ინგლისურმა გაზეთმა „დეილი მეილმა“ „ტოტენჰემ ჰოთსპურისა“ და „რეალის“ შეხვედრიდან (3:1) რვა გარემოებას მიაქცია ყურადღება. ზოგი საქართველოშიც შევამჩნიეთ, ზოგზე არც კი დავფიქრდებოდით. ვფიქრობთ, ამ რვა პუნქტის ჩამოწერა ინტერესსმოკლებული არ იქნება.
- პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
მიუხედავად იმისა, რომ „დეილი მეილი“ ინგლისური გამოცემაა და „სფურზის“ გამარჯვებით ხარობს, ის ობიექტურობას ინარჩუნებს და ამბობს, რომ ლონდონელთა პირველი გოლის დროს თურქმა თანამსაჯმა ბაჰათინ დურანმა აშკარა ოფსაიდი ვერ შეამჩნია.

- სად იყო დელე ალი ზუსტად ხუთი წლის წინ?
„ტოტენჰემის“ ინგლისელმა ფეხბურთელმა, 21 წლის დელე ალიმ, რომლის სრული სახელია ბამიდელე ჯერმაინ ალი, „რეალის“ კარში ორი გოლი გაიტანა. ეტყობა, მისთვის 1 ნოემბერი ბედნიერი დღეა, რადგან ზუსტად ხუთი წლის წინ პირველად ეზიარა დიდ ფეხბურთს „დონზის“ შემადგენლობაში, ფეხბურთის ასოციაციის თასზე, „კემბრიჯ სიტის“ წინააღმდეგ. ის მატჩი 0:0 დასრულდა, მაგრამ ახალგაზრდა ბამიდელემ საპასუხო შეხვედრაში გოლიც გაიტანა — „დონზმა“ მოიგო 6:1.

- როგორ მღერის რონალდუ ჰიმნს
ამ ბოლო დროს „რეალის“ ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრების წინ საბრძოლო განწყობას ახლებურად იქმნის. „ტოტენჰემთან“ შეხვედრის წინ მან კვლავ ისეთი ენთუზიაზმით იმღერა ლიგის ჰიმნი, გეგონება სამშობლოსი ყოფილიყო.
- რონალდუს პოზიცია
კრიშტიანუ რონალდუ დიდი თავდამსხმელია და როგორც წესი საჯარიმო მოედანში პოზიციის შერჩევა არ ეშლება, მაგრამ ამჯერად შეცდა — როდესაც „სფურზი“ 2:0-ს იგებდა, მადრიდელებმა მის კართან სახიფათო მომენტი შექმნეს. სერხიო რამოსის გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ… თანაგუნდელის დარტყმას სწორედ კრიშტიანუ გადაეღობა.

- ერიკსენმა გოლი გაიტანა
ზოგადად, „ტოტენჰემის“ დანიელი ნახევარმცველი, 25 წლის კრისტიან ერიკსენი მეტოქეთა ფეხების ტყეში ბურთის გაძვრენის და მისი თანაგუნდელისთვის მიწოდების ოსტატად ითვლება, მაგრამ „რეალთან“ შეხვედრაში მან პროფილი შეიცვალა — თავად გაიტანა გოლი. არადა, დიდი შეჯიბრებაში ერიკსენმა ბოლოს ხუთი წლის წინ შეაგდო: მაშინ, „აიაქსში“ გამოდიოდა, ამსტერდამელთა მეტოქე კი „მანჩესტერ სიტი“ იყო.
- მუსას შურისძიება
მუსა დემბელე მოედანზე სულ 25 წუთით შევიდა, მაგრამ სერხიო რამოსთან ჩხუბი მოასწრო. საბოლოოდ, ორივე ფეხბურთელმა მოედანი ყვითელი ბარათით დატოვა. სისწრაფეში ისე გამოჩნდა, რომ თავიდან რამოსმა ჰკრა დემბელეს იდაყვი, რომელმაც უპასუხა, მაგრამ მანამდე ტონი კროოსის წინააღმდეგ ჰქონდა უხეშად ნათამაშები, რისთვისაც დაისაჯა. ერთი ხნის მერე, რამოსმა მსაჯს ირონიულად დაუკრა ტაში და ისიც გააფრთხილეს.
- კაზემირო სასაცილოდ წაიქცა
ზოგადად, „რეალის“ ნახევარმცველმა კაზემირომ იმ დღეს ცუდად ითამაშა, მაგრამ „დეილი მეილმა“ ყურადღება ამაზე კი არა, იმ ეპიზოდზე გაამახვილა, როდესაც ჰარი ვინკსმა მას თითქოსდა მაისურზე დაქაჩა, ბრაზილიელმა კი ისე იმსახიობა, მობარბაცე მთვრალის როლში გეგონებოდა.

- თილისმა — როდ სტიუარტი
დიდი როკმენი როდ სტიუარტი ამასწინად, შოტლანდიის თასის გათამაშების მეხუთე რაუნდის კენჭისყრაზე მიიწვიეს და მანაც კარგად იხალისა. გუშინ, „სელტიკის“ თავგადაკლული ფანი და შორეულ წარსულში თავადაც ფეხბურთელი, „ტოტენჰემის“ და „რეალის“ შეხვედრას დაესწრო. როგორც ხედავთ, ის ინგლიური გუნდისთვის ფეხბედნიერი გამოდგა. იქნებ, როგორმე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრაზე შევიტყუოთ, შოუსაც მოაწყობს და ინგლისურ გუნდებს სუსტ მეტოქეებსაც შეახვედრებსო, წერს „დეილი მეილი“.
