რთულია მოიძებნოს საჭადრაკო ტურნირისთვის ისეთი მშვიდი და სასიამოვნო გარემო, როგორიც საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე იყო. ევროპის გუნდურ ჩემპიონატს, რომელიც სასტუმრო კომპლექს “კრეტა მარისში” მიმდინარეობდა, მე-6 ტურიდან შევუერთდი. სწორედ ეს ტური იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ჩვენი ქალთა ნაკრებისთვის- იბრძოლებდნენ თუ ვერა ჩემპიონობისთვის.

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები, მთავარი მწვრთნელი ელიზბარ უბილავა და მისი თანაშემწე, ინდოელი ადიბანი.    ფოტო ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდიდან

იმ დღეს ჩვენები უკრაინელებს ხვდებოდნენ, რომლებიც მედლებისთვის ბრძოლაში ჩვენს ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად ითვლებოდნენ. ასევე ერთ-ერთ კონკურენტს, პოლონეთს ეთამაშებოდა რუსეთი, ვისთანაც ჩვენ უკვე წაგებული გვქონდა, მაგრამ საკმარისი იყო მათი ფეხის დაცდენა და საქართველო უკეთესი კოეფიციენტის წყალობით ისევ პირველ ადგილზე გადაინაცვლებდა. ჩვენს შეხვედრაში ნანა ძაგნიძემ, ბელა ხოტენაშვილმა და ლელა ჯავახიშვილმა პარტიები ყაიმით დასრულეს, ნინო ბაციაშვილმა კი შავი ფიგურებით მოუგო ჟუკოვას და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოგვიტანა. პარალელურად, რუსეთსა და პოლონეთს შორისაც 3 ყაიმი იყო ნათამაშევი და ბოლო დაფაზე პოლონელ კულონს რუს გორიაჩკინასთან საკმაოდ დიდი უპირატესობა ჰქონდა. ენდშპილში პოლონელს პაიკიც მეტი ჰქონდა და მოსაფიქრებელი დროც, მაგრამ სწორი სვლა ვერ დაინახა და პარტია ყაიმით დაასრულა. საბოლოოდ, რუსებს 1 ქულამდე მივუახლოვდით, მაგრამ სიტუაცია უკვე ძალიან გართულებული იყო, რადგან უძლიერესი მეტოქეები მათ მოშორებული ჰყავდათ და შედარებით სუსტებთან უწევდათ ბოლო 3 ტურში თამაში. ასეც მოხდა – ბოლო დღეებში სამივე მეტოქეს დიდი უპირატესობით აჯობეს და ჩვენ საბრძოლველად მხოლოდ ვერცხლის მედლები დაგვრჩა.

ბელა ხოტენაშვილი და ლელა ჯავახიშვილი

ესპანეთთან მეშვიდე ტურში 4:0 მოგების მერე ისე ჩანდა, რომ დიდი ნერვიულობა არც ჩვენ მოგვიწევდა, მაგრამ პოლონეთთან მარცხმა სიტუაცია შეცვალა. მართალია, მეორე ადგილზე დავრჩით, მაგრამ ეს მხოლოდ უკეთესი კოეფიციენტის ხარჯზე მოხდა, რადგან ქულებით მეტოქე გაგვითანაბრდა და ბოლო ტურში იტალიასთან აუცილებლად უნდა მოგვეგო. საბედნიეროდ, ჩვენმა გოგონებმა მოიკრიბეს ძალები და 3.5 : 0.5 მოიგეს და 14 ქულა მოაგროვეს, რითიც ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. აღსანიშნავია, რომ მესამე და მეხუთე დაფებზე ოქროს მედლები მოიპოვეს ბელა ხოტენაშვილმა და სალომე მელიამ. მეოთხე დაფაზე კი ლელა ჯავახიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ნინო ბაციაშვილი

ბოლო ტურში გაიმარჯვა კაცთა ნაკრებმაც, რომელმაც ფინეთს სძლია და 9 ქულით მე-19 ადგილზე გავიდა. გამარჯვება კი აზერბაიჯანის ნაკრებმა მოიპოვა. ჩვენს მეზობლებს შორის საუკეთესო იყო მეოთხე დაფაზე მოთამაშე რაუფ მამედოვი, რომელმაც სასწაული შედეგი დააფიქსირა – 9 შეხვედრიდან 8 ქულა მოიპოვა. განსაკუთრებით გამოსარჩევი მისი ბოლოსწინა ტურის შეხვედრა იყო რუს დანილ დუბოვთან, რომელიც აზერბაიჯანელმა ულამაზეს სტილში მოიგო.

ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საქართველოს ქალთა ნაკრების ანგარიშზე უკვე 7 მედალია – 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. კაცებს კი, ჯერჯერობით, მხოლოდ 1 ბრინჯაოს მედალი აქვთ მოპოვებული.

ტურნირის დასრულების შემდეგ ჭადრაკის ფედერაციის პარტნიორის, კომპანია „სოკარის“ ფეისბუქ-გვერდზე პირდაპირ ჩართვაში ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ დადებითად შეაფასა ქალთა გუნდის გამოსვლა და განაცხადა, რომ ორივე ნაკრებისთვის მთავარი მიზანი ახლა მომავალი საჭადრაკო ოლიმპიადისთვის მომზადებაა, რომელიც 2018 წელს ბათუმში გაიმართება.