თითქმის მთელი ჩემპიონატი ლიდერობდა „მერანი“ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებას და ჰაეროვანი ჭენებით მიიწევდა მიზნისკენ. დაწინაურებულს, მოთმინებით და მგლის ალღოთი ედგა კვალში გამოცდილი ვარლამ კილასონიას „რუსთავი“ და დღეს გადამწყვეტი დარტყმაც მიაყენა კიდეც მეტოქეს – მინიმალური სხვაობით სძლია და შედეგად ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე სოლიდური, ოთხქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა, რისი აღმოფხვრაც მარტვილელთათვის თითქმის შეუძლებლად მოსჩანს… ფეხბურთი უპირველესად ქომაგისთვისაა და გულშემატკივართა თანადგომა რომ შეუცვლელია, ამ მატჩმაც ცხადყო. ლიდერთა შეხვედრას იმდენი მაყურებელი დაესწრო, ხშირად ლიგა ერთის მთლიან ტურსაც რომ არ ღირსებია.
„მერანს“ მარტვილელებიც მრავლად ჩამოყვნენ და შედეგად ოთხიათასამდე დამსწრემ მოიყარა „ფოლადზე“ თავი. ჩაკეტილ და ტაქტიკურ დაპირისპირებაში უპირატესობა რუსთაველებს ჰქონდათ, რაც მეორე ტაიმში უფრო საგრძნობი გახდა. მასპინძელთა გამოკვეთილ ლიდერ დათა სიჭინავას ორი ასპროცენტიანი საგოლე შანსი შეექმნა, თუმც ვერ იხეირა… სამაგიეროდ ფინალი გამოდგა სიჭინავასი – სწრაფი კონტრშეტევისას თავისსავე მოპოვებული პენალტი დათამ აუღელვებლად გამოიყენა და რუსთავული პუბლიკაც ერთგვარ ექსტაზში ჩააგდო… ეს სიჭინავას საამსეზონო 28-ე გოლი იყო, „რუსთავისთვის“ კი 99.9 პროცენტით ეროვნიული ლიგა 1-ში გადამყვანი…

სატურნირო ცხრილი
1 რუსთავი 33 24 5 4 69:24 77
2 მერანი 33 22 7 4 62:15 73
3 სიონი 33 18 5 10 50:40 59
4 გაგრა 33 15 4 14 42:33 59
5 ვიტ ჯორჯია 33 13 10 10 41:36 49
6 სამგურალი 33 15 4 14 44:43 49
7 გურია 33 10 4 19 42:63 34
8 ცხინვალი 33 9 6 18 55:74 33
9 ზუგდიდი 33 6 5 22 30:65 23
10 მეშახტე 33 5 6 22 29:71 21
დარჩენილი მატჩები
34-ე ტური, 16 ნოემბერი: მერანი – გურია; სიონი – რუსთავი
35-ე ტური, 21 ნოემბერი: რუსთავი – ვიტ ჯორჯია; სამგურალი – მერანი
36-ე ტური, 25 ნოემბერი: მერანი – ზუგდიდი; მეშახტე – რუსთავი