ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ინტერვიუ დისკუსიას ემსგავსება, დაახლოებით ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, როცა  ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს ვესტუმრე… ინტერვიუს სტრუქტურა ზოგჯერ არ არის სტანდარტული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებს გავცდით, უბრალოდ, ქართულ ფეხბურთში ბევრი ისეთი საკითხი და ნიუანსია, გულშემატკივარი კარგად რომ არ იცნობს.

ვფიქრობ, ამ ინტერვიუში ბევრი რამ საყურადღებოა და ამიტომაც ინტერესმოკლებული არ იქნება ჩვენი მკითხველისთვის…

არის რამდენიმე საკითხი, რისი ბოლომდე მიმოხილვა ამ ინეტრვიუში ვერ მოხერხდა, თუმცა ამ დიალოგით როდი იწურება  თემები და „სარბიელი“ სამომავლდაც ეცდება, ყველა საჭირბოროტო თემაზე არგუმეტირებული დისკუსია გაიმართოს…

სადღეისოდ ყველაზე აქტუალური, ალბათ, ეროვნული ნაკრების მწვრთნელის საკითხია. რა ეტაპზეა მოლაპარაკებები ვლადიმერ ვაისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე?

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ისევ ვლადიმერ ვაისი იქნება
  • ამ თემაზე ბოლო კომენტარი რომ გავაკეთე, მას შემდეგ მქონდა შეხვედრა ვაისთან. ახალი კონტრაქტი ხელმოწერელი არ არის, თუმცა ამას ბევრიც არაფერი უკლია, დეტალებია შესათანხმებელი. დამდეგი შესარჩევისთვის უკვე სხვა რეალობა იქნება და გვაინტერესებდა რა როგორ წარმოუდგენია ნაკრების თავკაცს. არის პრობლემები, რამდენიმე ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს და სამომავლოდ რამდენად მზად იქნებიან, რომელი ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურებაა შესაძლებელი. ვაისს გუნდთან უკვე ნამუშევარი აქვს და იცის, რა რესურსთან აქვს საქმე.
  • ვაისის გაწვრთნილ გუნდს არ ჰქონდა კარგი შედეგი და მაინც რჩება თანამდებობაზე – ფეხბურთის ფედერაცია როცა ამ გადაწყვეტილებას იღებდა, ითვალსწინებდა, რომ მწვრთნელის ხშირი ცვლა კარგი არ არის?
  • მთლად ასე ვერ ვიტყოდი. წინა შესარჩევში გუნდმა თამაში ვერ მოიგო და ყველა თვითკრიტიკულადაა განწყობილი – სამწვრთნელო შტაბი, ფეხბურთელები და ჩვენც.
  • მაშ, რა არის საიმისო არგუმენტი, რომ ვაისი რჩება საქართველოს ნაკრებში?
  • როგორ ვითამაშეთ წინა შესარჩევში, რა პერსპექტივა გვაქვს, როგორ მუშაობს მწვრთნელი, რა ურთიერთობა აქვს ფეხბურთელებთან, კიდევ ბევრი ფაქტორია… ნაკრებმა შესარჩევ ციკლში ხუთი ქულა დააგროვა და მწვრთნელი ამიტომ უნდა დავტოვოთ გუნდშიო, არავინ ამბობს. თუმცა, მესმის, ყველაფერი საბოლოო ჯამში გუნდის შედეგით ფასდება. მიმაჩნია, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი უფრო მოუმატოს და შეაბამისად, რაღაც შედეგს მიაღწიოს. როგორმე ავცდეთ იმას, რომ ყოველი შესარჩევი ციკლის შემდეგ მწვრთნელი იცვლება – გადაწყვეტილება ამ მოტივით არ მიგვიღია.
  • კულუარებში ითქვა, ვაისს ყვცელაზე დიდი პრემია წინა შესარჩევში მოლდოვასთან ჰქონდა დანიშნულიო. რამდენად ახლოსაა ეს სიმართლესთან?
  • წინა წლებში ასე იყო: გვყავდა მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები და არ იყო იმის მოტივაცია, რომ მათი ანაზღაურება შეფასებულიყო შედეგიდან გამომდინარე. ნაკრებს ჰქონდა პრემიები ჯგუფში პირველ ან მეორე ადგილზე გასვლისთვის, მაგრამ მწვრთნელის ხელშეკრულება გუნდის შედეგზე რომ ყოფილიყო ორიენტირებული, ეს ჩვენთან მანამდე არასდროს მომხდარა. ახლა, ასაკობრივ ნაკრებებშიც არსებობს მწვრთნელებისთვის ასეთი მოტივაცია. მოლდოვას რაც შეეხება, მოგებაზე იყო პრემია, ოღონდაც ყველაზე დიდი პრემია არ ყოფილა.
  • უნდა იყოს თუ არა საჯარო საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ანაზღაურება?
  • ჩვენთან ეს არის იმ დაფინანსების ფარგლებში, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია, რა პრობლემაა? ყველგან ხდება ისიც, რომ ზოგჯერ ორივე მხარეს, ან ერთს, ან მეორეს, არ აქვს სურვილი საჯარო გახდეს ასეთი სახის ინფორმაცია.
  • კახა ცხადაძის შემთხვევაში მისი ხელფასი ოდენობა საჯარო გახადეთ…
  • სამინისტროში არ იყო ეს ინფორმაცია?!
  • გულშემატკივარმა არ იცოდა…
  • საჯარო არ იყო ეს ინფორმაცია?! რომ მოეთხოვათ, არ მისცემდნენ?!
  • დამდეგ შესარჩევში რა კონკრეტულ მიზანს დაუსახავთ ვაისს?
  • კონტრაქტი ჯერ ხელმოწერილი არ არის და რა მოხდება, რა როგორ იქნება, ჯერ ვერ გეტყვით. როცა კონტრაქტს ხელი მოეწერება, მერე დავადასტურებ, რომ მწვრთნელი ჩვენთან იქნება მომდევნო წლებში და მიზნებზეც მაშინ ვილაპარაკებ.

  • ეროვნულ ჩემპიონატზე გადავერთოთ. ფედერაციაში თქვენი მოსვლის შემდეგ შეიცვალა ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი და გუნდების რაოდენობა რანგით უმაღლეს ლიგაში. რატომ მაინცდამაინც 10 გუნდი? რა ფორმულით გამოთვალეთ?
  • ვერ გეტყვით რატომ ათი და არა – თორმეტი. არსებობს ჩემპიონატები, სადაც ზუსტად ანალოგიური სისტემაა. საქართველოს დღევანდელ ჩემპიონატში რომ იყოს 16 წელგამართული და ძლიერ გუნდი, ეს ძნელად მისაღწევია. ათი კი შესაძლებელია.
  • და ეს ათივე გუნდი შეძლებულია?
  • შესაძლებელია, რომ ათი გუნდი იყოს წელგამართული. მიზანიც ეს არის, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ზედა და ქვედა ათ-ათი გუნდი გახდეს შედარებით დალხენილი.
  • წლეულს, ჩვენი გუნდები როგორც გამოვიდნენ ევროსარბიელზე, ყველასათვის ცნობილია. დაახლოებით როდისთვის უნდა გაამართლოს ამ ახალმა ფორმატმა და ათგუნდიანმა ჩემპიონატმა?
  • შეიძლებოდა პირველსავე წელს მოეტანა ამას შედეგი, თუმცა ფაქტია, ასე არ მოხდა. სისტემა შევცვალეთ და ავტომატურად, ევროტურნირებზე წარმატებით ვითამაშებთ – ასე იოლად რომ იყოს საქმე მოწყობილი, მაშინ ყველა შეცვლიდა სისტემას. ამ სისტემამ რომელიმე გუნდს შეუშალა ხელი? პირიქით, კარგი არ არის ის, რომ ექვსი თვით ადრე იცი ევროტურნირზე ითამაშებ თუ არა?! სისტემა კი არ არის პრობლემა, პრობლემა საქმისადმი მიდგომაა, დამოკიდებულება და მომზადება კონკრეტული მატჩისთვის.

  • ქართულ კლუბებში აღარ არის სერიოზული ინვესტიციები კერძო სექტორიდან. კარგია, რომ არსებობს ფეხბურთის განვითარების ფონდი, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მხოლოდ ასეთი დოტაცია არ კმარა საერთაშორისო სარბიელზე მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის. საქართველოში რაღაც -რაღაცეები იცვლება, საფეხბურთო მეცენატები კი აღარ ჩანან – როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?
  • გეთანხმებით, ფეხბურთს მზარდი ინვესტიციები სჭირდება. ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს აზერბაიჯანული კლუბი, რომლის ბიუჯეტიც მთლიანად ჩვენი ფეხბურთის წლიურ ბიუჯეტს აღემატება. ფაქტია, რომ რაღაც დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ფეხბურთი არის სფერო, სადაც უზარმაზარი ფული ტრიალებს და ამ სფეროს არანაირი ფინანსური კრიზისი არ შეხებია, პირიქით, ფეხბურთს უფრო და უფრო მეტი დაფინანსება აქვს. ფინანსები, ინვესტიციები – ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკაზეა დამოკიდებული. თუ ვინმეს ჰგონია, ფეხბურთში იმიტომ უნდა მოვიდეს, რომ ფული იშოვოს, ასე არ ხდება. ძლიერი, წელგამართული კლუბები შემოსავლებს ისევ კლუბში აბრუნებენ, უფრო ძლიერ ფეხბურთელებს ყიდულობენ.
  • კონკრეტულად გკითხავთ – არის იმის პერსპექტივა, რომ ილია კოკაია მძლავრი ინვესტიციებით დაბრუნდეს „ზესტაფონში“? ამის თაობაზე გქონდათ შეხვედრა მასთან?
  • „ზესტაფონი“ ნამდვილად აკლია ქართულ ფეხბურთს და ძალიან გამიხარდება ამ გუნდის აღორძინება. სამწუხაროდ, გარკვეული დროის წინ, სხვადასხვა მოსაზრებების გამო, მათ მზადყოფნა არ გამოთქვეს ერთი საფეხურით ქვედა ლიგაში თამაშზე. რა თქმა უნდა, „ზესტაფონთან“ ურთიერთობას ვაგრძელებთ და იმედი მაქვს, რომ ეს გუნდი დაუბრუნდება ქართულ ფეხბურთს. რამდენად სამართლიანია ის, რომ „ზესტაფონი“ დაბრუნდეს პირდაპირ უმაღლეს ლიგაში, ამას მე ვერ ვიტყვი, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს გუნდი მალე ისევ გამოჩნდება საფეხბურთო რუკაზე, „ზესტაფონი“ მხოლოდ ზესტაფონს კი არა, მთლიანად ქართულ ფეხბურთს სჭირდება.
  • წლების წინ საქართველოს ჩემპიონატს პროფესიული ფეხბურთის ლიგა ატარებდა. უახლოს პერიოდში ველოდოთ პროფლიგის ხელახლა შექმნას?
  • მიმაჩნია, რომ პროფლიგა უნდა არსებობდეს, თუმცა არა ისე, რომ შეიქმნას პროფლიგა და მაინც ფეხბურთის ფედერაციამ ჩაატაროს ჩემპიონატი და აკონტროლოს სიტუაცია. პროფლიგა თუ შეიქმნება, ის ფინანსურად ძლიერი უნდა იყოს და მზად საორგანიზაციო საკითხების მოგვარება არ უჭირდეს. თუ კლუბების მხრიდან პროფლიგის შექმნის ინიციატივა იქნება, მე ამას მხარს დავუჭერ.
  • ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ასარჩევია მიმართულება. მაგალითად, „დინამო“ ფეხბურთელების ტრანსფერებს წარმატებით ახორციელებს და როგორ ფიქრობთ, ეს სამაგალითო მიმართულებაა სხვა ქართული კლუბებისთვისაც? ფაქტია, მწირი ბიუჯეტი მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის დიდ შესაძლებლობებს ვერ ქმნის…
  • გუნდები ევროტურნირზე რამდენიმე ეტაპის გადალახვას მეტწილად ლეგიონერების ხარჯზე ახერხებენ. სამხრეთ ამერიკიდან საშუალოზე მაღალი კლასის ფეხბურთელების მოწვევა წარმოუდენლად დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული და ასეთი ლეგიონერები ხელს უწყობენ გუნდის წინსვლას. ამით არ ვამბობ, რომ ჩვენს ჩემპიონატში კარგი ფეხბურთელები არ არიან. ვერ ჩავერევი ჩვენი კლუბების სატრანსფერო პოლიტიკაში, მხოლოდ ვამბობ, რომ ეს შეიძლება ასე მოხდეს. ექსპორტს რაც შეეხება, „დინამოს“ ერთ-ერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი კიდევ ერთი სეზონით რომ დარჩენილიყო საქართველოში, უფრო კარგი იქნებოდა. დამეთანხმებით, რომ პერსპექტიული ახალგაზრდები სურათს ქმნიან ჩვენს ჩემპიონატში.
  • უმაღლესი ლიგის კლუბებში, რომლებიც დოტაციას იღებენ სახლემწიფოსგან, არცთუ იშვიათად გვხდებიან ადამიანები, რომლებსაც ადრე არ უმუშავიათ ქართულ ფეხბუთში, ანუ ხალხის ფულით ფინანსდებიან ისეთები, რომლებსაც არანაირი საფეხბურთო გამოცდილება არ გააჩნიათ. ასეთი კადრები გვხდებიან საკლუბო ლიცენზირებით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, მათ ფაქტობრივად, არანაირი საფეხბურთო CV არ გააჩნიათ და საფეხბურთო საქმიანობას ქვედა ლიგებიდან კი არა, პირდაპირ უმაღლესი ლიგიდან იწყებენ. აქედან ყალიბდება ნეპოტიზმის სურათიც. ფედერაციას არ შეუძლია კონკრეტული საკადრო სტანდარტების დაწესება უმაღლესი ლიგის კლუბებისთვის?
  • სტანდარტს ფეხბურთში აწესებს გულშემატკივარი.
  • გულშემატკივარს დავაკისროთ პასუხისმგებლობა?
  • კლუბი არის გულშემატკივრის და გულშემატკივარმა უნდა მოითხოვოს და აიძულოს ხელმძღვანელობა, რომ ყველაფერი რიგზე იყოს. გინახავთ საქართველოში, რომ გულშემატკივარს მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდეს? სამაგიეროდ გვინახავს, როცა გულშემატკივრების საყვარელი გუნდი შინ თამაშს წააგებს, ეს არის ფედერაციიის ბრალი, მსაჯის ბრალი… გინახავთ, რომ გულშემატკივრებს თავიანთი საყვარელი გუნდის მიმართ ეთქვათ, დღეს თქვენ ვერ ითამაშეთ კარგად, რაღაც უნდა შეცვალოთ, უკეთ მოემზადოთო?!.
  • ეს უკვე მენტალიტეტის საკითხია…
  • აქედან მოდის ყველაფერი.
  • ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის აკადემიაში ბავშვის ფეხბურთზე მიყვანა 180 ლარი ღირს. გასაგებია, რომ ფეხბურთის ფედერაცია აქ არაფერ შუაშია, ოღონდაც საკითხავია, აპირებს თუ არა ფეხბურთის ფედერაცია შექმნას მეთოდური ცენტრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, სადაც თანხებთან აღარ იქნება დაკავშირებული მოზარდისთვის საფეხბურთო გაკვეთილების მიღება?
  • ამ დროისთვის ფეხბურთის ფედერაციას აქვს აკადემია თბილისსა და ზუგდიდში, 2018 წელს აკადემია გვექნება ლაგოდეხშიც, სადაც ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგეთ, მოედანი დავაგეთ. ეტაპობრივად ამ ჩამონათვალს სხვა რეგიონებიც უნდა დავამატოთ, რათა საქართველოს ყველა კუთხეში იყოს ისეთი აკადემია, სადაც ბავშვები უფასოდ ივარჯიშებენ და იცხოვრებენ. ყველაფერი ეს დაკავშირებულია დიდ ფინანსებთან და ამას ფეხბურთის ფედერაცია თავისივე მოზიდული სახსრებით გააკეთებს. გაისად დავიწყებთ ბავშვთა სკოლების დაფინანსების პროგრამას კონკრეტული მიმართულებებით, ამ სკოლების კატეგორიების და მოთხოვნების შესაბამისად. ეს მანამდე არასდროს არ გაკეთებულა. ამ პროგრამის ფარგლებში უფასოდ გადავამზადებთ ბავშვთა სკოლების მწვრთნელებს.
  • ფეხბურთის ფედერაცია არის გარკვეულწილად პოლიტიზირებული – მისი პრეზიდენტი პარლამენტის წევრიც არის. როგორ ასწრებთ ორივე პოზიციაზე მუშაობას?
  • სანამ პოლიტიკაში წავიდოდი, მანამდე გავხდი ფედერაციის პრეზიდენტი. თუ ვინმეს ჩემი მუშაობის შეფასება სურს, ვიტყვი, რომ თამაში არ გამიცდენია, სამსახურში ვარ, შეხვედრებს ვმართავ, ვესწრები ყველაფერს… ფაქტია, საქმეს არ ვაკლივარ. გარდა ამისა, ჩვენი სისტემა ითვალისწინებს გუნდურობას, ყველას კონკრეტული მიმართულება და პასუხისმგებლობა აქვს.
  • სიტყვამ მოიტანა და ერთხელაც გადავწვდები პორფლიგის თემას. რას იტყვით, რომ ყველა კლუბი გაერთიანდეს პროფლიგაში და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მომავალ არჩევნებში კლუბების სახელით ფედერაციის ერთ სუბიექტს, პროფლიგას ჰქონდეს ხმა, რითაც ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში სახელმწიფოს ჩარევის ბევრად ნაკლები შესაძლებლობა იქნება…
  • სანამ ფედერაციის პრეზიდენტი გავხდებოდი, ვთქვი, რომ უფრო მეტი წევრი უნდა იყოს, უფრო მეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
  • რატომ? არ აჯობებს, რომ კლუბები გამოეყონ ფედერაციას, მათ ჩაატარონ ჩემპიონატი იმ ფორმატით და იმდენი გუნდით, როგორც თვითონ სურთ, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში კი ჩაერთონ მხოლოდ ფედერაციის სუბიექტები?
  • რასაც ახლა ამბობთ, ზუსტად ეს არის გერმანული მოდელი და რაც გერმანიაში მინახავს, ბევრ რამეს მხარს დავუჭერ. ამით ვაფიქსირებ საკუთარ პოზიციას, ძალით კი ვერავის ვერაფერს გავაკეთებინებ.
  • საქმეც იმაშია, რომ პროფლიგის შექმნა და არჩევნებზე ერთი ხმის ქონა, ბევრს არ აძლევს ხელს. მაგალითად, ფედერაციის ბოლო არჩევნების წინ, ისეთმა მუნიციპალურმა კლუბმაც კი მიმართა ფედერაციას წევრობის, ანუ არჩევნებში მონაწილეობის თხოვნით, რომელიც მანამდეც იყო ფედერაციის წევრი. ასეთი სისულელეები სამომავლოდ, მგონი, აღარ უნდა მოხდეს…
  • უკვე ორი წელია აქ ვარ და ფედერაციის წევრობა არავის მოუთხოვია. პროფლიგის თემაზეც არავინ არ მოსულა და მე თუ შევქმენი პროფლიგა, ამას რა აზრი აქვს?!
  • ინტერვიუს ბოლოს ფეხბურთის ფედერაციის აღმსკომზეც გკითხავთ. თქვენი გაპრეზიდენტების შემდეგ, როცა ალექსანდრე იაშვილი ჯერ კიდევ ფეხბურთელი იყო და „დინამო თბილისში“ თამაშობდა, ეს კლუბი აღმასკომში, ფაქტობრივად, სამი კაცით იყო წარმოდგენილი: რომან ფიფია, ნიკა ჯღარკავა და იაშვილი. გასაგებია, რომ ფორმალურად ჯღარკავა და იაშვილი სხვადასხვა სუბიექტებს წარმოადგენდნენ, მაგრამ ამით საქმის არსი მგონი, არ იცვლება. „ვიტ ჯორჯიას“ პრეზიდენტი გურამ რუხაძე ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის პერიოდში აღმასკომს ასოცირებული წევრის სტატუსით ესწრებოდა, თქვენი მოსვლის შემდეგ კი რუხაძეს აღმასკომზე არ იწვევენ. „ვიტ ჯორჯიას“ ფედერაციამ არ მისცა უმაღლეს ლიგაში თამაშის ლიცენზია.  ჟურნალისტი ამ დავაში ვერ ჩაერევა. აღმასკომის საკითხში კი ფაქტი ფაქტად რჩება – გურამ რუხაძე ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში თქვენი მთავარი კონკურენტის მხარდამჭერი იყო. რამდენად სამართლიანია ეს ყველაფერი? რუხაძე ხომ 1998 წლიდან აფინანსებს „ვიტ ჯორჯიას“ და მისი ადგილი აღმასკომში არანაირი სტატუსით არ მოიძებნა…
  • დღეს ფედერაციაში ის ხალხიც მუშაობს, არჩევნებში ხმა ჩემს საწინააღმდეგოდ რომ მისცა. რატომ უკავშირებთ ამ ყველაფერს ერთმანეთს…