რამდენიმე დღის წინ მადრიდში მომიწია წასვლა. სანამ ესპანეთის მთავრობისგან ამაოდ ველოდი კატალონიის საკითხებზე პოლიტიკურ ექსპერტად მიწვევას, იქამდე „ლიდერბეთმა“ შემომთავაზა თავის გათამაშებაში გამარჯვებულებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მატჩზე გამგზავრება.

დილაადრიან მივადექით მადრიდს, რომელიც გადასარევი ამინდით და აივნებზე გამოფენილი ესპანეთის დროშებით დაგვხვდა. ჩვენ თავმდაბლურად ვიფიქრეთ, რომ დროშების ეს სიჭარბე სწორედ ზემოთ აღნიშნულ კატალონიის ამბებს უკავშირდებოდა და არა ჩვენს ჩასვლას, რაც, შეიძლება სულაც არ იყო სიმართლისგან შორს.

ხალხი თავიდანვე ძალიან კეთილგანწყობილი და თბილი მომეჩვენა. 20 ნაბიჯი არ მექნებოდა გადადგმული, რომ ჯერ ერთი შილიფად ჩაცმული გოგონა მომესალმა, მერე მეორე, მესამე… მეც, ცხადია, სალამი არც ერთს დავამადლე. ალბათ, ჩემი კეთილგანწყობით შეგულიანდა ერთ-ერთი და… 15 ევროო. რა თქმა უნდა, სალამის საფასურს არ მთხოვდა. უარი რომ ვუთხარი, რაღაც ჩემთვის გაუგებარი მომაძახა და ისევ ამოეფარა იმ 5 სანტიმეტრიანი დიამეტრის ბოძს, რომლის უკანაც, 5 მეტრში მდგომ პოლიციელებს ემალებოდა.

პოლიციაზე მერე ვაპირებდი თქმას, მაგრამ ბარემ აქვე ვიტყვი: ამ სექსმუშაკებს ხომ რაღაც სასწაულით „ვერ ხედავდნენ“ და როგორც ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მითხრა, სხვა საკითხებშიც საკმაოდ ლოიალურები ყოფილან – კოკაინით რომ დაგიჭირონ, მაქსიმუმ ჯარიმა დაგიწერონ, ძირითად შემთხვევებში კი, ნახევარს გამოგართმევენ, ჭიტლაყს ამოგკრავენ და გაგიშვებენო.

მადრიდის ცენტრალურ მოედანს პუერტა დელ სოლ, ჩვენებურად, მზის კარიბჭე ეწოდება. საღამოსკენ სოლზე მიტინგსაც წავაწყდი. ახალგაზრდები შეკრებილიყვნენ და რაღაცას ითხოვდნენ. იმდენად კარგი ტიპები ჩანდნენ, რომ არა მგონია, რამე ცუდი მოეთხოვათ. ამიტომ, სუფთა სინდისით შევუერთდი აქციას და ესპანელების მსგავსად დამცინავი ტაშით დავაჯილდოვე სახანძრო მანქანა, რომელიც მოედანზე გამოჩნდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ წყლის ჭავლით დაგვშლიდნენ, მაგრამ მანქანიდან მეხანძრეებმა გადმოყვეს თავები, იმათაც ტაში დაგვიკრეს და სხვა ქუჩისკენ გაემართნენ ხანძრის ჩასაქრობად.

მიტინგზე თაობათა კონფლიქტის მომსწრეც გავხდი. ახალგაზრდებს უეცრად წამოენთო გამვლელი ხნიერი ქალბატონი და სავარაუდოდ, რაღაც ისეთი მიაძახა, ჩვენთან რომ იციან ხოლმე- “რას დამდგარხართ აქ, მეტი საქმე რომ არ გაქვთ. თქვენი ბრალია, ასეთ დღეში რომ ვართო”. ამის საპასუხოდ, ახალგაზრდებს გოგონა გამოეყო, ხელი ფაშისტური წესით აღმართა და ქალს დამცინავად სულ „ვივა ფრანკო“ უძახა. კონფლიქტი კაი ხანს გაგრძელდა. ახალგაზრდა გოგონას სხვა ხნიერი ქალბატონი გამოექომაგა და დედათა და შვილთა ბრძოლა ნელ-ნელა დეიდათა ბრძოლაში გადაიზარდა. მეც მომბეზრდა და წამოვედი. თან, პარკი მინდოდა მენახა.

გადასარევი პარკი აქვთ მადრიდში. დიდი, ძალიან დიდი და ლამაზი. ცენტრიდან 15 წუთის სავალზე იქნება. არის სიგრილე, სიმწვანე, კორტები, მოედნები, დარბის უამრავი ადამიანი, ბალახზე კოტრიალობს და პიკნიკობს ხალხი, უკრავენ მუსიკოსები, ტბაში ჰარმონიულად დაცურავენ გედები და ადამიანები კანოეებით… ძალიან მომეწონა და თან გული დამწყდა. კი მიხვდებით, რაზეც… აი, ყოფილ იპოდრომზე რომ ასეთს გააკეთებდეს ვინმე (ტბაზე არ გავიქაჩები, გვეყოფა რაც გვაქვს), შეიძლება არჩევნებზე მარტო პასუხისმგებლობის გრძნობის გამო აღარ მივიდეს კაცი.

ქუჩებში ბოდიალისას საინტერესო მაღაზიას წავაწყდი, ჩემთვის სიყრმიდან ნაცნობი სახელით – ბუტრაგენიო. ბიჟუტერიის მაღაზია გამოდგა. ინტერნეტში კი მოვიძიე და საერთო ვერაფერი ვუპოვე „რეალის“ ლეგენდა ემილიო ბუტრაგენიოსთან, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც გადავიღე ფოტო. ბოლო-ბოლო, სათქმელად მაინც მექნება, რომ ბუტრაგენიოსთან მაქვს ფოტო გადაღებული.

შეღამებულზე ტრადიციული ესპანური სამზარეულოს დაგემოვნება გადავწყვიტე და პაელას საჭმელად გავემართე. იქაურ შარდენზე ჩავიარე და ქუჩაში მდგომმა პრომო-გოგონამ ბარში მიმიპატიჟა. სანამ მაგიდასთან დამაბინავებდა, სადაურობა მკითხა. ქართველი ვარ მეთქი, რომ ვუთხარი, კივილი მორთო – რა მაგარიაო. სასიამოვნოდ გამიკვირდა და ვკითხე, გაგიგია საქართველო, თქო? – არა, არ გამიგია, მაგრამ მაგარიაო… გოგონა მხიარული იყო, პაელა- გემრიელი.

რაც იმ 2 დღეში ვნახე, მადრიდი ძალიან კარგი ქალაქია. არის ძალიან ბევრი ლამაზი შენობა, ცენტრში ვიწრო, ძველებური იერის ქუჩებია, რაღაც ჯადოქრობით საცობები არ არის, მძღოლები არ უსიგნალებენ ერთმანეთს… თუმცა, წითელზე გადადიან ქვეითები, ქუჩაში სიგარეტის ნამწვებსაც ოხრად ნახავთ და საერთოდ, ისეთი ქალაქია, მგონი, ძალიან კარგად რომ შეეგუება ქართველი.

ცოტას ფეხბურთზეც ვიტყვი, თორემ უხერხულია. მეორე დილით „სანტიაგო ბერნაბეუზე“ წავედით „რეალის“ მუზეუმის დასათვალიერებლად. ეს იყო ძალიან, ძალიან შთამბეჭდავი ტური. ბანალურად რომ დავწერო, მუზეუმში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის უდიადესი ისტორია და თანამედროვე ტექნოლოგიები. ხოლო, ჩემს ენაზე რომ დავწერო: გამოვშტერდი, ისე კარგად ჰქონდათ რაღაცები მოფიქრებული – უძველესი ბუცები, მაისურები, ბურთები, თასები ვიტრინებში და თან კედლებზე უზარმაზარი მონიტორები, რომლებზეც გადის თამაშების კადრები. ჩამონტაჟებული მილები, რომლებსაც რიგრიგობით მიადებ ყურს და გესმის „რეალის“ ჰიმნი, ფანების სიმღერები, კომენტატორების ყვირილი… არის ერთი დიდი კედელი, რომელზეც გამოსახულია მსოფლიოს ელექტრონული რუკა და ჩანს, ბოლო 3 საათში „ტვიტერში“ ვინ ახსენა მადრიდის „რეალი“. კლუბის ყოველ ახალ მონიშვნაზე აციმციმდება ის წერტილი, საიდანაც დაიწერა ტვიტი თუ გაკეთდა კომენტარი… თამაშის დღე იყო და გასახდელებში არ ჩაგვიშვეს. სამაგიეროდ, ვნახეთ როგორ წმენდენ სველი ტილოებით ტრიბუნის სკამებს და კიბეებს.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ პირველად ვიყავი და წაკითხული მქონდა, რომ სასწაულად კარგი სტადიონია მაყურებლისთვის, მაგრამ ასეთს მაინც არ ველოდი. რომელიმე სექტორიდან კი არა, ასე მგონია, ტრიბუნაზე თვალდახუჭულიც რომ იჯდე, მაინც ყველაფერს მაგრად დაინახავ.

შემდეგი მსგავსი გასვლა დეკემბერში იგეგმება. 12 ნოემბრამდე „ლიდერბეთში“ ყველაზე დიდი თანხის მომგები, ყველაზე მეტი კოეფიციენტის და ყველაზე დიდი გადაბმის ნომინაციებში გამარჯვებულები, 2-2 კაციანი საგზურებით, ახლა უკვე მიუნხენში, „ბაიერნი“ – პსჟ-ს მატჩზე გაემგზავრებიან.

დაბოლოს, ერთი უცნაური ფაქტი – შარშან ევროპაში ფეხბურთის გამო რომ წავედი, ცოტა ხანში ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ახლა ჩემი ესპანეთში ყოფნის მერე კატალონიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. დეკემბერში თუ გერმანიაშიც აირია სიტუაცია და რომელიმე ბადენ-ვიურტემბერგმა ცალკე გასვლა მოითხოვა, მომავალ წელს აუცილებლად წავალ რუსეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე!