატრო?! უილკინსონმა, ფაქტობრივად, უშეცდომოდ ურტყა. ჩემი აზრით, ინგლისმა მოულოდნელად მოგვიგო. იმ მატჩის გახსენებაზე ყოველთვის ცუდ ხასიათზე ვდგები, ჩემს კარიერაში ეს ერთ-ერთი უდიდესი იმედგაცრუება იყო…
მსოფლიო თასამდე თქვით, რომ მისი დასრულების შემდეგ ნაკრებში აღარ ითამაშებდით, მაგრამ ავსტრალიელი ქომაგის წინ გამოსათხოვარ მატჩშიც აღარ ითამაშებთ?
ასეთი მატჩი მსოფლიო თასამდე ვითამაშე სამ ერზე სიდნეიში სამხრეთი აფრიკასთან. მაშინ დავემშვიდობე ავსტრალიელ ფანებს და ნაკრებში დაბრუნებას, თუნდაც ერთი მატჩით, აღარ ვაპირებ.
ახლა საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობთ. ეს ნიშნავს, რომ ზე-14-შიც დაასრულეთ კარიერა?
არა, „ტულონთან“ სამთვიანი კონტრაქტი მაკავშირებს. აქ ზამთარში პაუზაა, ჯერჯერობით გადაწყვეტილი მაქვს, რომ ამ პაუზისას ზე-14-ში დავბრუნდე, გაზაფხულზე კი ისევ „ტულონში“ გავაგრძელებ საკლუბო კარიერას. თუმცა გამორიცხული არაა, კონტრაქტი პირდაპირ გავაგრძელო და ზე-14-ში აღარ დავბრუნდე.
ისევ მსოფლიო თასს დავუბრუნდეთ. ბევრი მიიჩნევს, რომ საფრანგეთ-ახალი ზელანდიის მეოთხედფინალი ნაადრევი ფინალი იყო. თქვენც ასე ფიქრობთ?
ამათგან რომელიმე რომ გამხდარიყო მსოფლიო ჩემპიონი, ასეც იქნებოდა, მაგრამ თასი სულ სხვამ, სამხრეთი აფრიკამ მოიგო. ასე რომ, საფრანგეთ-ახალი ზელანდიის მეოთხედფინალს ნაადრევი ფინალი არ ეთქმოდა. ასე, ალბათ, იმიტომ მიიჩნიეს, რომ ახალი ზელანდია გამოკვეთილი ფავორიტი იყო, საფრანგეთი კი ტურნირს მასპინძლობდა და ჩემპიონობის მეტი არაფერი აკმაყოფილებდა. ჩემი აზრით საფრანგეთმა ჩემპიონ გუნდს მოუგო, მაგრამ მერე რაც დაემართა, თავის თავს უნდა დააბრალოს.
ჩემპიონები გახდნენ სამხრეთაფრიკელები, რომელთა წინააღმდეგ ბევრჯერ გითამაშიათ. როგორ ფიქრობთ, სამხრეთ აფრიკა ღირსეული ჩემპიონია?
ზაფხულში სამხრეთ აფრიკას სამ ერზე სამჯერ ვეთამაშეთ. მაშინ უფრო სუსტი იყო, ვიდრე მსოფლიო თასზე. საფრანგეთში სულ სხვა, დალაგებული, თანაბრად დაკომპლექტებული და მიზანმიმართული გუნდი თამაშობდა. მართალია „ქურციკებს“ ძალიან გაუმართლათ, როცა ფინალში გამოფიტული ინგლისი შეხვდათ, მაგრამ ეს რა მათი ბრალი იყო. ვფიქრობ, სამხრეთი აფრიკამ დაიმსახურა თასის მოგება. სხვა საქმეა, რა და როგორ იქნებოდა, ფინალში ახალი ზელანდია, საფრანგეთი ან ჩვენ რომ შევხვედროდით. მაგრამ ვერც ერთი ვერ გავედით ფინალში და ამიტომ, ახლა ამაზე საუბარი ზედმეტია. თანაც, სამხრეთაფრიკელთა სამწვრთნელო შტაბში იყო ავსტრალიელი ედი ჯონსი, ძალიან გამოცდილი, ძლიერი მწვრთნელი. გარდა იმისა, რომ უზადო ტაქტიკოსია, მეტოქის გაშიფვრის უნიკალური ნიჭი აქვს. დარწმუნებული ვარ, ედი ჯონსის რჩევებმა სამხრეთი აფრიკა საფრანგეთში სრულყოფილებას მიაახლოვა.
თუმცა ედი ჯონსის მწვრთნელობით 2003 წელს მსოფლიო თასის ფინალში წააგეთ.
მაგრამ ვისთან წავაგეთ?! ინგლისთან, რომელსაც თავისი და მსოფლიო რაგბის ისტორიაში, ალბათ, საუკეთესო ნაკრები, მეტიც, ოცნების გუნდი ჰყავდა. ჩვენ მაშინ ნახევარფინალში ტრადიციულად ჩემპიონობისთვის გამზადებულ ახალ ზელანდიას ულაპარაკოდ მოვუგეთ, ფინალში კი დამატებითი დროის ბოლო წუთზე უილკინსონის ფანტასტიკური არეკნით წავაგეთ… მოკლედ, ბოლო ორი მსოფლიო თასია, უილკინსონი ლამის მარტო გვიგებს, მაგრამ ერთხელაც ვიტყვი: თუ 2003 წლის თასის ფინალის წაგება ასე თუ ისე გადავიტანეთ, ახლა მეოთხედფინალში მარცხი ჩვენთვის ტრაგედია იყო!
მსოფლიოს წლის საუკეთესო მორაგბედ სამხრეთაფრიკელი ბრაიან ჰაბანა დაასახელეს. ეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას?
ჟიურიში საკმაოდ ავტორიტეტული წევრები იყვნენ და რადგან ასე გადაწყვიტეს, ესე იგი, ეჭვი უადგილოა. წლის საუკეთესო მორაგბის წოდება მსოფლიო თასის ფინალის შედეგზე იყო დამოკიდებული. ინგლისს რომ მოეგო, დარწმუნებული ვარ, საუკეთესოდ ჯონი უილკინსონს დაასახელებდნენ. ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ერთბაშად სამს – ბრაიან ჰაბანას, ჯონი უილკინსონს და არგენტინელ ხუან მარტინ ერნანდესს დავასახელებდი. წლის მორაგბის ტიტული სამივეს ეკუთვნოდა, მაგრამ ჰაბანამ და სამხრეთი აფრიკამ მსოფლიო თასი მოიგეს და ბრაიანიც უკონკურენტოდ დარჩა.
ამ მსოფლიო თასზე რომელ ნაკრებს მიიჩნევთ აღმოჩენად და პირიქით, თქვენი აზრით, ვინ ვერ გაამართლა იმედები?
პირველ რიგში ჩვენ, ავსტრალიამ ვერ გავამართლეთ… ირლანდიის უმარილო თამაშიც უსიამოვნო სიურპრიზი იყო. საფრანგეთმაც ჩემპიონობის რეალური შანსი გაუშვა ხელიდან, არადა, უმთავრესი კონკურენტი, ახალი ზელანდია მეოთხედფინალში მოიცილა. აღმოჩენა კი, უდავოდ, საქართველოს ნაკრები იყო! არ მეგონა ქართველებს ამდენი თუ შეეძლოთ. ფიჯიმაც გამაოცა, რაც მთავარია, მათ სანახაობრივი და უშეღავათო რაგბი ითამაშეს.
რა განსხვავებაა სამხრეთულ და ჩრდილოურ რაგბს შორის?
როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე სხვაობა ერთნაირია. სამი ერის გუნდები: ავსტრალია, ახალი ზელანდია და სამხრეთი აფრიკა ფიზიკური კონდიციებით და კომბინაციურობით სჯობნიან ევროპელებს. ჩემი აზრით, სამხრეთში უფრო ფანტაზიით თამაშობენ და ინდივიდუალობით გამორჩეული გაცილებით მეტი მოთამაშე ჰყავთ. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ თუ ექვსი ერის რომელიმე გრანდს ჩავარდნა ეწყება, სხვებიც მიჰყვებიან ხოლმე, სამხრეთში კი ყოველთვის არის ერთი მძლავრი ნაკრები. ვფიქრობ, სამხრეთული რაგბი განვითარებაში ერთი ნაბიჯით უსწრებს ჩრდილოურს.
ზამბიაში დაიბადეთ, ავსტრალიაში გაიზარდეთ და ახლა საფრანგეთში თამაშობთ. როგორ შეეგუეთ უცხო გარემოს?
აკლიმატიზაცია და გარემოსთან შეგუება პრობლემა არ არის. თანაც, მსოფლიო თასისას თვენახევარი მომიწია საფრანგეთში ცხოვრებამ და აქაურობას შევეჩვიე. „ტულონში“ თავს კომფორტულად ვგრძნობ, კლუბის უფროსით დაწყებული, ბაზის უბრალო თანამშრომლით დამთავრებული, ყველა გულისხმიერი და მეგობრულია. გუნდშიც მშვენიერი გარემოა, ყველაფერია საიმისოდ, რომ რაგბი ითამაშო და ამასთან, სიამოვნებაც მიიღო.
„ტულონის“ ნახევარდაცვაში თქვენი მეწყვილე ახალზელანდიელი ენდრიუ მერთენსია, მწვრთნელი კი ახალზელანდიელივე ლეგენდა ტანა უმაგა. წლების მანძილზე ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობდით, მოედანზე მტრები იყავით… ახლა დამეგობრდით?
არა, ერთმანეთს კიდევ ვჭამთ! ცხადია, ეს ხუმრობით. აქ მთელი გუნდი ვმეგობრობთ, თანაც, რაგბის წესისამებრ, მე და ენდრიუ მერთენსს გასვლითი მატჩისას ერთ ნომერში გვიწევს ცხოვრება და საუკეთესო მეგობრები ვართ! „ტულონში“, რასაც ჰქვია, კაცები თამაშობენ – ერთმანეთს მშვენივრად ვუგებთ! გია ლაბაძეც ჩემი მეგობარია… საქართველოდან ჩემმა მეგობარმა ჟურნალისტმა უნდა დაგირეკოსო – უარის თქმა არც მიფიქრია! გია გუნდის ერთ-ერთი კაპიტანია.
წლების მანძილზე მსოფლიოს საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთ საუკეთესო 9 ნომრად ითვლებოდით. თქვენი აზრით, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო 9 ნომერი?
ყველა დროის საუკეთესო მორაგბედ და 9 ნომრად უელსელ გარეთ ედვარდს მიიჩნევენ და კარდიფში ძეგლიც კი დაუდგეს. მისი თამაში ვიდეოფირებზე მინახავს და იმ დროისთვის იგი მართლაც საუკეთესო იყო! ვერ გეტყვით, ვინ არის საუკეთესოთა შორის საუკეთესო, ძალიან რთული ასარჩევია. მე ვის წინააღმდეგაც მითამაშია, მათში საუკეთესოები იყვნენ ახალზელანდიელი ჯასტინ მარშალი და ფრანგი ფაბიან გალტიე. ამ მსოფლიო თასზე კი არგენტინელმა აგუსტინ პიშომ ითამაშა მაგრად და დღეს საუკეთესო, ალბათ, ის არის. თანაც, პიშო ქარიზმატული მოთამაშეა, გუნდის დამქოქავი.
რაგბის გარდა სპორტის რომელი სახეობის თამაში და ყურება გიყვართ?
გოლფს ვთამაშობ და ამით დიდ სიამოვნებას და სიმშვიდეს ვგრძნობ. რაგბი იმდენ ენერგიას მართმევს, რომ სხვა რამისთვის ძალა აღარ მრჩება. ყურებით კი მარტო რაგბის ვუყურებ – ფეხბურთი და კალათბურთი ვერ დავამუღამე.
12.12.2007