„სპორტ-ექსპრესი“ დიახაც რომ ცნობილი და სახელგავარდნილი გაზეთია ესენგეს მასშტაბით. ჩვენც, სპორტის მოყვარე ივერიელთაც არაერთხელ გადაგვიფურცლავს ეს ძაან ფორმატისა და ძაან ხარისხის რუსული გაზეთი, რომელსაც მთელი ძველი საბჭოეთის სპორტული დაკმაყოფილება განუზრახვას.

დიახაც, მძლავრი და ოპერატიულია ეს „სპორტ-ექსპრესი“, რა გინდა რომ იქ არ ეწეროს. ჯერ მარტო რუსეთი ჩემპიონატი იმგვარი პომპითა და ფოიერვეკითა შუქდება, რომ ეს უაზრო ბურთის გორება და წიხლაობა ლამის ტიტანთა შერკინებად წარმოგიდგება. პერეტურინი ამბობს, ჩვენს ჩემპიონატს ვერც კი ვუცქერო, ესენი კი ყოველი თვის ბოლოს ამ უგვანო ბურთაობის იდეალურ ნაკრებს ადგენენ, გეგონებათ და დიდი სხვაობა იყოს ორ მარჯვენა მცველს, პარკეტოვსა და ახმედკულიევს შორის. მოკლედ, რეკლამირება ეხერხებათ: აქაოდა, ჩვენი გაზეთი ისეთივე დიდია, როგორიც დედა რუსეთიო, ისინი ძველ მოძმე ერებსაც უშუქებენ საბურთაო საქმეებს.

ჩვენ, ქართველნიც, ამათ რიგში ვართ და ჩანს, ჩვენებური სპორტის ხალხსაც ხიბლავს ეს გაზეთი, ენდობა მას. თუკი რამ ხმამაღალს და მოულოდნელს გაიგებს ჩვენი მკითხველი ქართული სპორტის ბობოლათაგან, ისევ ამ გაზეთის წყალობით. ატყდება, ჰაი, ჰაი, მაგრამ ბობოლანი იტყვიან, ჩვენ არაფერი გვითქვამს, „სპორტ-ექსპრესმა“ მოიგონაო… გახსოვთ კუტივაძის ინტერვიუ, ან ჩივაძის ბოლო პრეს-კონფერენცია?

არ ვიცი, იგონებს „სპორტ-ექსპრესი“ თუ რა, მაგრამ სიამაყითა და ხოტბით მხოლოდ იმ ქართველებზე წერს, ვისაც რუსული მაისური და ხელთათმანი მოურგია. სხვათა მიმართ კი ეშმაკურ ხერხს მიმართავს.

აი, ერთი თვე არ არის ალბათ, რაც ამ ფართე გაქანების გაზეთმა დაბეჭდა ინტერვიუ გიორგი ქინქლაძესთან, წინ კი ჩვეული შესავალი წაუმძღვარა, ქინქლაძე კი თამაშობს იქო, მაგრამ იმის გუნდს ჯერ ქულაც არ აუღია და თვითონაც ხომ ვერაფერს გახდა ბევრსო. მოკლედ, ქართველს წესიერი ვინ მიიღებს სადმეო, ასეთი აქცენტი იყო. სამაგიეროდ, სეზონის დასაწყისში რევიშვილის ნათამაშევი ორი შეხვედრის გამო ლამის პოემები დაიწერა. რევიშვილს კი არა ვუმცირებთ ღვაწლს, მაგრამ, მას რომ მთელი ალბიონი ნორმანივით დაეპყრო, „სპორტ-ექსპრესი“ ბევრს არას გაიმეტებდა მისთვის.

ამ ინტერვიუს გამოსვლიდან ორიოდე დღის შემდეგ ეს ჩვენი ქინქი პრემიერ-ლიგის თვის ლაურეატად აღიარეს, „სიტის“ მწვრთნელი ალან ბოლი თვის მენეჯერად და მთელი ამბავი, „სპორტ-ექსპრესი“ კი ამ საქმეს ყაზახ-ბორჩალოს ქარს ატანს – ბოლო ადგილიო.

როგორ დაიჯერებ, რომ გაზეთმა, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის მთლად გულისგულს აღწერს, ეს არ იცოდეს? იცის, ამიგო. მაგრამ ჯერ ჩვენაო, მერე – თქვენაო. ყელზე ადგათ ჩვენი ორი კინკილა ვარსკვლავი.

საერთოდ კი, ამ გაზეთში ძალიან ბევრი წერია ხოლმე ვერეტენნიკოვზე, სიმუტენკოვზე და ასეთ ტიპებზე – ესენი დევგმირები არიანო. ვეჭვობ, ისინი მანჩესტერის ქიმბოჭკოს ქარხნის დუბლში გაიკარონ.

29.12.1995

წილი
წინა სტატიარვა ამბავი “რეალისა” და “ტოტენჰემის” შეხვედრიდან
შემდეგი სტატიამესიზე და ნეიმარზე უკეთესიც გამოჩნდა – ლოპეს პარა! 🎥
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.