ეს შავგვრემანი და ეშხიანი არგენტინელი ლამაზმანი დღესაც ახსოვთ სპორტის ქომაგებს მიუხედავად იმისა, რომ ათი წელია, დიდი კორტზე არ გამოუნათებია. მხოლოდ 26 წლის იყო ჩოგბურთიდან რომ წავიდა და ათასობით მამრის გული და გონება წაიყოლა.

ქალთა ჩოგბურთი დღეს ასე პოპულარული რომაა, მისი, გაბრიელა საბატინის მოხდენილი და კოხტა სხეულის დამსახურებაცაა. მოკლედ, ის იყო ქალი კუნთმაგარ დედაკაცებში და მისი სურნელი მრავალს აბრუებდა. საკუთარი სუნამოც გამოუშვა და ესეც თითქოს სიმბოლური იყო.

ლამაზმანები ყველა ეპოქაში დომინირებდნენ კორტებზე, თუნდაც ანა კურნიკოვა გავიხსენოთ. მაგრამ საბატინის კურნიკოვასთან შედარება სირცხვილიცაა. გაბიმ, როგორც მას მოფერებით ეძახიან, ტუტუცურ კეკლუცობას არ გადააყოლა ჩოგბურთი. პირველი არასდროს ყოფილა, მაგრამ გამუდმებით პირველთა შორის ტრიალებდა, 1990 წელს კი ამერიკის ღია პირველობაც მოიგო.

ტრავმები და კარიერის ნაადრევად და ნაძალადევად დასრულება რომ არა, ვინ იცის, რამდენ სლემტიტულს წააყოლებდა ხელს.

ახლა ძალიან მოუცლელი ვარ და სასაუბროდ დიდი დრო არ მაქვს. არგენტინის ლამის ყველა კუთხე-კუნჭული შემომატარეს, მალე კი ევროპაშიც მომიწევს მოგზაურობა – გვითხრა გაბრიელა საბატინიმ, როდესაც რამდენიმე მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა, ინტერვიუს ასაღებად დავუკავშირდით.

არგენტინელთა უმშვენიერეს ლეგენდასთან ინტერვიუ ლამის მთელი თვე გაგვეჭიმა. პირველი დარეკვისას მხოლოდ სამ-ოთხ კითხვაზე გაგვცა პასუხი, მეორედ დაკავშირება კი ახლახან შევძელით.

 

. როდესაც პირველად დაგირეკეთ, გვითხარით, რომ სულ გზაში ხართ. ზაფხულს მოგზაურობაში ატარებთ?

. ასე გამოდის, მაგრამ დასასვენებლად რომ ვიყო, უბედნიერესი ადამიანი ვიქნებოდი. არგენტინაში გადაწყვიტეს, სამშობლოში პოპულარული სპორტსმენების შესახებ სერიალი გადაიღონ და მეც გადასაღებ მოედნებს ვერ მოვშორდი.

. გვესმის, რომ ეს ყველაფერი დამღლელია, მაგრამ სასიამოვნოც იქნება, როდესაც შენზე ფილმს იღებენ…

. რა თქმა უნდა, გსიამოვნებს, მაგრამ დამიჯერეთ, რამდენი დუბლიც დღეში მჭრდება, იმდენი რომ მევარჯიშა, ახლაც კორტზე ვიქნებოდი.

. სერიალი ბიოგრაფიულია?

. ასე გამოდის. თორმეტი სერია უნდა იყოს. პარალელურად სხვა გამოჩენილ არგენტინელ სპორტსმენებზეც იღებენ და ჩვენი ცხოვრება ერთ სერიალში იქნება თავმოყრილი. სერიალი კი არის, მაგრამ დოკუმენტური ფულმი უფროა.

. სხვა რომელ სპორტსმენებს იღებენ?

. რა თქმა უნდა მარადონას, დავიდ ნალბანდიანს, მანუ ჯინობილის… ახლა ყველა არ მახსენდება.

. გადაღებებზე ყველა ერთად ხართ?

. არა, თითოეულთან დამოუკიდებლად მუშაობენ, მერე ამ ყველაფერს დაამონტაჟებენ და პარალელებს გაავლებენ.

. გიჭირთ მსახიობობა?
. არც ისე, საკუთარი თავი უნდა ვითამაშო და ამაში ახალი არაფერია. თანაც, ჩემი ძმა ოსვალდო პროფესიონალი მსახიობია, რამდენიმე სერიალსა და ფილმში უთამაშია და რჩევებს არ მაკლებს. უბრალოდ, დამღლელია აქეთ-იქეთ სიარული. ახლა ვხვდები, რატომ უხდიან მსახიობებს ამხელა ფულს. ერთადერთი ნუგეში ისაა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებისას ყველა ტელევიზორთან ვართ და ამ დროს ვისვენებთ, თუ ამას დასვენება ჰქვია.

. რატომ, არგენტინის ნაკრები ხომ ჯერჯერობით კარგად მიდის…

. არგენტინა ყოველთვის მაგარია! უბრალოდ, ეს საათნახევარი ხანდახან ოცდაოთხ საათად მეჩვენება. მატჩების ყურებისას ისე ვნერვიულობ და იმდენ ენერგიას ვხარჯავ, რომ მერე ძილის მეტი არაფერი მინდა.

. გჯერათ, რომ არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონი გახდება?

. აუცილებლად! ახლავე ვთმობ ჩემს ყველა ჯილდოს ფინალში არგენტინის ერთ გოლზე მაინც. ერთს მესი გაიტანს, ერთსაც ტევესი და ალბათ, ეს საკმარისი იქნება ფინალის მოსაგებად.

. ალბათ. ისე, ვის ისურვებდით ფინალში არგენტინის მეტოქედ?

. აქ ყველას უნდა, რომ ფინალში ბრაზილიას შევხვდეთ, მაგრამ მე რომელიმე ევროპული ნაკრები, თუნდაც ესპანეთი მირჩევნია. მერე არანჩა სანჩეს-ვიკარიოს დავურეკავ, წაგებას მივულოცავ… ვხუმრობ, რა თქმა უნდა.

. როგორც ვიცით, მარადონასთან მეგობრობთ?

. დიახ, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. ასევე ვმეგობრობ სერხიო გოიკოეჩეასთან. გახსოვთ ეს მეკარე? ძალიან კარგი პიროვნებაა!
. დროა ჩოგბურთზე ვთქვათ. მოგწონთ თანამედროვე ჩოგბურთი?

. მომწონს, რადგან ტემპიც მეტია და უფრო ათლეტურიც გახდა. ყოველი შემთხვევისთვის, ჩემი დასაწუნი არაფერი სჭირს.

. თქვით, რაც გადასაღებ მოედანზე ვარ, ამდენი რომ მევარჯიშა, ახლაც კორტზე ვიქნებოდიო. თანამედროვე ჩოგბურთში თქვენს ადგილს ხედავთ?

. რატომაც არა! დღევანდელი ჩოგბურთი სისწრაფით და ათლეტურობით უსწრებს ათი წლის წინანდელს, თორემ სათამაშო სტილი დიდად არ შეცვლილა. საჩოგბურთო ელემენტებს ვგულისხმობ, რასაც ბადესთან გასვლა და უკნიდან დარტყმები ჰქვია. ამ კომპონენტებში მართლაც ძლიერი ვიყავი, შეტევა მიყვარდა, მეტოქის შეცდომას არ ველოდებოდი. ახლანდელი ჩოგბურთიც შეტევაა. ვერ ვიტყვი, რომ დიდ ტურნირებს ერთი მეორეს მიყოლებით მოვიგებდი, მაგრამ ახლა რომ კორტზე ვიყო, მგონი, არაფერს გავაფუჭებდი.

. ჩოგბურთიდან 26 წლისა წახვედით. დაბრუნება არ გიცდიათ?

. რომ არა ქრონიკული ტრავმა, დავბრუნდებოდი, მაგრამ რასაც ჩოგბურთის თამაში ჰქვია, ის მინდოდა და არა აქა-იქ ღლაბუცი.

. თანაც, მერე ბიზნესითაც დაინტერესდით…

. სუნამოებს გულისხმობთ?

დიახ.

ისე მოხდა, რომ ბიზნესში უფრო გამიმართლა, თუმცა ესეც ჩოგბურთმა მომცა. ჯერჯერობით კარგი ბოსი ვარ… კარგია, არა, როდესაც საკუთარი წარმატება ასე გიხარია?

იცით, რომ სუნამოების რეკლამირებისას თქვენი პოსტერები თბილისის ქუჩებშიც იყო გამოკრული?

მართლა? ძალიან კარგი, ესეც მოწმობს, რომ ყველგან მაგარი ვარ! ვხუმრობ, რა თქმა უნდა!

ვიცით, რომ ლეილა მესხის მეგობარიც ხართ?

თან ძალიან ახლო მეგობარი. მართალია ერთმანეთს ვეღარ ვხედავთ, მაგრამ ტელეფონით ყოველთვის ვიგებთ ერთმანეთის ამბებს. ლეილასთან დაუვიწყარი მატჩები მითამაშია. როგორი კარგი ჩოგბურთელიც იყო კორტზე, უკეთესი მეგობარია კორტს მიღმა. მგონი, მასზე დიდი ჩოგბურთელი არც გამოჩენილა თქვენს ქვეყანაში…

ერთსაც გკითხავთ: ვინ მიგაჩნიათ დღეს საუკეთესო ჩოგბურთელად?

ქალებში ჟუსტინ ენენი, კაცებში კი ყველა პროფესიონალი არგენტინელი. რა ვქნა, სხვას ჩემიანი მირჩევნია, ქალებზე კი ამას ვერ ვიტყვი, რადგან არგენტინაში ქალთა ჩოგბურთი კრიზისშია.

რატომ?

ამის ბევრი მიზეზი არსებობს. მთავარია, რომ ახლა მოდიან 12-13 წლის გოგონები, რომლებსაც დიდი ჩოგბურთის თამაში შეუძლიათ. ისინი მალევე უნდა წავიდნენ ევროპაში ან ამერიკაში, თორემ არგენტინაში არ არის საიმისო პირობები დიდ ჩოგბურთელად რომ ჩამოყალიბდე.

 

26.06.2006

წილი
წინა სტატიაარმაზიდან კარლაილამდე
შემდეგი სტატიაშეყვარებული მორატა 🎥
ბაჩო სვანიძე
ჟურნალისტობა ჟურნალისტობად და ბაჩო სვანიძე უბრალო, ალალი, კეთილი, ურთიერთობისთვის გახსნილი, ხალისიანი და ხალასი ადამიანი იყო. ალბათ ბევრისგან გაიგებთ, რომ ბაჩო მისი მეგობარი იყო და ეს ტყუილი არ იქნება. ბაჩოს მართლა შეეძლო ერთბაშად ბევრთან ემეგობრა და, რაც მთავარია, ეს მეგობრობა მხოლოდ ღიმილითა და ჭიქის აწევით კი არა, საქმით, გვერდში დგომით დაემტკიცებინა.