ადრე მულტფილმი გადიოდა ხოლმე საბჭოთა ტელევიზიებში, ცხოველები თამაშობდნენ ფეხბურთს, კარში სპილო იდგა და გოლს ვერ უტანდნენ. რომელი ცხოველი გინდოდა, იქ არ ყოფილიყო. სახალისო საცქერი იყო…

ნუ გაიკვირვებთ და ეს ყველაფერი ახალქალაქში, შეიძლებოდა, რეალობაში გადასულიყო. 31 ოქტომბერს რეგიონული ლიგის მატჩი უნდა გამართულიყო, სადაც ახალქალაქის „აბულს“ თბილისის „ლოკომოტივი 2“-თვის უნდა ემასპინძლა, თუმცა თამაში არც დაწყებულა და მიზეზს არ იკითხავთ?  ახალქალაქის სტადიონზე მოხეტიალე ცირკი იდგა. პირითი ხაზიდან ერთ მეტრში სატვირთო მანქანები იყო ჩამწკრივებული, მანქანებში კი ვეფხვი, ლომი, აქლემი და სხვა შინაურ-გარეულები… ოდნავ სიღრმეში ბრეზენტიც გაეშალათ.

იქ თამაში უსაფრთხო არ იყო. შეუტევდი, ცოტა სწრაფად გაიქცეოდი და ცხოველებთან აღმოჩნდებოდი.

მატჩი არ ჩატარდა. მთავარმა მსაჯმა ასე გადაწყვიტა და სტადიონზე უსაფრთხოების არქონის გამო „აბულს“ 0:3 წაგება ჩაეთვალა.

გუნდების ძალის გათვალისწინებით, თბილისელები, ალბათ, ისედაც მოუგებდნენ ახალქალაქის გუნდს, რომელიც ბოლო ადგილზეა. თუმც ასეთი შემთხვევები… სასაცილოც აღარ არის, როცა კლუბში ელემენტარულად ის არ იციან, ლომებისა და ვეფხვების წინაშე საფეხბურთო მატჩი რომ ვერ ჩატარდება.

თუმც თვითონ შემთხვევა ისეთია, გაგეცინება, აბა, რა იქნება?!

რეგიონული ლიგის ამ ზონის ჩემპიონატს შიდა ქართლის ფედერაცია ატარებს და მის პრეზიდენტ გია რევაზიშვილს დავუკავშირდით. რევაზიშვილმა ფაქტი დაგვიდასტურა და დასძინა, რომ ამ ამბავს მალე ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი განიხილავსო.

წილი
წინა სტატიაალ აჰლის ვარჯიში ჩაიშალა
შემდეგი სტატიახუმრობით და სერიოზულად: დინამო კაპუტ! ?
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.