ჩემს მაგიდაზე ძველი საფეხბურთო ცნობარები აწყვია. ისინი საგანგებოდ გამოვითხოვე სარედაქციო არქივარიუსთაგან, რათა ძველ, დავიწყებულ სტატისტიკას ჩავუჯდე. ცნობარი სულ თეთრმეტია, 1976 წლიდან 1986 წლამდე. თითოეული მათგანი განვლილ სეზონს აღწერს და მეც მაინტერესებს, თუ სად, რამდენი და როგორ ითამაშა ოდინდელი “დინამოს” განთქმულმა თავდამსხმელმა რევაზ ჩელებაძემ.

ხუმრობა საქმე ხომ არ არის? რედაქციამ გადაწყვიტა საბჭოეთის ნაკრებში მოთამაშე ყველა ქართველი ფეხბურთელი გაიხსენოს, ყოველი მათგანი გაახსენოს მკითხველს.

მე ჩელე მერგო

 

ჩელე – სწორედ ასე მოვიხსენიებ აქ, რადგან ჩელე ის კაცი იყო, მეტსახელი რომ დაიმკვიდრა გულშემატკივართა შორის, ასეთები კი ჩვენში ბევრნი არ არიან – თაობაში, ალბათ თითო: ბასა, სიომა… აგერ ახლა კი ძუკუ.

ცნობარებს ვფურცლავ, ნაცნობი, ბავშვობაში წაკითხული ფრაზები: “დაიბადა 1955 წელს… თამაშობდა ბათუმის “დინამოში“… 1976 წლიდან თბილსის “დინამოში”… 1983-84 წლებში კვლავ ბათუმის “დინამოშია”… მომდევნო წლის მიწურულს თბილისის “დინამოში” ბრუნდება… 1986 წელს გაიტანა 10 გოლი…” და ა.შ.

ცნობარები… ცნობარები… ჩელე არ ყოფილა ასიანთა კლუბის წევრი, ყველაზე მეტი გოლი, ექვსი, საბჭოთა გუნდებს შორის ალმაატის “კაირატისთვის” გაუტანია; საბჭოთა ოლიმპიური გუნდის წევრი; მოსკოვის ოლიმპიადის ბრინჯაო; ქვეყნის ჩემპიონობა; ქვეყნის თასი…

თუმცა, რა დროს ცნობარებია?

ჩელე სახალხო ფეხბურთელი გახლდათ. დღევანდელი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, ნიუსმეიკერი. ე.ი. ისეთი კაცი, თავისუფალ და ნორმალურ ქვეყანაში რომ მუდმივად გაზეთების პირველ გვერდებზე ჩანს.

როგორ იყო თავიდან? მე მახსოვს მაღალი, მხარბეჭიანი, თმაშეთხელებული, კაუჭა ცხვირით. მოკლედ, კოლორიტული. თამაშითაც მეტად თავისებურად თამაშობდა. მაშინ ოცდაერთი წლისა იქნებოდა და ჭკვიანური გოლები გაჰქონდა. ბიჭებში ხმა დადიოდა, თავიდან კალათბურთელი ყოფილა, ფეხბურთელი მერე გამხდარაო. საერთოდ. ყოველთვის თან სდევდა ხმები, ჭორები, ერთგვარად მხიარული, ესცენტრიკული განწყობილება. მაშინ ქომაგების სრული უმრავლესობა გუნდთან ახლოს ვერ მივიდოდა, პრესაში თავისუფალი ინფორმაცია არ არსებობდა, ამიტომ ხალხი ჭორებით სულდგმულობდა.

ჩელეს თამაშის მანერა მოულოდნელი რამ იყო მაყურებლისთვის. რა თქმა უნდა, ის არ იყო დიადი, საერთაშორისო სახელიც ვერ დაიგდო, მაგრამ პირადად ჩემთვის ის გამოუცნობ ფეხბურთელად რჩებოდა. ვხვდებოდი, რომ ის ჭკვიანი იყო, თუმცა სათამაშო საშუალებები და ხერხები აურაცხელი არ ჰქონდა. ფინტი, დრიბლინგი და ასეთი რამ ნაკლებად მახსოვს იმ პირველი ჩელესგან. სამაგიეროდ, მახსოვს მაღალი ნახტომი, კარგი თავურები, ბრგე ტანი, ანუ კორპუსით თამაშის ოსტატობა, საჯარიმოს წინა ხაზთან ზურგით დგომა, მკერდზე და ფეხზე მიღებული ბურთი და მოკლე, ნახევარბრუნით შესრულებული პასები. ასეთი მახსოვს ის პირველი ჩელე. პირველი იმიტომ, რომ იყო მეორე ჩელეც…

ის ჭკვიანი მოთამაშე იყო, ყოველთვის ამჩნევდა თავისუფალ ადგილს, ყოველთვიას იქით ჭრიდა ბურთს, სადაც წესით პარტნიორი უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, რომ ის მახვილგონიერი ფეხბურთელი იყო იმიტომ, რომ ჩვენი კლუბის ისტორიას შემორჩა რაღაც ილეთები და ხერხები, რომლებსაც ედო საფირმო ნიშანი – “ჩელე!”.

მაგრამ მისი მახვილგონიერება ხშირად ახირებასაც უტოლდებოდა. ის ეგზოტიკური იყო, ეგზოტიკური და ახირებული. აი, მახსოვს ერთი მატჩი ჩვენს სტადიონზე. “დინამოსა” და დონეცკის “შახტიორს” შორის. თამაში 1:1 დასრულდა. დონეცკელების ადრიან გოლს ჩვენებმა ფირუზ კანთელაძის პენალტით უპასუხეს, ჩელე მოედანზე იყო, თავის საყვარელ პოზიციაზე იდგა კარისკენ ზურგით, ბურთს ძალიან ხშირად იღებდა, დამამუშავებდა, თუ ერთი შეხებით გადაუგდებდა ხსვას, შედეგი არაზუსტი იყო, საკვირველი კი ის იყო, რომ ბურთს ყოველი მიღებისას, ანუ ძალიან ხშირად, ის ცდილობდა პასი ქუსლით მიეწოდებინა. ყოველ ჯერზე ცდილობდა და აკეთებდა კიდეც ამას, მაგრამ ხან თვითონ ცდებოდა და ხანაც პარტნიორი ვერ უხვდებოდა. ის კი ჯიუტად აკეთებდა ამას – ასე ჩაიბეჭდა ჩემს ბიჭურ მეხსიერებაში – საინტერესო ვინმეა, მაგრამ ახირებული.

მაგრამ მანამდე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი რამ მოხდა.

ოცდაორი წლის წინათ, 1976 წლის 3 სექტემბერს თბილისის “დინამომ”, საბჭოთა თასის გათამაშების ლამის მარადიულმა, მარად ჩაგრულმა, ან უიღბლო ფინალისტმა ნავსი გატეხა – პირველად მოიგო ეს თასი ერევნის “არარატის” 3:0 დამარცხებით. “დინამოსთვის” ეს შემობრუნების ჟამი იყო – ორმა ახალგაზრდამ – ჩელემ და ალექსანდრე ჩივაძემ საუცხოოდ ითამაშეს. შეხვედრის პირველი გოლი სანახევროდ ჩელესი იყო – ეს მან დაასვა ბურთი ყიფიანს. მერე ჩელემ თავადაც გაიტანა. ეს ის შემთხვევა იყო, როცა მთელმა გუნდმა, მანუჩარ მაჩაიძის მეთაურობით, ძალიან კარგად ითამაშა, თორემ ნამდვილად ასე ვიტყოდით – ის ფინალი ჩელემ მოიგო. დიახ, ჩელეს გოლები გაჰქონდა, თან საკმაოდ ბევრიც. გულშემატკივარს კი მაინც მეტად თავისებური მიდგომა ჰქონდა. ჩელეს მოულოდნელი იერი, მისი მახვილგონიერი, ახირებული თამაში ხალხის გულში ორმხრივ ფიქრებს იწვევდა. აი, მაგალითად, იყო ასეთი ჭორი ბიჭებს შორის: ბათუმში ჩეელს ორი შეძლებული ბიძა ჰყავს, თითო გოლზე თითო ბიძა ას მანეთს ჩუქნის და ჩელეც ამიტომ იკლავს თავსო. ეს სულელური, არასაფეხბურთო ახსნა იყო, თითქოს, გულშემატკივრის არეულ ფიქრს სურდა, ჩელეს საფეხბურთო წარმატება არასაფეხბურთო გზით აეხსნა. ამაში ჩელეს თამაშის “მანერა”, მისი საფეხბურთო იერი და უკვე ჩამოყალიბებული იმიჯი იყო დამნაშავე.

1977 წლის სეზონის გახსნით თამაშში ჩელე მოედანზე არ იყო. მეთერთმეტე ნომრად ოცი წლის ქუთაისელი რამაზ შენგელია ვიხილეთ. მან დუბლი გაუკეთა “კრილია სოვეტოვს” და “დინამომ” 4:2 მოიგო, ადგილი ძირითადში დაჯავშნული აღარ იყო. შეგნელიას ბურთის კარში შედგების საოცარი უნარი ჰქონდა. ის ძალიან ბასრი იყო, ჩელე აღარ იყო ძირთადის უპირობო წევრი, მაგარმ ჩელე არ იყო უბრალო ვიღაც, ის ყოველთვის საჭირო იყო და ხშირადაც თამაშობდა სხვა თავდამსხმელთა ტრავმების დროსაც და ისეც. კვლავ გაჰქონდა, კვლავ ახალისებდა ხალხს თავისი ახირებული და საზრიანი მანერით. თუ შეცვლაზე შემოვიდოდა, ყოველთვის მეცამეტე ნომერი იყო, თავის განიერ ბეჭებს აათამაშებდა და ისე შემოაბიჯებდა მოედანზე ამ თარსი “ნომრით”.

ხალხი ყოველთვის ხალისიანი შეძახილით ეგებებოდა. რას აღარ მოიგონებდნენ, ჩელე-პელეო, ესაო, ისაო, ერთხელ ვიღაცამ ჩელინიოც კი დაუძახა, აქაოდა, ჩვენი ბრაზილიელიაო.

ჩელე ერთადერთი იყო 1978 წელს, გაჩემპიონებულ თბილისის “დინამოში”, ოქროს ორი მედალი რომ მოიგო, დუბლისა და ძირითადისა. ესეც მისი ახირებული განსაკუთრებულობის დასტური იყო.

სხვისი არ ვიცი და, მე კი, ერთი გიმნაზიელი გულშემატკივარი ყოველთვის ველოდი მას. დიდად ვერ ვუფიქრდებოდი რატომ, მაგრამ მომწონდა, მიხაროდა და იმედს მმატებდა. თავში დავწერე, ჩელესგან ფინტები და დრიბლინგი ნაკლებად მახსოვს-მეთქი. სისულელეა, ის ფანტაზიორი იყო, ძალიან თავისებური რამეების კეთება შეეძლო. ყველა დასამახსოვრებელ მომენტს მის კარიერაში მეტნაკლებად ჰქონდა შოუს იერი. მაგრამ ისე, რომ საერთოდ არ ჰქონოდა, არ ყოფილა.

ერთი სეზონიც დაიწყო და ჩელემ ახალი რამ აჩუქა ხალხს – ჩელეს პენალტი. მან შეძლო თამაშის უაღრესად საპასუხისმგებლო წამი, პენალტის დარტყმის მომენტი, სანერვიულო, თავშისაცემი და სულისშემძვრელი, გასართობად ექცია. ძველებმა მოიგონეს, ასეთ პენალტს მიშა ბერძენიშვილი ურტყამდაო. თუმცა, ამ შემთხვვაში დარტყმა სულაც არ არის საჭირო ტერმინი: მეკარე ერთ კუთხეში მიფრინავდა, ბურთი კი მეორე კუთხისკენ მიგორავდა. მიგორავდა და ბოლოს გადაგორდებოდა კარის ხაზზე, ჩელე კი თითის აწევით გვაჩვენებდა – გავიტანეო.

გაუფუჭებია ასეთი პენალტიც, თუ არ ვცდები, პირველად უფროსმა ჩანოვმა აუღო ფეხით. სხვა მხარეს გადახტა, მაგარმ თავისი გამოგონებით გათამამებულ ჩელეს ბურთი კუთხისკენ აღარ გაუშვია, უფრო შუისკენ მისცა გეზი.

ეს პენალტები დღემდე დაუვიწყარია, როგორც კი ჩელეს ახსენებ, იქ პენალტსაც მოიგონებენ. ისევე, როგორც იმ დაუვიწყარ წამს, როცა ჩელემ “არარატს” ვერ გაუტანა. თუმცა, კვლავ არასწორად ვამბობ, იმიტომ, რომ იმხანად ეს შემთხვევა საუკუნის “გამაზვად” აღიქვეს და ჩელეს, სერიოზულ და საიმედო ფეხბურთელად აღქმას, ამან დიდად შეუშალა ხელი.

ამბავი ერევანში იყო, ცხელი ზაფხულის საღამოს, ანგარიში – 1:1. “დინამო” აგებდა და გაათანაბრა. სომეხთა მეკარე ალიოშა აბრამიანი უაზროდ გამოიჭრა საჯარიმოს გარეთ, ბურთს ფეხი აუქნია და ისე კი მოხდა, რომ თავად გაიშხლართა, ის ოხერი ბურთი კი შორიახლოს ჩასაფრებულ ჩელეს მიუვიდა. ჩელეს წინ იყო ცარიელი მინდორი და კარი. ჩელე დაიძრა, მაგარმ რაღაც იდუმალი ძალით (არ ვიცი, კარი დაკარგა, მოუქნელობის გამო ნაბიჯის მიმართულება სულ ოდნავ ვერ შეცვალა თუ რა), ბურთი კარს ააცილა. დაარტყა მოუხერხებლად, უაზროდ, მანამდე გაიქცა კიდევ უფრო უარესად…

ეს “გამაზვა” ხალხში სალაპარაკო შეიქნა. ერთი რისხვას ატეხდნენ ჩელეს, როგორც “დამღუპველს”, მეორენი ამართლებდნენ, თამაში ფრეზე იყო შეთანხმებული და არ უნდა გაეტანაო, ასე იყო თუ ისე, ეს შემთხვვა ჩელეს არ დახმარებია. საკვირველია სწორედ, რაც დინამოელებს ბურთები აუცილებიათ კარის წინიდან, ერთხელ თენგიზ სულაქველიძემ კარის ხაზიდან ზედა ძელს გადააცილა ბურთი. მაგრამ არაფერი. განა ჭომასგან გოლებს ითხოვდნენ, მას სხვა რამისთვის სცემდნენ პატივს, ანდა, რაც შენგელიას აუცილებია, მაგრამ მან იმდენი გაიტანა, რომ ქართული ფეხბურთის უპირველეს მეგოლედ შეიქნა. ჩელე კი… ის, რაც ადრე ღიმილის მომგვრელი იყო, რაც ხალხს ახალისებდა მის თამაშში, ხშირად გამაღიზიანებელი შეიქნებოდა ხოლმე.

ჩელე კვლავ თამაშობდა…

ჩემს მაგიდაზე დახვავებულ ცნობარებს შორის ერთს “გზა თასისკენ” ჰქვია. იგი თასთა თასისკენ თბილისელთა სვლას აღწერს. ყდაზე გამარჯვებული გუნდია, გაღიმებულ ვარსკვლავებს შორის ჩელე არ არის. არ უთამაშია არც “ვესტ ჰემთან”, არც “ფეიენოორდთან”, არც დიუსელდორფში ყოფილა. ახლა აღარ მახსოვს, მაგრამ ტრავმის ბრალი არ უნდა ყოფილიყო. ჩემებრ რიგით, ნამდვილ ამბავს დაშორებულ ბალეშჩიკ ბიჭებს შორის ხმა დადიოდა, ჩელეს ახალკაცთან ჰქონია უთანხმოება თავისი ენაკვიმატობის გამო და ამიტომაც დაიკარგაო. არადა, შემოდგომაზე ითამაშა, იმ თასების თასზე გოლიც გაიტანა…

ასე იკარგებოდა ნელ-ნელა დიდი “დინამო”, ინგრეოდა, კვდებოდა, აგებდა და აგებდა.

ერთი ამბავიც მახსოვს, “დინამოს” მმართველმა წრეებმა საქმის გარჩევა მოუწყვეს. ფეხბურთელები მკაცრად გააკრიტიკეს და გაზეთებშიაც გაშუქდა შესაბამისი სულისკვეთებით. ეს ამბავი მოგვიანებით იყო, მაგრამ სამუდამოდ დამამახსოვრდა, რომ ჩელეს აკრიტიკებდნენ, ისიც კი არ ახსოვს, რამდენი მანქანა ჰყოლიაო. ეს რა, სამშობლოს ჰიმნი იყო? რატომ უნდა ხსომებოდა…

ასეთი იყო ცხოვრება. ჩელე კი წავიდა, სად? მშობლიურ მხარეში. უმაღლესი ლიგიდან მეორე ლიგაში, მეცხრე ზონაში, სადაც საფეხბურთო ჭაპანსა სწვევდა ბათუმის “დინამო”, და ჩელემ აქ კვალი დატოვა, ბათუმელებმა იმდენი მოახერხეს, რომ პირველი ლიგის გადასასვლელ თამაშებში ჩაერთნენ. ბოლო მატჩი “კრილია სოვეტოვის” წინააღმდეგ ბათუმშია. “დინამომ” უნდა მოიგოს და პირველ ლიგაშია. კოკისპირულად წვიმს, მოედანი კი არა, ტბაა, ახლო წარსულის სახალისო პენალტის შემოქმედი ბურთს ნიშნულზე დებს. გამორბის, ურტყამს… მას ძველებურად არ დაურტყამს, ჩვეულებრივად დაარტყა და ვერ გაიტანა. მახსოვს, როგორ ჩაემხო ტალახში, ძლივს წამოაყენეს… და ბათუმელებმა მაინც მოიგეს, საგზურიც მოიპოვეს.

თავიდან პირველი ჩელე ვახსენე. ეგებ აღარავინ ელოდა, მაგრამ ჩელე კვლავ გამოჩნდა “დინამოში”. 1985 წლის მიწურულს გუნდს კვლავ ახალკაცი ჩაუყენეს სათავეში. “დინამო” მაშინ აღარაფერი იყო. მას გადარჩენისთვის უნდა ებრძოლა. გადარჩენა — აი, ამოცანა.

მე კარგად მახსოვს ის საღამო, იმიტომ, რომ სტადიონიდან კიროვის პარკში წავედი. “დინამო” “სპარტაკთან” აგებდა თბილისში. აგებდა 0:1-ს და ჩვენ წაგებას შეჩვეულნი ვიყავით. ვისაც არ ეზარებოდა, ყველა გვიგებდა. და სარბენ ბილიკზე გამოჩნდა ჩელე. მერე კი გამარჯვება – 2:1. სიხარული დიდი იყო. პარკში ავედით, სუსხი იყო, ახალკაცის ერთი ოპონენტი ამბობდა, ამ შეცვლის გამო, ბარემ ჰოკეისავით “ტროიკები” გამართოსო (ახალკაცმა წყვილი შეცვლა გააკეთა). მე გახარებული ვიყავი, ბოლოს და ბოლოს, მოვიგეთ, თანაც შინაგანად ვგრძნობდი, რომ ჩელე შეცვლილიყო, მშვენივრად ანაწილებდა ბურთს, ორთაბრძოლებს იგებდა, შორიდან ურტყამდა. იმ პატარა, საზოგადოდ არცთუ სადარდებელ “დინამოსთვის” კი მეტად მნიშვნელოვან ამბავში ჩელე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. აბა, როგორ არ გავიხსენოთ მისი ორი გოლი, კიევში რომ გაუტანა იმ “დინამოს”, იგივ სსრკ-ის ნაკრებს, ორი ძალიან მოხდენილი გოლი. ჩვენებმა 3:1 მოიგეს კიევში. ასეთი რამ კი ბოლო ოცდაათ წელიწადში, აბა, რამდენჯერ მომხდარა. 3:1 ჩვენი იყო.

ლეგენდაც იყო მაშინ: ზავაროვმა უთხრა ჩვენებს, თუ გინდათ, ორი მეკარე დააყენეთო და ამან გაამხეცაო. სხვასაც ამბობდნენ, შეთანხმებული იყოო. არ ვიცი, რა იყო, მაგრამ ყოველდღე რომ მაყურებინო ჩემპიონთა ლიგას, ის ორი გოლი მაინც არ დამავიწყდება.

ჩელეს ცუდ დროს მოუწია დაბრუნებამ. იმ “დინამოს” ერთი მიზანი ჰქონდა – გადარჩენა. გადარჩენის სულისკვეთებით მოთამაშე გუნდი კი, აბა, რა უნდა იყოს?

მერე ჩელე წავიდა. ისე წავიდა, როგორც მისი თაობის დინამოელთა სრული უმრავლესობა, გაცილებისა და ტაშის გარეშე.

მე კი ვიხსენებ ჩელეს. არც ცნობარები მომიხმარია, არც თავად მისი ძებნა მიცდია. როგორღაც ისე გამოვიდა, რომ ყოველგვარი თარიღის გარეშე მეხსიერებაში ჩარჩენილი ამბებიდან შევაკოწიწე ეს წერილი. ეს სახალხო ამბებია, ეგებ მათი უმრავლესობა არც არის მართალი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ჩელე სახალხო ფეხბურთელი იყო. რაღაც კუთხით მას ვარსკვლავიც ეთქმოდა ჩვენს ფეხუბრთში. ძალიან ხშირად ის თავის მახვილგონიერ გამონაგონს სთავაზობდა ხალხს. ზოგჯერ გამოსდიოდა, ზოგჯერ — არა. მაგრამ მაინც მგონია, რა ხასიათი უნდა გქონდეს კაცს, ტვინი როგორ უნდა გიმუშავებდეს, რომ პენალტი ღიმილის, გართობის საშუალებად აქციო.

ეს ისე, უბრალოდ, არ ხდება ხოლმე.

არც ჩელესნაირი დაბრუნება ხდება შემთხვევით.

იყო ფეხბურთელი, ჰქონდა ტიტულები, ითამაშა “მარაკანაზე” და სხვაგანაც. რაც ითამაშა, გვახსოვს, ის არ გახლდათ ისეთი მოთამაშე, ჯილდოებით, ტიტულებით და თასებით რომ ახსოვთ, მგონია, ესეც არ არის შემთხვევითი რამ. ის სახალხო მოთამაშე იყო — ხან ცხრა, ხან თეთრმეტი, ხანაც ცამეტი ნომერი, ყოველთვის ჩელე იყო — მაყურებელი გამოცოცხლდებოდა, როცა დაინახავდა ხოლმე.

1998 წლის 10 სექტემბერი

რევაზ ჩელებაძე, დავით ყიფიანი და ფირუზ კანთელაძე

 

წილი
წინა სტატიამეფე მოკვდა? ყველა მეფე ცოცხალია!
შემდეგი სტატიანეიმარი ბარსელონაში
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.