გვაჯობეს უხეშობაში, გვაჯობეს პროვოკაციებში და გვაჯობეს ანგარიშშიც. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ცუდად დაიწყო, მასპინძელ ბოსნიასთან 0:1 წააგო და შანსი იმისა, რომ ჯგუფის ორ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდეს, ძალიან შეიმცირა.
მცირე იმიტომ არის, რომ ბოსნიისა და ანდორის გარდა, ჯგუფში გვყავს საფრანგეთიც. ჯერ ანდორას ვხვდებით, მერე საფრანგეთს და ორივე უნდა მოვიგოთ.

გიორგი ყიფიანის ნაკრებს თავიდან ტუზი დაეცა, რაკიღა რუმინელმა მსაჯმა ავრამმა ბოსნიელები ათი კაცით დატოვა. უხეშობდნენ ბოსნიელები და პასუხიც მიიღეს, მაგრამ ვაი, რომ საჩუქარი ვერ შევირგეთ.
51წუთი თერთმეტი ათზე ვეთამაშებოდით და ვერ გავუტანეთ, მერე კი გიორგი კუცია გაგვიძევეს და აქეთ გავუშვით. ბოსნიელმა გაზიბეგოვიჩმა ისეთი სოლო წამოიწყო და ისე დაასრულა, ვარსკვლავი მარჯვენაფლანგელებიც ხელს მოაწერდნენ. ბოლოს მაღალ კუთხეში ჩააჭედა ბურთი და იმედებიც მოგვიკლა.
ეტყობა, მეტი არ შეგვიძლია. ღარიბი შესაძლებლობის მქონე ნაკრებს ვუყურებდით. ჯგუფის მეორე თამაშში საფრანგეთმა ანდორა არ დაინდო – 7:0. ჩვენ კი მეორე ტურში ანდორას ვხვდებით. ეს 11 ნოემბერს.

ბოსნია – საქართველო 1:0

გოლი: 1:0 გაზიბეგოვიჩი (87)

საქართველო: გუგეშაშვილი, მალი, ასათიანი, ჯინჯოლავა, ხარაბაძე, ნინუა, დარცმელია, კუცია, ქოჩორაშვილი (კვარაცხელია 90), ზარიძე (დავითაშვილი 65), ქავთარაძე (ინჯგია 82)

გაფრთხილება: შაბანაჯოვიჩი (2), დანილოვიჩი, მალი, ასათიანი

გაძევება: შაბანაჯოვიჩი (16), კუცია (66)

მსაჯი: მარიუშ ავრამი (რუმინეთი)