რა ქნას კაცმა?

ახლა კრივი ტელევიზიას უპყრია. თუ კრივი გიყვარს, ფასეულ ორთაბრძოლას ტყუილად ეძებ შენი ქალაქის სპორტულ ადგილებში. კედლებზე აფიშები არ არის. იმისათვის, რომ ჩხუბს უყურო, ფული უნდა გადაიხადო. რა თქმა უნდა, ტელეკაბელი ისედაც უნდა გქონდეს სახლში, მაგრამ დიდი კრივი თუ გწყურია, თანხას უნდა გამოხვიდე, რათა დაუშიფრავი ტაისონ-ჰოლიფილდი მიიღო. ეიჩ-ბი-ოუ, შოუთაიმი და იესპიენი გულს არ დაგწყვეტენ.

კრივის მექა და მედინა დღეს ლას ვეგასი და ატლანტიკ სიტია. დიადი ბრძოლა ამ აფერადებული ქალაქ-სამორინეების პრეროგატივაა. კრივის ყველაზე დიდი ფული მძიმე წონაში ტრიალებს. კრივის აღიარების მთავარი მიწა ამერიკაა, თუ იქ არ გიჩხუბია, თუ იქ პრესტიჟული ვერსიის ქამარი არ შემოგირტყამს, თუ იქაურ მაყურებელს თავის ტელეარხზე არ უნახიხარ, იქაური მედია დუმს.

აი, გადაფურცლე ჟურნალი „რინგი“, ნიუ იორკში რომ იბეჭდება აგერ უკვე 75 წელიწადია და კრივის „ბიბლიად“ რომ არის სახელდებული. ამ ჟურნალში ბევრი რამ არის საინტერესო, მოკრივეთათვის კი მნიშვნელოვანი ერთია: რეიტინგების ფურცელი, რომელიც მათ ადგილს განსაზღვრავს საუკეთესოთა ათეულში. ადრე რეიტინგებს ძველი ოღრაში ნატ ფლეიშერი ადგენდა. ის თავის ჭკუაზე ალაგებდა სიას და მოკრივეებს თავის დაკრულზე აცეკვებდა. ახლა მათი შემდგენი რედაქტორი სტივ ფარჰუდია, მაგრამ ფლეიშერული კუდები მაინც დარჩენილა.

ამერიკის ელიტარული საკრივო მედია ცნობს მსოფლიო კრივის სამად-სამ დაწესებულებას: ფედერაციას (იბფ), ასოციაციას (ვბა) და საბჭოს (ვბკ). თუ უცხოქვეყნელი ამ სამ ვერსიაში არ იღვწის, ის გინდ მუჰამედ ალი და შუგარ რეი რობინსონი იყოს, კეთილ სიტყვას ვერ ეღირსება. თუ კაცს სამარადისო საკრივო სახელზე აქვს პრეტენზია ესეც უნდა გაითვალისწინოს: სასურველია, მან ამერიკაში იჩხუბოს, ვეგასში, ატლანტიკ სიტიში, ან სულაც ბოლო ხანს წამოქაჩულ მედისონ სკვერში. ეფექტურად იმარჯვოს და მისი გამარჯვება განთქმული კაბელებით გადაიცეს, სხვაგვარად, ამერიკული აღიარება არ მოვა.

და რა ქნას კაცმა, რომელიც სულ 55 კილოგრამს იწონის, ამერიკაში ჯერაც არ უჩხუბია, თავი კი მსოფლიოს უძლიერეს მოკრივედ და ჩემპიონად მიაჩნია?

მან ამერიკა უნდა დაიპყროს. ოკეანე გადაცუროს და იქაც თქვას თავისი სიტყვა.

ნასიმ ჰამედიც ასე იქცევა.

პრინცი გისმენთ

მან თავად მოიგონა საკუთარი მეტსახელი. ერთ მშვენიერ დღეს გამოაცხადა: მე უფლისწული ვარო. იმ დღიდან მოყოლებული, ტელეფონის ზარს სხვაგვარად არც პასუხობს.

„პრინცი ნასიმი გისმენთ“ – მედიდური ბიჭი ჩანს, არა?

თავმდაბლობას ყველას ვერ მოსთხოვ, მითუმეტეს, ერთ სიღარიბეში გაზრდილ ბიჭს, რომელმაც მუშტების ქნევით იშოვნა ფული.

ახლა ნასიმ ჰამედი (მეგობრებისთვის უბრალოდ ნაზი) ლონდონის არისტოკრატულ უბანში ცხოვრობს, მთელ საგვარეულო კლანს ინახავს და კისერი და თითები ოქროს სამკაულებით აქვს მორთული. დიდი ლიმუზინით დაბრძანდება და ძნელად რომ რამე ღონისძიებას გამოაკლდეს.

„მე ვარ პრინცი ნასიმ ჰამედი, უდაბნოს ქარიშხალი, საშიში ლეოპარდი, შხამიანი სულთანი, მე ვარ ანაკონდა, ჩემი წაქცევა შეუძლებელია, ჩემი გაჩერება ორჯერ მეტად შეუძლებელი“, –  ასე ამკობს საკუთარ თავს ნაზი.

თაროებზე კი სქელი წიგნები აწყვია: „ნასიმ ჰამედის ცხოვრება და ბრძოლები“, „პრინც ნასიმის თავგადასავალი“, „ნასიმ ჰამედის ქარიშხლიანი დღეები“ და ა.შ.

აბა, სადღაა საწყალი იემენელი ემიგრანტის შვილის დუხჭირი ყოფა. იემენიდან საშოვარზე წამოსული ღარიბი კაცის უდიდესი წარმატება და სიხარული ის იყო, რომ მუდმივი სამუშაო ადგილი ჰქონდა, მეფოლადის შრომა ძნელი იყო, მაგრამ უფროს ჰამედს ცხრა შვილი უნდა გაეზარდა და დაეყენებინა გზაზე.

„ჩემი ოთხი ძმა და ოთხი და კარგად ცხოვრობს. ყველას კარგი მანქანა და კარგი სახლი აქვს. ალაჰს ვმადლობ, რომ ჩვენი ცხოვრება ასე აეწყო”, – უხარია ნაზს.

ნასიმ ჰამედი ბრიტანეთის სამეფოს ქვეშევრდომია, აქ არის გაზიდილი და სამშობლოდაც კუნძული უჩანს. მაგრამ ის არაბია, სამოქალაქო ომებით ტანჯული პატარა და საოცარი ქვეყნის შვილი და არასოდეს ივიწყებს ამას. უფრო მეტიც, ის მთელი არაბეთის სიამაყეა, მთელი მაშრიყი მისი ქომაგია. აი, ეს პლატინის მაჯის საათი ყატარის მეფის სახსოვარია, ეს ბეჭედი რომელიღაც შეიხმა წაიძრო თითიდან, იემენის პრეზიდენტი კი ყოველი ბრძოლის წინ ურეკავს და ამხნევებს. მან „მერსედესი“ და ვილა აჩუქა ნაზს. მოკლედ: „მე ვამაყობ, რომ არაბი ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ბრიტანელად მიცნობენ“. იცით, რას ყვებოდა ერთი ამერიკელი ჟურნალისტი? ნასიმ ჰამედთან ერთად რომ მვაბიჯებდი ლონდონის ქუჩებში, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ 60-იანი წლები იყო და მე მიკ ჯაგერის, ან მაკარტნის გვერდით ვიყავი, ხალხი გასაქანს არ გვაძლევდა და მას გულიანად და სიყვარულით ესალმებოდაო.

ასე რომ, ნამის ჰამედი გმირია.

დღევანდელი ბრიტანეთი ვერ დაიკვეხნის დიდი მოკრივეებით. ხალხს ბრიტანელი მძიმეწონოსნები ძირითადად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნახავს (გამონაკლისი ლენოქს ლუისია), აქ კი უცებ ნასიმი, გამომშრალი ბუმბულისწონოსანი, რაც 126 ფუტს (1ფ=454 გრ) გულისხმობს, რომლის მძლეველიც ამ პატარა წონაში არ მოიძებნება. უფრო მეტიც, ასეთი ქარაშოტი რინგზე ძალიან იშვიათად ყოფილა. ბიჭი, რომელსაც „ადიდასის“ შორტები აცვია, ოღონდ „ადიდასი“ საგანგებო, პრინცის შესაფერისია – შორტი ლეოპარდის ტყავისგანაა შეკერილი. ნასიმ ჰამედ – ვეფხისტყაოსანი.

რამ გადარია ბრიტანული პუბლიკა ამ წრიპა ჩემპიონზე?

ქორეოგრაფია

მაშ ასე. მან ჩაატარა 29 ბრძოლა პროფესიულ რინგზე და 29-ვე მოიგო. ამით მას ხვდა ამერიკელთათვის სრულიად არაფრისმთქმელი ორგანიზაციის (ვბო) ქამარი და წლეულს ტომ „ბუმ-ბუმ“ ჯონსონის ძლევისთვის მიღებული ფედერაციის ქამარი. ეს ნორმალური მაჩვენებელია, მაგრამ კრივის მთავარი საზომი დროა. რამდენჯერ დაიცავ ტიტულს? რამდენ ხანს შეინარჩუნებ მოოქროვილ სარტყელს? საქმე ეს არის. 26 გამარჯვებიდან 24 ნოკაუტი თავისთავად, ესეც დიდებული რამ არის, მაგრამ ქვეყნად დაიარება ასობით მოკრივე, რომლებსაც მასზე ათჯერ მეტი გამარჯვება აქვთ და ამათ შორის უმრავლესობა ნოკაუტით. თუმცა, ამათი სახელი არა კაცს არ გაუგია. ასეთი ვაიგლადიატორები თავიანთ „ჭე“ კლასში ტრიალებენ და კეტჩისტთა დარად, მონიკელებული, შაურიანი ქვებით შემკულ ქამრებს ჯერდებიან.

აქ მთავარი დონეა. პრინც ნასიმ ჰამედი კი ძალიან მაღალი დონის მოკრივეა. შევეცადოთ ჰამედის კრივის აღწერას:

რიგზე ადგამს თუ არა ფეხს, პრინცი ათმაგად ამბიციური ხდება. წარმოგიდგენიათ მედიდური გრიგალი? ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. გრიგალს მედიდურობის დრო არა აქვს. სამაგიეროდ არსებობს რინგზე. ნასიმ ჰამედის ყოველი მოძრაობა რინგზე თითქოს სიდიადისკენ მავალ გზაზე დაკიდებული ბოქლომების მტვრევაა. მისი მოწინააღმდეგენი ისე ცვივიან ორმოში, თითქოს კვალიფიციური მოკრივენი კი არა, კეგლის მძიმე ბურთები იყვნენ.

შემდეგი – სტილია. ვის მიაკუთვნებენ კრივის ქომაგები დიადთა რიგებს? პირველ რიგში იმათ, ვისგანაც მოულოდნელს მოელიან. ესე იგი, ისეთ მოკრივეებს, რინგზე რომ წამიერ ჯადოქრობას ატრიალებენ. და პირიქით, როცა ვინმეზე იტყვიან მოუქნელიაო, თვლიან, რომ ასეთ კაცს დიდ კრივში არაფერი ესაქმება. მოუქნელებიც მოულოდნელობასთან წილნაყარი ხალხია, მაგრამ მათი კრივი ჯადოქრობას ვერა სწვდება.

ნასიმი მოუქნელი არ არის, მისი მანერა კი საკმაოდ ძნელად აღსაქმელია. მთელს დუნიაზე არ არის ასე ექსცენტრიულად, შეუჩვეველი თვალისთვის შოკისმომგვრელად მოკრივე კაცი. ეს კომპიუტერულ თამაშ „გალაქტიკას“ ჰგავს, ეს ნამდვილი ავტომატის კაკანია.

შემოკრავენ თუ არა გონგს, ნასიმ ჰამედი კრაზანასავით სწრაფად და მოუსვენრად დასტრიალებს მოწინააღმდეგეს, უეცრად წინ გახტება და როცა გგონია, რომ წაიქცევა და კისერს მოიტეხსო, სწორედ ამ დროს დაბნეულ მეტოქეს უსწრაფესად დააყრის მუშტებს. შემდეგ უკან გახტება და კვლავ ზუზუნს იწყებს. კვლავ აწყდება რინგის კუთხეებს და უეცრად კვლავ მოახტება მსხვერპლს. ამგვარი რიტმი და ტემპი ძნელი გასაძლებია და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მეტოქეს ტვინსაც ულაყებს ხოლმე. ამიტომ, ნოკაუტები ხშირია.

ნასიმ ჰამედის მიერ დაჩოქებული კევინ კელი ამბობდა, ეგ მოკრივე კი არა, პროვოკატორია, დაცვა საერთოდ არა აქვსო. ეგებ ასეც იყოს, პრინცს დრო არ რჩება თავდასაცავად, რადგან ინიციატივა ყოველთვის მის ხელშია. თანაც, მისი მანერა თავისთავად გულისხმობს დაცვასაც. ისიც ფაქტია, რომ კელიმ გვარიანად აწვალა ნასიმი. ახლო შეტაკებაში პრინცს კარგა გვარიანად ხვდება, მაგრამ მისი ერთ-ერთი უძლიერესი იარაღი საშინელი კონტრშეტევაა.

როგორც თავად პრინცი ამბობს, არაფერია ერთდარტყმიან ნოკაუტზე უფრო ლამაზი და ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ მისი საკრივო სტილი უეცარი და სახელდახელოა.

„ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, დადგმულია. ეს ქორეოგრაფიაა. ხალხი უყურებს ჩემს  მოძრაობას. ეს არ არის კრივის სახელმძღვანელოებში ჩაწერილი მოძრაობები და ხალხი ფიქრობს, რომ მე ანგარიშმიუცემლად დავხტივარ. ეს ასე არ არის. თუ დამიჯერებთ, მე ზუსტად ვიცი, როდის რას ვაკეთებ. ყველა მოძრაობა წინასწარ არის განსაზღვრული. მე დღეში სამჯერ ვვარჯიშობ, კვირაში შვიდ დღეს“, – გვიხსნის ნასიმ ჰამედი.

მისი ამგვარად აგრესიული სტილი ეგებ იმის ბრალიც იყოს, რომ ბავშვობისას მექსიკელი და პუერტორიკოელი მოკრივეების ჩხუბის ცქერა უყვარდა. მაგრამ ნასიმი სხვას ფიქრობს, მას უნდა, რომ აგრესია და მოულოდნელობის ფაქტორი მანამდე არნახულ დონეზე აიყვანოს.

სიმაღლე 5 ფუტი და 3 ინჩი, გამხდარი სხეული, გარედან შეუმჩნეველი მუსკულატურა, ტაისონივით, ნერგის მსგავსი ფეხები. აბა, როგორ არ იტყვი, რომ ამ კაცს მოკრივისა ბევრი არაფერი სცხია?

და ჟურნალისტ ჯეი ლარკინის სიტყვები: „მე ვნახე წარმოუდგენელი რამ: მან იმ დროს ჩაგდო კაცი ნოკაუტში, როცა ცალ ფეხზე მდგომი უკან-უკან იხევდა“.

ეს ფანტასტიკაა.

და პრინცი ნასიმიც ამბობს: „ჩემი იდეალი მუჰამედ ალია. მე მისი სტილის დღევანდელ ბრძოლაზე მორგებას ვცდილობ“. ალბათ, გასაგებია.

მეფე ნიუ იორკში

ამერიკული საკრივო ელიტა როგორც არ უნდა იბღინძებოდეს, ხედავს – ნასიმს თავის წონაში ტოლი არა ჰყავს. ამ კაცზე საჭირო ფრომოუშენის შემხთვევაში დიდი ფული გაკეთდება. ამიტომაც, სასურველ კაცია და მის ბევრ ხუშტურს აასრულებენ. ნასიმ ჰამედმა აიტეხა, „რინგის“ ყდაზე თუ გინდათ ჩემი დახატვა, უეჭველად ორგანიზაციის ქამარი უნდა მქონდეს შემოგდებული მხარზეო.

„მე ვამაყობ ფედერაციის ჩემპიონობით, მაგრამ ორგანიზაციის ქამარი სულ სხვაგვარად მიყვარს. მე სულაც არ მაინტერესებს, ცნობს თუ არა თქვენი ჟურნალი ვბო-ს“ – თქვა პრინცმა და „რინგმაც“ დახატა ჩემპიონი ორგანიზაციის ქამრით.

ნაზი ყოველნაირად სასურველი კაცია ამერიკული კრივისთვის,უფრო სწორად კი, საკვირო მედიისთვის. ტელეკაბელები ოცნებობენ ასეთ ხალხზე და რაც უნდა საკვირველად დაგვირჩეს, მოკრივის ფული ბევრწლილად ჰკიდია ამერიკელის სახლში დადგმულ ტელევიზორზე. ჰონორარი ათმაგდება, თუ შენი ჩხუბით რომელიმე ტელეურჩხული დაინტერესდება. ჩვენი შეფილდელი მეფოლადის ვაჟის საქმე კი ასე იყო: მას კონტრაქტი ინგლისურ „სქაისთან“ ჰქონდა და ნასიმის ყოველი ჩხუბი, თუ ის ამერიკაში არ გაიმართებოდა, „სქაის“ უნდა გადაეცა. ნასიმი ბრიტანეთს გარეთ არა ჩხუბობდა და რომც ეჩხუბა ბრიტანულ ტელეეკრანზე მის ორთაბრძოლას უცხოური არხის ლოგოს გვერდით „სქაის“ ლოგოც უნდა ჰქონოდა. პრობლემა ერთი იყო, რომელ საათზე უნდა ეკრივა ნასიმს ამერიკულ რინგზე, რომ ინგლისელ ქომაგებს პირდაპირ ეთერში ემზირათ სასურველ დროს და არა დილის 4 საათზე?

აქ ფოსტის, ანუ ფულის საკითხი იდგა, ვინ გამოვიდა იმდენ ფულს, რომ „სქაი“ გაჩუმებულიყო.

ამ შემოდგომაზე ნასიმ ჰამედმა ბევერლი-ჰილსში გაინავარდა. იქ აპარტამენტი აიღო და ამერიკელებს დაენახა, აქა ვარო. ტელეკაბელების აგენტები დაეხვივნენ და საქმეც გაიჩარხა.

უახლოეს ექვს ჩხუბს ნაზი ამერიკაში გამართავს და მისი გმირობები ეიჩ-ბი-ოუთი გადაიცემა. კრივის ფრომოუშენი იმგვარი საქმეა, რომ ერთი ხელის დაკვრით არ კეთდება და კაცს გვარიანი ჭკუის განძრევა სჭირდება, რომ მილიონები კარგად დაატრიალოს. ეიჩ-ბი-ოუს მთავარი გმირი ნასიმ ჰამედი უნდა იყოს ამ ექვს ჩხუბში. მისი მარცხი არავის სჭირდება. თავად პრინცი კი ამბობს, რომ მისი დამარცხება წარმოუდგენელია, მაგრამ სიფრთხილეს, განსაკუთრებით ამერიკული პრემიერისას, თავი არ სტიკვა.

ხომ გახსოვთ ციხიდან გამოსულ ტაისონთან საჩხუბრად გამოსული მაკნილი?

ეიჩ-ბი-ოუმ 12 მილიონი დოლარი მისცა ნასიმ ჰამედს ამ ჩხუბში, მილიონი კი რეკლამაში გახარჯა. ლინკოლნის გვირაბის მთელ სიგრძეზე ნასიმის პლაკატებია გაკრული, ტაიმსკვერზე კი უშველებელი დაფა აღუმართავთ, რათა ნიუიორკელ კრივის ქომაგებს ბრიტანეთიდან მოვლინებული ქარბორბალა წარუდგინონ. ტელევიზორში და რადიოშიც ჰამედია…

ასე კეთდება საკრივო საქმე. სავარჯიშო დარბაზში პრინცთან მიდიან მაიკლ ჯექსონი და მსახიობი დენიელ დეი ლუისი.

„როგორ უნდა მოეგო ჩემთვის? – უკვირს ჰამედს, როცა თავის პირველ მედისონ სკვერ გარდენულ ჩხუბში ძლეულ კელის იხსენებს – ამერიკელებმა კრივი იციან, კელი ოდესღაც საბჭოს ჩემპიონიც იყო, მაგრას რას გახდება უდაბნოს ქარიშხალთან? მე მომეწონა მედისონში ჩხუბი“.

კელი ოდესღაც საბჭოს ჩემპიონი იყო. ის უბრალოდ კარგი მოკრივეა, ნასიმმა კი საქმე შეასრულა.

პრინც ნასიმ ჰამედი ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, ფილოსოფოსობას არ მისდევს, უბრალოდ დიდი მოკრივეა და არის რაღაც ძალიან უცნაური მის უსაზღვრო საკრივო საქმეში.

ასეა თუ ისე, მეფე ნიუ იორკშია.

უდაბნოს ქარიშხალი ამერიკას იპყრობს.

27.12.1997

წილი
წინა სტატიაკაცი ზის, სკამი არა ჩანს
შემდეგი სტატიაშოთა ლიგისთვის ემზადება
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.