როგორც ჩვეულებრივ ხდება, არგენტინაში, სანაკრებო შეკრებაზე ჩასულმა ხავიერ მასკერანომ ინტერვიუები დაარიგა. TyC Sports-თან საუბარში “ბარსელონას” მცველმა თავის მომავალზე ილაპარაკა. მან თქვა: “ჩემი ამოცანაა ვიყო ბედნიერი, ხოლო ამისათვის რა ნაბიჯს გადავდგამ, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ წავა საქმეები”.

ESPN-თან ინტერვიუში მასკერანო “ბარსელონაში” სათამაშო სისტემის ცვლილებასა და ბოლოხანს კატალონიაში დატრიალებულ ამბებს შეეხო. მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს ტაქტიკური სვლები არგენტინელმა ასე ახსნა:

“გუნდიდან ნეიმარის დონის ფეხბურთელის წასვლა, ღრმა კვალს ტოვებს. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო. ნეიმარის გარეშე იძულებულები გავხდით სხვა სისტემაზე გადავსულიყავით. მართალია, კლუბმა ბრაზილიელის შემცვლელად ოსმან დემბელე იყიდა, მაგრამ ის მალე დაშავდა და ვერაფრის დამტკიცება მოასწრო. დემბელეს ტრავმა მოულოდნელი, სერიოზული პრობლემა გამოდგა. მეორე მხრივ, ჩვენ არ გვაქვს უფლება გამოსავალი ვერ ვიპოვნოთ და თავის მართლებას მივყოთ ხელი”.

მასკერანოს ლეო მესიზეც ჰკითხეს. აინტერესებდათ, რატომ თამაშობს ის უფრო ლაღად “ბარსელონაში”, ვიდრე არგენტინის ნაკრებში.

“ბარსელონას” თამაშის სტილი წლობით ყალიბდებოდა, — უპასუხა ვეტერანმა — მაგალითად, ინიესტა 12 თუ 14 წელიწადია, რაც მესის გვერდით თამაშობს, ბუსკეტსი და პიკე 10 თუ 11. არც ის იქნება სწორი, ერთი გუნდისგან მეორის მსგავსად თამაში რომ მოითხოვოთ. “ბარსელონას” მსგავსად ესპანეთის ნაკრებიც კი არ თამაშობს, რადგან ოთხი ფეხბურთელი ამ გუნდიდან ჰყავს, ოთხი კი მადრიდიდან.

შემდეგი კითხვა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს ეხებოდა. მასკერანომ უპასუხა:

“ვფიქრობ, კარგ ფორმაში ვარ და რუსეთში თამაშს შევძლებ. ჩემპიონატზე რომ ჩავალთ, მკაფიო წარმოდგენა უნდა გვქონდეს რა გვინდა და როგორი ფეხბურთის ჩვენებას ვაპირებთ. ის, რომ ცნობილი ფეხბურთელებით ვართ დაკომპლექტებული ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია სათამაშო სისტემებიც, დანარჩენი კი შეჯიბრების მსვლელობისას გამოჩნდება. პირველივე შეხვედრაში საუკეთესო ფეხბურთს ნუ მოგვთხოვთ. რაც შემეხება პირადად მე, თუ მწვრთნელი რუსეთში არ წამიყვანს, მაშინ სანაკრებო კარიერას ახლავე დავასრულებ. აშკარაა, რომ ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა”.

და ბოლოს კატალონიის შესახებ.

“იქ ყველა ცდილობს გაერკვეს, რა ხდება. ბარსელონაში უამრავ ადგილობრივთან მაქვს ურთიერთობა. ფეხბურთთან დაკავშირებულ ხალხს არ ვგულისხმობ. ბევრი კატალონიელი მეგობარი მყავს. ყველას უნდა კატალონიისა და ცენტრალურ მთავრობებს შორის დიალოგი შედგეს და ორივე მხარისთვის სასარგებლო შეთანხმება გამოინახოს. დღეს ხალხი ორად არის გაყოფილი: დამოუკიდებლობის მომხრეებად და მოწინააღმდეგებად. ჯერჯერობით, ყველა თავისკენ ექაჩება“ — თქვა მასკერანომ.