მადრიდის “რეალს” მიმდინარე სეზონში გოლების გატანა უჭირს: 18 შეხვედრაში მხოლოდ 36-ჯერ შეაგდო. საშუალოდ, თამაშში ორი გოლი გამოდის. შარშან, ამ დროისთვის, “ლოს ბლანკოსს” 11-ით მეტი, 47 ჰქონდა გატანილი; თანაც სამი შეხვედრით ნაკლები ჩატარებული. ანუ, ერთი წლის წინ საშუალო მაჩვენებელი იყო 3,13.
ბოლო შეხვედრაში, “ტოტენჰემთან”, რომელიც მადრიდელებმა 1:3 წააგეს, მათ ცხრაჯერ დაარტყეს კარში და მხოლოდ ერთხელ შეაგდეს, ისიც შეხვედრის მიწურულს, როდესაც ლონდონელები უკვე 3:0-ს უგებდნენ.
მატჩის შემდეგ “რეალის” მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა თქვა: “ფრის შანსი გვქონდა, მაგრამ, როგორც ამ ბოლო დროს მოგვდის ხოლმე, ბურთი კარში ვერაფრით შეავგდეთ”.
სტატისტიკოსები ამბობენ, რომ ამ სეზონში მადრიდელები კარში უფრო იშვიათადაც ურტყამენ — მხოლოდ 131. კარში დარტყმების საშუალო მაჩვენებელია 7,27. შარშან ამ დროს იყო 8,13.
გოლი ყოველი 3,63 დარტყმის შემდეგ გადის. თორმეტი თვის წინ 2,59 დარტყმის შემდეგ გადიოდა.
შემცირდა სავარაუდო ბოლო (საგოლე) პასების რაოდენობაც. წლეულს, 18 მატჩში შესრულდა 21 ასეთი პასი, შარშან ნოემბრის დასაწყისში კი ასეთი გადაცემების რაოდენობა 15 შეხვედრაში 32 იყო — თერთმეტით მეტი.
18 შეხვედრიდან “ლოს ბლანკოსმა” მხოლოდ ოთხში გაიტანა სამი გოლი: ჩემპიონთა ლიგაში “დორტმუნდსა” და “აპოელთან”, ხოლო ლა ლიგაში “დეპორტივოსა” და “ეიბართან”.
“რეალ ბეტისთან” მადრიდელებმა საერთოდ ვერ გაიტანეს.