1987 წელი იმითაა ქართული ფეხბურთისთვის ღირსსახსოვარი, რომ თბილისის „დინამომ“ საბჭოთა ერაში უკანასკნელად ითამაშა ევროტურნირებზე. 1986 წელს ნოდარ ახალკაცი დაბრუნდა „დინამოში“, გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდნას გადაარჩინა და მისი თავკაცობით „დინამო“ მე-5 ადგილზე გავიდა, რითაც უეფას თასზე თამაშის უფლება მოიპოვა. თუმც მაშინდელი „დინამოს“ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ახალკაცს ჯანყი მოუწყვეს. შედეგად, ტიტულოვანი მწვრთნელი გუნდიდან გაუშვეს და „დინამო“ ლენინგრადელმა გერმან ზონინმა ჩაიბარა. ჩემპიონატში „დინამომ“ ვერაფრით გამოიჩინა თავი, მაგრამ უეფას თასზე ორი ეტაპი გადალახა და მერვედფინალში ბრემენის „ვერდერს“ გადაეყარა. დასავლეთგერმანელებთან თბილისურ მატჩზე ხუთმანეთიანი ბილეთი შავ ბაზარზე ხუთი თუმანი ღირდა – ხუთწლიანი პაუზის შემდეგ „დინამოს“ სტადიონი კვლავ გაიძეძგა და ეს პატარა ამბავი სულაც არ იყო – 1982 წელს თასების თასის ნახევარფინალიდან „დინამო“ ბელგიურმა „სტანდარდმა“ გამოაგდო და 1987 წლამდე თბილისში „ჰამბურგი“, „ანდერლეხტი“ თუ „კიოლნი“ ოდენ მოსკოვურ-კიევურ გუნდებთან სტუმრობდნენ…
მას შემდეგ 17 წელი გავიდა და იმდროინდელი ამბების მოსაყოლად რამაზ შენგელიას ვესტუმრეთ, ვინც „ვერდერს“ გოლი ბრემენში გაუტანა.
– 1983 წლის მერე თბილისის „დინამოს“ თამაში იყო ჯახირი და წვალება – გუნდი დაშალეს და მოარყიეს. არადა, ევროპაში მაშინაც ყველაფერი მკაფიოდ იყო განსაზღვრული – თუ ახლა კარგი მწვრთნელი 3 მილიონი ღირს, კარგი ფეხბურთელი 40-50 მილიონი უნდა ღირდეს. მოკლედ, თუ გუნდში სათანადო ფეხბურთელები არ არიან, მარტო მწვრთნელი ვერაფერს გახდება. „დინამოდან“ მაშინ ბევრი გამოცდილი და კარგი ფეხბურთელი ერთი ხელის მოსმით დაითხოვეს, ახალი მოთამაშეები კი გუნდში მიდი-მოდიოდნენ. გუნდს მხოლოდ მწვრთნელი არ ქმნის, გუნდს ქმნიან პიროვნებები თავიანთი ნიჭითა და შრომით.
თუმც, 1987 წლისთვის „დინამოს“ რაღაც პესპექტივა მაინც გამოუჩნდა – გუნდს შემოვრჩით რამდენიმე ვეტერანი, იყვნენ ახალი თაობის კარგი წარმომადგენლებიც – გელა კეტაშვილი, თემურ ქეცბაია, გია გურული…
რა მოუტანა „დინამოს“ გერმან ზონინის მოსვლამ? ბევრი და განსაკუთრებული არც არაფერი. მას ჰქონდა საკუთარი კონცეფცია, მაგრამ აზრს უცაბედად და ხშირად შეიცვლიდა ხოლმე. ფეხბურთელები ვერ ვგრძნობდით, რომ „დინამოს“ მწვრთნელი ჰყავდა – გუნდს, ფაქტობრივად, ფეხბურთელები ვმართავდით – ვეტერანებს, ოთარ გაბელიას, ალექსანდრე ჩივაძეს, თენგიზ სულაქველიძეს და მე წონადი სიტყვა გვეთქმოდა.
ასე იყო თუ ისე, ხუთწლიანი შესვენების შემდეგ „დინამო“ ევროპულ სარბიელს დაუბრუნდა.
წილისყრამ ადრეულ ეტაპზე ბულგარული „ლოკომოტივი“ შეგვახვედრა. ერთი შეხედვით ძლიერი გუნდი არ ჩანდა, მაგრამ პირველი მატჩი სტუმრად ვითამაშეთ და 1:3 დავმარცხდით. რადაც უნდა დაგვჯდომოდა, თბილისში უნდა მოგვეგო, თანაც ისე, რომ შემდეგ ეტაპზე გავსულიყავით. ეს რომ არ მოგვეხერხებინა, ვეტერანებს გუნდიდან არა მხოლოდ გაგვიშვებდნენ, ალბათ, დაგვიჭერდნენ კიდეც – ცეკაში მაშინ ასეთი ტონით გველაპარაკებოდნენ. „დინამო“ შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი იყო და მინისტრ შოთა გორგოძესთან, რა თქმა უნდა, მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა, თუმცა მასთან მხოლოდ კარგი ურთიერთობა გვაკავშირებდა, ცეკა კი სულ სხვა იყო.
მოკლედ, დაიწყო თუ არა ბულგარელებთან თბილისური მატჩი, გელა კეტაშვილმა სოლო რეიდი განახორციელა და „ლოკომოტივის“ საჯარიმოში წააქციეს. 11-მეტრიანის დარტყმა მე ვიკისრე, მაგრამ რაღაცნაირად, ცუდად დავარტყი და მეკარემ აიღო. ამის შემდეგ ფსიქოლოგიურად გავტყდი, თამაში არ წამივიდა. ტაიმის მიწურულს სულაქველიძემ ოსტატური გოლი გაიტანა და დავწინაურდით. თუმც 1:0 საკმარისი არ იყო, დავიძაბეთ, თითქოს შებორკილები ვიყავით, მაგრამ გურულის გოლმა გადაგვარჩინა – გიამ შორიდან გაიტანა მაგარი გოლი, მერე კი ჩივაძეს ჩააწოდა თავზე და 3:0 – „დინამო“ მეთექვსმეტედფინალში გავიდა.
მეორე ეტაპზე რუმინული „ვიქტორია“ შეგვხვდა – სტუმრად 2:1 მოვიგეთ, გოლები მე და სოსო ჭედიამ გავიტანეთ, შინ ფრედ 0:0 და შემდეგ ეტაპზე გავედით.
უეფას თასს თექვსმეტი გუნდი შემორჩა და მათგან სუსტი არავინ იქნებოდა, თუმცა წილისყრამ ერთ-ერთი უძლიერესი შეგვახვედრა – ბრემენის „ვერდერი“. ამ გუნდს მაშინ ოტო რეჰაგელი წვრთნიდა, ფეხბურთელებიც კარგი ჰყავდა „ვერდერს“ – ოლივერ რეკი, ფრანკ ნოიბარტი, ული ბოროვკა, კარლ-ჰაინც რიდლე…
ამ „ვერდერმა“ ჩვენამდე მოსკოვის „სპარტაკს“ მოუთავა საქმე – სტუმრად 1:4 წააგო, მაგრამ შინ დამატებით დროში 6:2 მოუგო. არადა, „სპარტაკი“ მაშინ საკმაოდ კარგი გუნდი იყო, კონსტანტინ ბესკოვი უნარიანი მწვრთნელი გახლდათ და ჩინებული ფეხბურთელებიც ჰყავდა. ასეთ „სპარტაკს“ „ვერდერმა“ 6:2 მოუგო, რინატ დასაევს ექვსი გოლი გაუტანეს ერთ თამაშში – ჩვენს დაშლილ „დინამოს“ რა უნდა ექნა ასეთ გუნდთან?!
ჩავფრინდით გერმანიაში და როცა ბრემენისკენ ავტობუსით მივდიოდით, ფეხბურთელებს იდეა გაგვიჩნდა – მოდი, თეთრი მაისურებით გავიდეთ სათამაშოდ და როცა „ვერდერი“ სამ გოლს გაგვიტანს, გავიხადოთ და ვიყვიროთ – „დინამო“ კაპუტ! ამის შემდეგ კი ბრემენელები ალბათ 3:0-ს იკმარებენ და გოლს აღარ გაგვიტანენ. აი, ამას ვლაპარაკობდით და ეს სულაც არ იყო მხოლოდ ხუმრობა, ამაში სიმართლეც ერია.
მატჩი „ვერდერის“ იერიშებით დაიწყო, თუმც შტურმი ვერ მოგვიწყვეს. ბრემენელთაგან გოლები ნოიბარტმა და რიდლემ გაგვიტანეს, მაგრამ არ შევდრკით – მაღალ ბურთზე გურული და ბრემენელი მცველები ახტნენ, ბურთი მე მომივიდა, ერთი მეტოქე მოვატყუე, მეკარესთან პირისპირ დავრჩი და გავიტანე. „ვერდერი“ 2:1-ს არ ჯერდებოდა და მაგრად შემოგვიტია. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა, თუმც გავძელით.
უნდა ითქვას, რომ ბრემენელებმა საკმაოდ მაღალ დონეზე გვიმასპინძლეს. ნამატჩევს ბანკეტიც გაიმართა, რომელსაც ორივე გუნდი ესწრებოდა. ერთმანეთში ვსაუბრობდით და სასმელსაც მივირთმევდით. საკუთარი თავისთვის ასეთი განტვირთვის უფლება უკვე გვქონდა, 1983 წლის მერე თავს უკვე პროფესიონალად, თავისუფალ ადამიანად ვთვლიდი, მანამდე კი მოყვარულად. ბანკეტზე რეჰაგელმა ჩივაძესა და სულაქველიძეს „ვერდერში“ გადასვლა შესთავაზა – თანხა თქვენ თვითონ დაასახელეთ და ტრანსფერიც მოხერხდებაო, მაგრამ ჩვენებმა რეჰაგელს უარი უთხრეს – ჩივაძე და სულაქველიძე უკვე კარიერას ამთავრებდნენ და ასეთ დროს ძალიან ძნელია, მაღალი დონის გუნდში გადასვლა გადაწყვიტო.
თბილისური მატჩის წინ ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო. რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ სტადიონი გაივსებოდა და ჩვენც „ვერდერის“ დამარცხების იმედი მოგვეცა – მეოთხედფინალში გასვლის შანსი მოგვეცა და რაც შეგვეძლო, ყველაფერი დავდეთ ამ თამაშისთვის.
სულაქველიძემ „ვერდერის“ საჯარიმოს გარედან დაარტყა და დაბალ კუთხეში გაიტანა. გურულმა ძელს გაარტყა ბურთი, ქეცბაიამ ახლოდან თავით ვერ გაიტანა – მოკლედ, პირველ ტაიმში კიდევ უნდა შეგვეგდო.
შესვენების შემდეგ „ვერდერი“ გაცილებით უკეთ ათამაშდა – 1:0-ით ხომ მეოთხედფინალში ჩვენ გავდიოდით, მაგრამ ბრემენელებმა თამაში შემოატრიალეს და გაათანაბრეს. ისე, მეორე ტაიმში ჩვენც გვქონდა მომენტები – კორღალიძეს უნდა გაეტანა თავურით, მაგრამ რეკმა აუღო. როცა ანგარიში 1:1 გახდა, გოლის გატანა ერთხელაც ვცადეთ – ფაქტობრივად, პირისპირ გავედი რეკთან, მაგრამ „ვერდერის“ მეკარეს ბურთი ფეხში მოვარტყი. ადრეც მითქვამს, ეს ბურთი რომ გამეტანა, დამატებით დროში მაინც გერმანელები გვაჯობებდნენ-მეთქი – „ვერდერი“ პოტენციურად ჩვენზე ძლიერი იყო, ჩვენზე უკეთ იყო მომზადებული ყველანაირად, მათ შორის ფიზიკურადაც, ჩვენ კი „ვერდერს“ მანამდე ვუძალიანდებოდით, სანამ ამის საშუალებას ენთუზიაზმი გვაძლევდა.
თამაშის შემდეგ ჩვენზე აუგი არავის უთქვამს და განა ვის რა უნდა ეთქვა?! ვიტალი დარასელია რომ არ დაღუპულიყო, „დინამო“ მაშინ უხერხემლო გუნდი არ იქნებოდა და იქნებ „ვერდერის“ დარი მეტოქისთვისაც მოგვეგო.
ახლა კი ისეთი ვითარებაა, რომ „დინამო“ ევროტურნირზე ერთი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვაც უჭირს. არადა, „დინამო“ ჩვენთვის ის ტაძარია, სადაც საკუთარი სისხლი ჩაგვინთხევია…
10.01.2004