როჯერ ფედერერმა ბაზელში გამართული ტურნირის ფინალში არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაძაბულ ბრძოლაში 6-7(5), 6-4, 6-3 დაამარცხა და მშობლიურ ქალაქში მერვე, წლეულს მეშვიდე, ხოლო კარიერაში 95-ე ტიტულს დაეუფლა.

ეს ფედერერისა და დელ პოტროს 24-ე დაპირისპირება გახლდათ და 36 წლის შვეიცარიელი მაესტრო შვიდი წლით უმცროს „ტანდილელ კოშკს“ უკვე 18:6 უგებს.
როჯერი გალიდერდა მიმდინარე სეზონში მოპოვებულ ტიტულთა რაოდენობით – რეიტინგსიის პირველადგილოსანი რაფაელ ნადალი და ახალთაობის ბაირახტარი ალექსანდრ ზვერევი მას თითო ტიტულით ჩამორჩებიან.
ამ გამარჯვებით ფედერერმა ღია ტურნირთა ეპოქაში – ანუ 1968 წლიდან დღემდე – ყველაზე მეტი ტიტულის მომხვეჭ კაც ჩოგბურთელთა შორის უკან ჩამოიტოვა დიადი ჩეხი ივან ლენდლი და ახლა უკვე კენტად დგას მეორე ადგილზე. ამ სიის საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება:
ჯიმი კონორსი – 109
როჯერ ფედერერი – 95
ივან ლენდლი – 94
ჯონ მაკინროი – 77
რაფაელ ნადალი – 75
ბაზელის ტურნირის მსგავსად, სადაც მან უკვე მეცამეტედ ითამაშა ფინალში, მხიარულ როჯერს ასევე რვაჯერ აქვს მოგებული უიმბლდონიც. მისთვის ყველაზე წარმატებულ შეჯიბრებად კი კვლავაც ჰალეს ტურნირი რჩება, რომლის ზურმუხტოვან კოინდარზეც 9-ჯერ უმარჯვია.
ბაზელში მოგებამ კი როჯერს 464 589 დოლართან ერთად 500 სარეიტინგო ქულაც მოუტანა და ნადალისაგან მას ახლა 1 460 წერტიღა აშორებს (9 005 : 10 465). ამ ჩამორჩენის აღმოფხვრასა და, შესაბამისად, სეზონის რეიტინგის სათავეში დასრულებას ის იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუკი დარჩენილ ორ ტურნირზე – პარიზის მასტერსსა და ლონდონის რვაკაცაზეც – სადაც ფსონში ჯამური 2500 ქულა (1000+1500) დევს, წარმატებით იასპარეზებდა. მაგრამ, როგორც ნაფინალევს გაირკვა, დავლათიანმა ალპელმა, რომელმაც სეზონი რეიტინგის მე-16 საფეხურზე დაიწყო, ასე ხშირად მტკივანი ზურგი ისევ მოისატკივრა და მის მოსაშუშებლად და წლის შემაჯამებელი ტურნირისათვის ძალების აღსადგენად პარიზული შეჯიბრების გამოტოვება არჩია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, თუ რაფა ბერსიში თუნდაც ერთი მატჩის მოგებას შეძლებს, ახალ წელს რეიტინგის მწვერვალზე შეხვდება.
რაც შეეხება დელ პოტროს, ის ჩემპიონთა რბოლაში მერვე ადგილზე მყოფ პაბლო კარენო ბუსტას მხოლოდ 190 ქულითღა ჩამორჩება და, თუკი პარიზშიც ისევე მძლავრად გაირჯება, როგორც ამ ბოლო ორი თვის განმავლობაში, ეგებ ლონდონის რვაკაცაზეც ვიხილოთ. შეგახსენებთ, რომ წლევანდელი აშშ-ის ღია პირველობამდე ის რბოლაში მხოლოდ 47-ე გახლდათ, მაგრამ მას შემდეგ ნიუ-იორკსა და შანხაიში ნახევარფინალს უწია, ხოლო ბაზელამდე, წინა კვირაში, სტოკჰოლმის ტურნირზე იმარჯვა…

კვირასვე გაიმართა ქალთა სეზონის დამაგვირგვინებელი ტურნირის ფინალიც, რომელშიც 27 წლის პოლონური წარმომავლობის დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ კარიერაში პირველად – და თანაც გაუსაჩივრებლად – 6:4 6:4 სძლია 10 წლით უფროს ამერიკელ ვინუს უილიამსს და ასევე პირველად გახდა რვაქალას გამარჯვებული. ეს ამ ორი, რეიტინგის ყოფილი პირველადგილოსნის, მერვე შეხვედრა იყო და ვოზნიაცკიმ შვიდი წაგების შემდეგ, რომლებშიც ჯამურად მხოლოდ ერთი სეტი მოეგო, როგორც იქნა, ნავსის გატეხვა მოახერხა, რისი წყალობითაც წლის მეორე, ხოლო კარიერის 28-ე – და დასტურ უმნიშვნელოვანესი – ტიტული ირგუნა. ახლა ის სეზონს მე-3 საფეხურზე დაასრულებს, ორი ადგილით ზევით ვინუსზე, ვინაც წლეულს უიმბლდონისა და აშშ-ის ღია პირველობათა ფინალებს მიატანა და რვაქალას უხუცესი ფინალისტიც შეიქნა.
ქალთა რეიტინგსიის თხემზე კი ახალ წელს 26 წლის რუმინელი სიმონა ჰალეპი იზეიმებს. ის მე-13 ქალი მეჩოგნეა, ვისაც ამგვარი პატივი ერგება 1975 წლის, ანუ ქულათა კომპიუტერული დათვლის შემოღების შემდეგ.