„ბურგოსის“ 27 წლის წინანდელ მოგებას „რეალთან“ (1990, 2:1) კიდევ კარგა ხანს, ალბათ, არავინ გამოჩხრიკავდა, ზიდანის გუნდს 29 ოქტომბერს კატალონიურ ჟირონაში რომ არ წაეგო.
რატომ გაიხსენეს ესპანეთში 1990 და „ბურგოსი“? – იმიტომ, რომ პრიმერაში პირველად აღზევებულ გუნდთან „რეალი“ 27 წელი არ დამარცხებულა.
მაშინ ეს მოახერხა „ბურგოსმა“, წელს კი – „ჟირონამ“. თან ორივემ 0:1-ის შემობრუნება შეძლო, რაც მათ გამარჯვებას უფრო ხმაურიანს ხდის.
ხმაური გასულ კვირაში ისედაც არ აკლდა დამოუკიდებლობა გამოცხადებულ კატალონიას. „ჟირონასგან“ „რეალის“ ძლევა ისეთივე საჩუქარი იყო იქაური პოლიტიკოსებისთვის, როგორც კალათზე ჩასატენად „დაკიდებული“ ბურთი გრძელი კაცისთვის.
კატალონიის პრეზიდენტმა, ოდესღაც კი ჟირონას მერმა კარლეს პუიჟდემონმა არ დაახანა და ტვიტერზე დეპეშა აფრინა: „პატარა გუნდის გამარჯვება დიდ გუნდთან, ბევრისთვის მაგალითი უნდა იყოს და პოლიტიკურ რეალობასაც ასახავს“. აქაოდა, კატალონია პატარა კია, მაგრამ მადრიდს ფეხბურთშიც უგებს და პოლიტიკაშიცო.
ბარსელონიდან ასიოდ კიოლმეტრით დაშორებულ ჟირონაში „რეალმა“ ისკოს გოლით პირველი ტაიმი მოიგო, მაგრამ შესვენებისას, ალბათ, „კამპ ნოუდან“, ხუთწუთიანმა ჯადოსნურმა ქარმა დაუბერა ჟირონასკენ და „თეთრებმა“ წააგეს. სტუანიმ და პორტუმ მადრიდელებს 5 წუთში ორი გოლი გაუტანეს.
„რეალი“ უკვე 8 ქულით ჩამორჩება „ბარსას“ და თუ ასე ფანტა ქულები, საჩემპიონო შანსსაც მალე ხელს დაუქნევს.
აქვე ვთქვათ, რომ კრისტიან სტუანიმ მხოლოდ გოლი არ იკმარა – მატჩის მერე ზიდანი დაიჭირა და მასთან სურათიც გადაიღო. მისი ბავშვობის კერპი ყოფილა და უსურათოდ როგორ გაუშვებდა.
ყოველდღე ხომ ვერ ნახავ ზინედინ ზიდანს, რომლის გუნდსაც მოუგე, გოლიც გაუტანე და ზიდანს, რომელიც სურათზეც არ გეტყვის უარს.