… 70-იანი წლების დასაწყისში, ამსტერდამის „აიაქსთან“ ერთად ევროპადაპყრობილი და „ოქროს ბურთებით“ დახუნძლული იოჰან კრუიფი „ბარსელონაში“ გადავიდა და კლუბის ხელმძღვანელებისგან, პირველ რიგში, თურმე ქალაქის ძირფესვიანად დათვალიერება მოითხოვა, აქაოდა, სლოგანი – უფრო მეტი, ვიდრე კლუბი  (Més que un club) – ბოლომდე უნდა გავითავისოო.

არადა, ბარსელონაში სანახავი იმდენია, ვინძლო, „მფრინავ ჰოლანდიელს“ იმ რაოდენობის გოლები დაეთვალოს, თანაც იოჰანი ტურისტად ხომ არ იყო ჩასული და, პირველ ჯერზე, მხოლოდ  „საგრადა ფამილია“ უჩვენებიათ.

განცვიფრებული დადიოდა ანტონიო გაუდის საოცრებაში კრუიფი და „ბარსაში“ მეორედ, მწვრთნელად მოსვლისთანავე  კვლავ „საგრადას“ მისდგომია. „ღმერთის არქიტექტორის“  სახელოსნოში შეპარულა ნახაზების სანახავად, მაგრამ იქ რას იპოვიდა? –  ანტონიოს „წარმოსახვითი შედევრები“ ხომ ბუნებაზე დაკვირვებით მის ღვთიურ გონებაში იბადებოდა და ქვაზე, ხეზე, ლითონზე ცოცხლდებოდა. „ჩემი შენობა რებუსია, მისი ამოხსნა – სახიფათო“ – უთქვამს „საგრადაზე“ ექსცენტრიულ არქიტექტორს. ამ რებუსის ამოხსნას დღემდე ცდილობენ, მაგრამ ამაოდ – გაუდი და მისი წარმოსახვები 1926 წელს ტრამვაიმ გაიტანა და დატოვა „კასა მილა“, კასა ბარტოლო“, გიუელის პარკი“…  და ახლაც მშენებარე „საგრადა ფამილია“…

ეგებ ამ რებუსის ამოხსნას ცდილობდა ჰოლანდიელი, რომელსაც საფეხბურთო „ბარსელონაში“ „გაუდობა“ ჰქონდა განზრახული – „კამპ ნოუზე“ თავისი „საგრადა“ უნდა აეგო. იქნებ გაუდის მსგავსად ირწმუნა საკუთარი მესიანური დანიშნულებისა, ოღონდ არქიტექტორისგან განსხვავებით, მის კლიენტს – FCBARCELONA – ეჩქარებოდა (კითხვაზე, თუ როდის დასრულდებოდა ტაძრის მშენებლობა, გაუდიმ უპასუხა – ჩემს კლიენტს არსად ეჩქარება) .

ამ ამბის ნამდვილობა ძნელად დასაჯერებელია და არც ირწმუნოთ, უბრალოდ იმ ფანტაზიის ნაყოფია, ჩემი  „ვიზალიბერალური“  მოგზაურობის პირველ დღეს რომ იშვა „საგრადა ფამილიადან“ „კამპ ნოუსკენ“  მიმავალი „ბარსას“ გულშემატკივრის წარმოსახვაში.

“კამპ ნოუზე”, „ბარსას“ მუზეუმის დათვალიერებისას, გულში გაგივლის, რომ იოჰანს რებუსის ამოხსნის ფორმულისთვის მიუგნია – ლა მასია, „ტალანტების სამშობიარო“ – კრუიფის მიერ დაარსებულ ბავშვთა ამ საფეხბურთო აკადემიას, მუზეუმში გამორჩეული ადგილი უჭირავს და თუ რატომ, ამას დიდი გამოცნობა არ სჭირდება, ლა მასიაში „იჩეკებოდნენ“ „ბარსას“ გაუდები – გვარდიოლა, მესი, ჩავი, ინიესტა, პიკე, ბუსკეტსი – ფრთიანდებოდნენ, ღვინდებოდნენ და საკლუბო მუზეუმს წლიდან წლამდე ემატებოდა ლა ლიგის, სუპერთასისა თუ ჩემპიონთა ლიგის თასები, ლეო მესის „ოქროს ბურთები“ და ბუცები.

ამ ბურთებს გაექცა ნეი, ასეთი ბუცებისთვის წავიდა პარიზში – გულდაწყვეტით მითხრა მუზეუმის თანამშრომელმა, რომელიც საერთო ბარსელონურ რისხვას და ნეიმარის „გაფიგუებას“ არ იზიარებდა და ბრაზილიელის პსჟ-ში გადასვლის „მესის ჩრდილიდან გამოსვლის“ ვერსიას ემხრობოდა.

ეს „ბარსას“ გასახდელია?

არა, აქ სტუმარი გუნდი შემოდის, საპირისპირო მხარეს „ბარსაა“, ამ გვირაბით კი გუნდები მოედანზე გადიან – გამიკვალა გზა სტადიონის მეგზურმა.

გვირაბში, რომლის ბოლოსაც „კამპ ნოუს“ მინდორი გეძახის, გაგიკვირდებათ და, მცირე სამლოცველოა. ალბათ მარადონა, რონალდო, რონალდინიო, რომარიო და „ბარსას“ სხვა ვარსკვლავები აქ შესთხოვდნენ სანტა მარიას „ფეხბურთის ღმერთის“ მოწყალებას.

ეს სკამი ორი წლით ვალვერდესია – მიმაცილა მეგზურმა „ბარსას“ სამწვრთნელო-სათადარიგოთა „ბანაკისკენ“, რომელიც ტურისტთა ლეგიონს უკვე დაეკავებინა და არაგონესებად, კრუიფებად, ვან გაალებად, რაიკარდებად, გვარდიოლებად და ენრიკეებად მეჩვენებოდა.

რთულ დროს ჩაიბარა ერნესტო ვალვერდემ „ბარსელონა“ – გაყიდული ნეიმარი, კლუბის მმართველებით უკმაყოფილება, კატალონიის  დამოუკიდებლობის მოთხოვნით რეფერენდუმისთვის მოფუსფუსე ქალაქი, რომლის ბინადართა არჩევანის გამოცნობა, შენობებზე გადმოფენილი დროშების წყალობით, მარტივი საქმეა: SI – დამოუკიდებლობას, NO – ლა ლიგას, პიკეს ხმამაღალი განცხადებები და დაპირისპირება სერხიო რამოსთან…

ერნესტო სულით ბარსელონელია, ჩვენთან უთამაშია და ბილბაოშიც კარგად მუშაობდა და იმედია, ჩვენთანაც წარმატებას მიაღწევს, – უხვსიტყვაობს მეგზური.

ვალვერდემ ეს სეზონი 5:0-ით დაიწყო და აგერ, მეათე ტურია, წაუგებლად ლიდერობს პრიმერადივიზიონს.

ვალვერდეს კრუფისდროინდელ „ბარსაში“ უგორებია ბურთი და ვინძლო, ისიც თავისი „საგრადა ფამილიას“  აგებას ეშურებოდეს, თორემ ანტონიო გაუდის მსგავსად ლეო მესი საკუთარი მესიანური მისიის შესრულებას ყოველ თამაშში გვიჩვენებს, შენობის რებუსიც კარგა ხნის ამოხსნილი აქვს და „ბარსასაც“ – გაუდის…

 

 

 

 

 

წილი
წინა სტატიამადრიდი – ქალაქი ქართველებისთვის!
შემდეგი სტატიაზესტაფონი გაზაფხულზე აყვავდება
„ბარსას“ და ბრაზილიის ქომაგი სოსო კოტორეიშვილი კატალონელი რომ ყოფილიყო, კატალონია მოიპოვებდა დამოუკიდებელობას, შეუერთდებოდა ბრაზილიას, „ბარსელონა“ გადავიდოდა ბრაზილიაში, ყოველ წელს გახდებოდა ყველა შტატის და სრულიად ბრაზილიის ჩემპიონი, მოიგებდა ლიბერტადორესის თასს და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ვნახავდით „ელ კლასიკოს“.