წარსულში ცნობილმა ინგლისელმა თავდამსხმელმა, დღეს პოპულარულმა ტელეჟურნალისტმა გარი ლინეკერმა მადრიდის “რეალი”, უფრო სწორად კი მისი ფრანგი თავდამსხმელი, ქარიმ ბენზემა აითვალწუნა. ლინეკერის პირველი კრიტიკული კომენტარის შემდეგ ბენზემას “რეალის” მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გამოესარჩლა, რის გამოც ენამწარე მიმომხილველი მასაც გადაეკიდა და ხელსაყრელ მომენტს არ უშვებს, რომ არ დასცინოს.
ლინეკერს მადრიდელთა დაცინვის ახალი შანსი გუშინ მიეცა. მოგეხსენებათ, “რეალმა” ლონდონში “ტოტენჰემ ჰოთსპურთან” 3:1 წააგო. როდესაც ინგლისელმა დელე ალიმ სტუმრების კარში მეორე გოლი გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა, “სფურზისა” და “ბარსელონას” ყოფილმა ფორვარდმა თქვა:
“ალის გოლით ანგარიში გახდა 2:0. ეჭვი არ არის, ზიდანი ახლა ბენზემას შეიყვანს მოედანზე”.
არადა, ბენზემა “ტოტენჰემთან” შეხვედრაში პირველივე წუთიდან მოედანზე იყო. ვფიქრობთ, ლინეკერის ირონია გასაგებია.