საინტერესო ჯეელია ბრაზილიელი ნეიმარი. სულ სამი თვეა ბარსელონადან პარიზში გადაბარგდა და მის გარშემო მითქმა-მოთქმა წუთითაც არ წყდება. ხან კარგი ამბებია, ხან ცუდი, მაგრამ ყოველდღე რაღაც არის. ალბათ „ასეთი უნდა იყოს“ თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავი.
ჩანს, „პარი სენ ჟერმენში“ ის საკუთარ კანონებს აწესებს. ჯერ იყო და მისვლისთანავე 10 ნომრიანი მაისურა დაისაკუთრა. მერე გადაწყვიტა რომ ჯარიმები და პენალტები მხოლოდ მას უნდა დაერტყა. ამ ამბავს რა შედეგიც მოჰყვა კარგად გეხსომებათ, ურუგვაელ თანაგუნდელ ედისონ კავანის წაეჩხუბა და მერე მწვრთნელს მისი გუნდიდან მოკვეთა მოსთხოვა. კონფლიქტი როგორღაც მოაგვარეს და თითქოს საქმე ნორმალურ ყალიბში ჩადგა.
რამდენიმე დღის წინათ კი ახალი კინკლაობის ამბავი გამოვიდა პარიზელთა ბანაკიდან, ფრანგულმა „ეკიპმა“ დაწერა, ჭირვეული ბრაზილიელი ახლა დამრიგებელ უნაი ემერის წაეკიდაო. თურმე, ნეიმარს ესპანელის სამწვრთნელო მეთოდები არ მოსწონს და შელაპარაკებაც მოსვლიათ. თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბასკი საკმაოდ ჭკვიანია იმისათვის რომ მსოფლიოს უძვირფასეს ფეხბურთელთან კონფლიქტი არ გააღვივოსო. მაგრამ იმასაც აღნიშნავენ, ემერი ერთობ გავლენიანი სპეციალისტია და როგორ შეეგუება ამ ამბავს, ძნელი სათქმელიაო.
„პარიზიენი“ კი სხვა ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბრაზილიელს განსაკუთრებული პირობები აქვს შექმნილი. მაგალითად, ჰყავს საკუთარი ფიზიოტერაპევტები – რაფაელ მარტინი და რიკარდო როსა მხოლოდ მასანთან მუშაობენ. ნეიმარის ყოფილი თანაგუნდელი ლუის სურესი კი ადასტურებს, რომ ბაზილიელი ერთადერთი ფეხბურთელია რომელსაც მგზავრობის დროს ხელბარგის ტარება არ ევალება.

კიდევ ისაა საინტერესო, რომ ბოლო დღეებში ნეიმარზე ევროპული მედიიდან ურთიერთგამომრიცხავი სიახლეები მოდის. ზოგი გამოცემა მას „ბარსაში“ აბრუნებს, ზოგი მადრიდის „რეალში“ უშვებს. მაგალითად, ესპანური „სპორტსი“ წერს, რომ ახლახან ნეიმარი ბარსელონაში ჩასულა, ძველ თანაგუნდელებს შეხვედრია და ხუმრობით უკითხავს: რომ დავბრუნდე, გახსოვართ კიდევო? „ბარსას“ ფეხბურთელებს უფიქრიათ, რომ ბრაზილიელს პარიზში პრობლემები აქვს და კატალონიაში დაბრუნება სურს.
აი, მადრიდის „რეალის“ კაპიტანი, სერხიო რამოსი კი ამბობს, რომ წინააღმდეგი არ იქნება ნეიმარის „სამეფო კლუბში“ ხილვისა: „მომწონს საუკეთესოებთან ერთ გუნდში თამაში. ნეიმარი ერთ-ერთი მათგანია. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თანაც პსჟ-დან უფრო ადვილი იქნება „რეალში“ გადმოსვლა, ვიდრე „ბარსელონადან“. ასეთი ტრანსფერი ძალიან წაადგებოდა ჩვენს გუნდს. პირადადაც მშვენიერი ურთიერთობა მაქვს მასთან,“ – დასძინა რამოსმა.
ეს ყველაფრი კარგი, მაგრამ თუ ნეიმარი არსად წავიდა, მაშინ სავარაუდოდ კლუბმა ახალი მწვრთნელი უნდა ეძიოს. როგორც ჩანს, ნეიმარს ემერისთან მუშაობა აღარ სურს და ამ შემთხვევაში ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს ვის შეელევა უფროსობა. აბა, 222 მილიონიან კაცს ხომ არ გაყიდიან.
ამ შემთხვევაში ჩვენი უცხოელი კოლეგები რამდენიმე სავარაუდო შემცვლელს ასახელებენ. ჟოზე მოურინიო: „მანჩესტერის“ დამრიგებელი ჯერ-ჯერობით თითქოს წასვლას არ აპირებს, თუმცა გასულ კვირას კითხვაზე რას იტყოდა პარიზში მისი შესაძლო გადაბარგების შესახებ, ორაზროვანი პასუხი გასცა: ერთს გეტყვით, კარიერას მანჩესტერში ნამდვილად არ დავასრულებო. თუ შეიხების განუსაზღვრელ ფინანსებსაც გავითვალისწინებთ, გამორიცხული არაფერია. ეგ არის, „მოუ“ სხვის ჭკუაზე წამსვლელი კაცი არ არის და როგორ შეძლებს ნეიმარის ახირებებეის ატანას, ძნელი სათქმელია.
ანტონიო კონტე: ქვეყნის ჩემპიონი „ჩელსი“ ახალ სეზონში შარშანდელივით ვეღარ ბრწყინავს. ტიტულის დაცვასთან ხომ შორსაა და ჩემპიონთა ლიგაში „რომასთან“ განადგურების შემდეგ ინგლისურმა ტაბლოიდებმა დაწერეს, კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი იტალიელს აღარ ელაპარაკებაო. არაბმა ჟურნალისტებმა კი დაამატეს, კონტე თავადაც დაინტერესბულია პარიზული კლუბითო. თუმცა აქაც მსგავსი პრობლემაა, კონტე ცნობილია თავისი დიქტატორული დამოკიდებულებებით ფეხბურთელებთან და ნეიმართან, ალბათ, ვერ იმეგობრებს.
კარლო ანჩელოტი: ამჟამად უმუშევარ იტალიელს უკვე გაუწვრთნია პსჟ. თუმცა მაშინ უფროსობასთან წაკინკლავდა და „რეალში“ წავიდა. „რთული ურთიერთობა გვქონდა. წასვლა მინდოდა, მაგრამ არ მიშვებდნენ. კლუბის პრეზიდენტთანაც დამეძაბა ვითარება. მაგრამ დრომ ყველაფერი დაალაგა. ახლა ნორმალური ურთიერთობა გვაქვს“, – ამბობს ანჩელოტი.
ანჩელოტი ავტორიტეტია ყველა ფეხბურთელისთვის, მათ შორის ნეიმარისთვისაც. ახლახან მესისა და რონალდუს მემკვიდრედაც მოიხსენია და ბრაზილიელთან ურთიერთობა არ უნდა გაუჭირდეს.
ლუის ენრიკე: ესპანელს მაღალი კლასის მწვრთნელს ვერ ვუწოდებთ, მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონასთან“ ერთად სამ წელიწადში 9 ტიტული მოიგო (მათ შორის ერთი თბილისური სუპერთასია 2015-ში). როგორც ხუმრობენ ხოლმე, ენრიკეს „ბარსაში“ ისეთი ფეხბურთელები ჰყავდა, გაწვრთნა კი არა მთავარი იყო ხელი არ შეეშალა მათთვისო.
ნეიმარს ის ყოველთვის აქებდა. ერთხელ კი ბრაზილიელი ძალიან ცუდად მოექცა, „სევილიასთან“ მატჩში შეცვალეს და მეორე დღეს ვარჯიშზე არ მივიდა. თუმცა შემდეგ ურთიერთობა დალაგდა. ყოველ შემთხვევაში, როცა ენრიკე გაათავისუფლეს, ბრაზილიელმა თქვა: ეს კაცი დაგვაკლდებაო.
თომას ტუხელი: გერმანელის სტილი ყოველთვის შეტევისკენ იყო მიმართული, რაც პარიზელთათვის მისაღებია. მაგრამ მასაც მძიმე ხასიათი ჰქონია. „მაინცში“ მუშაობისას ფეხბურთელები თურმე ბუზღუნა და ჭირვეულ დიქტატორს ეძახდნენ. „დორტმუნდიდან“ კი გაზაფხულზე წამოვიდა ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო. მას კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში ჩარევა სურდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
ვითომ ასეთი კაცი იმუშავებს ნეიმართან?