საქართველოს ნაკრები თბილისის ზღვაზე, „ზესტაფონის“ სავარჯიშო მოედანზე ორი ამხანაგური მატჩისთვის ემზადება. 10 ნოემბერს ჩვენები გორში კვიპროსს უმასპინძლებენ, ხოლო 13-ში ქუთაისს ბელარუსი ეწვევა.

ვლადიმერ ვაისი ნაკრებს კვიპროსთან და ბელარუსთან მატჩებისთვის თბილისის ზღვაზე ამზადებს

კვიპროსთან და ბელარუსთან თამაშისთვის ვაისმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ცხადია, შემადგენლობას ოპტიმალური არ ეთქმის, ტრავმისა თუ სხვა მიზეზების გამო გუნდს ჯანო ანანიძე, ლევან მჭედლიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, საბა კვირკველია აკლია, ამათ ნაცვლად კი ვაისის რჩეულთა სიაში ნაკრებში ნაკლებად გამოცდილ ფეხბურთელებს შეხვდებით.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა (უკლუბოდ), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვეიქსი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი)

მოახლოებულ ორ მატჩამდე კი ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა, შეთავაზებულ ახალ კონტრაქტზე თანხმობა დაადასურა და სხვა ეს თქვა:

ნიკა კვეკვესკირი შორიდან გორშიც დაარტყამს და ქუთაისშიც

– სწორედ კვიპროსისა და ბელარუსის დონის გუნდებთან მოგვიწევს გაისად, ერთა ლიგის გათამაშებაში დაპირისპირება. შესაბამისად, ამ გუნდებთან მატჩები ჩვენთვის სასარგებლო იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთი წლის კალენდარი და შესაბამისად მოსამზადებელი ეტაპიც მომზადებული გვქონდეს.

– ამ ეტაპზე ნაკრებში რამდენიმე ახალი ფეხბურთელია – სიხარულიძე, ლობჟანიძე, პაპუნაშვილი. ესენი და კიდევ სხვები ნაკრების მომავალს წარმოადგენენ, ამიტომაც საჭიროდ ჩავთვალე საქმეში მათი ნახვა. არაბული დუბაის შეკრებაზე გვყავდა, ამჯერად კი მისი გამოძახება საჭიროდ არ ჩავთვალე.

– ცხადია, საბა კვირკველია ჩვენი გუნდის წევრია, მისი შესაძლებლობები კარგად ვიცი. ნაკრებში მისი არყოფნის მიზეზი ტრავმაა, თანაც საბა ცოტა გადაღლილია, ბოლო პერიოდში კლუბში დიდი დატვირთვა ჰქონდა.

– ჩემთვის მთავარია, როგორ სპორტულ ფორმაშია ფეხბურთელი კონკრეტული მატჩისთვის. ვფიქრობ, რომ გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ზე-პროფესიონალი ფეხბურთელები და ქვეყნის პატრიოტები არიან.

ჯაბა კანკავა (ბურთით) და გურამ კაშია

– გვსურს, რომ საქართველოს ნაკრები ქვეყნის სხვა ქალაქებში ნახონ. ამიტომაც დაინიშნა მატჩები გორსა და ქუთაისში. იმედია, თამაშებს ბევრი ქომაგი დაესწრება.

– ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა საგოლე მომენტების გამოუყენებლობაა, რაზევ მომავალში ყურადღების გამახვილება გვმართებს.

აღვნიშნოთ, რომ აქამდე საქართველო კვიპროსის გზები სამჯერ გადაკვეთილა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში კუნძულელებმა ჩვენები 2009 წელს 2:1 დაამარცხეს, იმავე შესარჩევის 2008 წლის თბილისური მატჩი კი 1:1 მორჩა. უფრო ადრე, 2004-ში, ამხანაგური თამაშიც იყო, რომელიც ასევე კვიპროსელებმა მოიგეს – 3:1.

ბელარუსთან საქართველოს ორი, ორივე ოფიციალური მატჩი აქვს ნათამაშები. 2012 წელს თბილისში ჩვენებმა 1:0 იმარჯვეს, მინსკში კი 0:2 წააგეს.