ლეო მესის ამბავი ასეა: მაღაზიაში ჩავა — ტელევიზორში ან ინტერნეტშია; ბავშვს დაბადების დღის ცენტრში წაიყვანს — ისევ იქაა; ვიღაცას მიესალმება — წერენ; ვიღაცას ვერ იცნობს — ამასაც წერენ…

აი, გუშინ არგენტინელს მოსკოვში რა მოუვიდა: სასტუმროში მასთან ახალგაზრდა მივიდა, სელფი გადავიღოთო. მესიმაც გადაიღო, თავის გზაზე წავიდა და… დრო რომ გავიდა და სოციალურ ქსელებში შეიხედა, აღმოაჩინა რომ ამ ბიჭს იცნობს. ეს ხომ მისი თანამემამულე სებასტიან დრიუსია, პეტერბურგის “ზენიტის” თავდამსხმელი.

“ძალიან ცუდად გამოვიდა, კაცს პირადად ვიცნობ და ვერ მივხვდი რომ ის იყო. ფოტოს გადაღება რომ მთხოვა, ვიფიქრე ერთ-ერთი გულშემატკივართაგანია, მეთქი. მერე მოვუბოდიშე”, — თქვა შემცბარმა მესიმ.

როგორც მოგახსენეთ, არგენტინის ნაკრების კაპიტანი შეცდომას მაშინ მიხვდა, როდესაც დრიუსის ინსტაგრამი ნახა და… “ზენიტის” ფორვარდს ბოდიში მეილით გაუგზავნა.

“ალბისელესტე” ხვალ, 11 ნოემბერს, ამხანაგურ შეხვედრაში რუსეთის ნაკრებს ხვდება.