ვინ მოსთვლის რამდენჯერ გვსმენია ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაიწუნა მავანმა მწვრთნელმა ახალგაზრდა ფეხბურთელი ფიზიკური მონაცემების გამო და მწარედ შეცდა. გასულა დრო და ყმაწვილისგან ვარსკვლავი დამდგარა, მისი დაწუნების ისტორია კი ანეკდოტად ქცეულა. ასეთი რამ ყველგან ხდება. ქართული ფეხბურთის ლეგენდას, დავით ყიფიანს, მაგალითად, ჭაბუკობისას უთხრეს, წადი “სკრიპკაზე” დაუკარი, ძვლებით სავსე ტომარა ხარო…
დაახლოებით, ასეთივე რამ გადახდენიათ ქვემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელებს, რომელთა ამბავიც ესპანურმა გაზეთმა “მარკამ” შეგვახსენა.
- როგორც ESPN ამბობს, 2013 წელს, “რეალის” ნახევარმცველის, ისკოს თამაში “მანჩესტერ იუნაიტედის” სკაუტებს უნახავთ და დაუწუნებიათ, ტანთან შედარებით დიდი თავი აქვსო…
- “ლიონმა” თავის დროზე ანტუან გრიზმანი ბანალური მიზეზის გამო არ აიყვანა — დაბალიაო.
- გაგიკვირდებათ და ჟორდი ალბა დაბალი ვარსკვლავებით ცნობილმა “ბარსელონამ” თავიდან თურმე სწორედ სიმაღლის, უფრო სწორედ სიდაბლის გამო დაიწუნა…
- 2009 წელს, ბრაზილიურმა “პალმეირასმა” კოლუმბიელ ხამეს როდრიგესს უყურა და… მსუქანი ფეხბურთელი რად მინდაო, გამოაცხადა. არადა, მას მერე ეს მსუქანი ხან “რეალშია” და ხან “ბაიერნში”.
- ლორენცო ინსინიეს სხვა პრობლემა ჰქონდა. ფიზიკურად სუსტია, ამისგან ფეხბურთელი ვერ დადგებაო, თქვეს “ნაპოლიში”, მაგრამ მერე მიხვდნენ რომ ცდებოდნენ.
- “რეალის” კოსტა რიკელ მეკარეზე, კეილორ ნავასზე მის სამშობლოში ამბობდნენ დაბალიაო და იწუნებდნენ. არადა, ნავასი სიმაღლით 185 სანტიმეტრია, არც ოსტატობა დაეწუნება და რაც ყველაზე საინტერესოა თავად კოსტა რიკის ნაკრებში 76 თამაში აქვს ჩატარებული.
- დავიდ სილვას “არსენალი” წლობით აკვირდებოდა. ბოლოს “მეთოფეებმა” ხელი ჩაიქნიეს, პრემიერლიგისთვის ძალიან სუსტიაო. რა გითხრათ, აგერ უკვე 7 წელიწადია “მანჩესტერ სიტიში” კი თამაშობს და…