„სარბიელი“ ადრეც წერდა, რომ წლევანდელი ზაფხულის სატრანსფერო კამპანიამ ახალ, ერთობ სახიფათო ტენდენციას დაუდო სათავე, რომელიც შესაძლოა, კლუბების მეპატრონეების მხრიდან უკონტროლო ფინანსების ხარჯვამდე მივიდეს და ამას ვერც უეფას ფეარ პლეის პრინციპი და ვერც სხვა სამართლებრივი ინსტიტუტები უშველის. აგერ ბატონო, ვნახოთ ქვემოთ ჩამოთვლილი ფასები და დავწმუნდებით რა მდგომარეობაშია ბაზარი.
საფეხბურთო ობსერვტორიამ (CIES) ახალი დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი კლუბი „სიტია“. პრემიერლიგის ლიდერი კლუბის ფეხბურთელების საერთო სატრანსფერო ღირებულება 1 მილიარდს აჭარბებს. „სიტის“ გარდა მილიარდერთა შორის „ტოტენჰემი“, „ბარსელონა“ და „ჩელსი“ მოხვდნენ.

„სიტის“ ოთხი ისეთი მოთამაშე ჰყავს, რომელთა ღირებულება 100 მილიონ ევროს აღემატება: კევინ დე ბრუინი (145 მილიონი ევრო), ლეროი სანე (119 მილიონი), რაჰიმ სტერლინგი (118) და გაბრიელ ჟესუსი (105). საერთო სატრანსფერო ფასი კი 1,2 მილიარდი ევროა.
ობსერვატორების თქმით. ამ მხრივ „ტოტენჰემს“ 1.17 მილიარდი ევროს ღირებულების მოთამაშეები მოუგროვებია. პრემიერლიგის მთავარი ვარსკვლავი ჰარი კეინი 186 მილიონი ღირს, 21 წლის დელე ალის ფასი გასულ კვირას, მადრიდის „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ გაზრდილა და 181 მილიონი გამხდარა. დანიელი კრისტიან ერიკსენი 104 მილიონი ღირებულა, კორეელი სონი კი – 67 მილიონი.

„ბარსელონას“ ბიჭები 1.13 მილიარდად შეუფასებიათ. აქ ყველაზე ძვირი ურუგვაელი ლუის სუარესი ყოფილა 134 მილიონი, ლეო მესისთვის კი 117 მილიონი უკმარიათ.
„ჩელსის“ ფეხბურთელების მაზანდა 1, 04 მილიარდია.
წყარო იტყობინება, რომ გასულ კვირას „მანჩესტერს“ „ჩელსისთან“ რომ არ წაეგო, ალბათ ისიც გაერეოდა მილიარდერების მარაქაშიო. თუმცა მათ ჰყავთ ბელგიელი რომელუ ლუკაკუ, რომელიც 165 მილონი ღირს და ამ მაჩვენებლით თვით კრიშტიანუ რონალდუსაც კი უსწრებს.
რონალდუ ვახსენეთ და მისი ნიხრი „ოდენ“ 95 მილიონი ყიფილა. მთლიანად მადრიდის „რეალის“ ამქრის კი 903 მილიონი ევრო.
უცნაურია, ამ ჩამონათვალში „პარი სენ ჟერმენი“ რომ არ ჩანს. მაშინ, როცა მარტო ნეიმარის ფასი 218 მილიონია. საქმე ის არის, რომ პარიზელი ფეხბურთელების ჯამური ღირებულება 864 მილიონი ყოფილა.
საფეხბურთო ობსერვატორია მკვლევართა ჯგუფია, რომელიც ფეხბურთის სტატისტიკური ანალიზის განხრით მუშაობს და ტრანსფრების ღირებულებებს მეცნიერულად აფასებს.