საინტერესო ამბები ხდება ბოლო დროს. ინგლისელებმა, რომელებიც 1966 წლის მერე სანაკრებო დონეზე ვერაფერი შვილები იყვნენ, უცებ ლამის ყველაფერი მოიგეს…
წლეულს მაისში 20 წლამდელმა „ახალგაზრდა ლომებმა“ კორეული ტურნირის ფინალში ვენესუელას სძლიეს და ამ ასაკში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. მერე, ივლისში, 19-წლამდელებმა საქართველოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იპირველეს. გორულ ფინალში პორტუგალიელ თანატოლებს სძლიეს.
ახლა კი ინდოეთში დასრულებულ ტურნირზე გადამწყვეტ მატჩში ესპანელებს მოუგეს… ჰოდა, შუშანიკისეული რიტორიკული კითხვის პერიფრაზი რომ ვიხმაროთ: ოდეს ყოფილ არს აქამომდე, რამეთუ ინგლისელებს რაიმე ნუგეშისა საცემელი მოეხვეჭოთ? ხუმრობა იქით იყოს და ბრიტანელთა წლევანდელმა წარმატებებმა რაღაც ძალიან ძველი, მტვერმიყრილი, ლამის მისტიკური ამბები გაგვახსენა.
თავისებური ხალხია ინგლისელები – ამაყი და თავმოყვარე. ომამდე მსოფლიო ჩემპიონატებზე თამაშს უარობდნენ, აქაო და „მე ზევითა ვარ, შენ ქვევითო,“ მაგრამ 1950 წლის მუნდიალზე გამოჩენისთანავე დარწმუნდნენ, რომ თურმე ფეხბურთის თამაში სხვებსაც ესწავლათ.
წლები გადიოდა მაგრამ ისევ ყველაზე ძლიერები ეგონათ თავი. 1966 წლის საშინაო ტრიუმფს თუ არ ჩავთვლით, სანაკრებო დონეზე ღირებული არაფერი შეუქმნიათ, თუმცა ყოველი დიდი ტურნირის წინ მწვრთნელ-ფეხბურთელები ერთთავად იმეორებდნენ ამა თუ იმ ქვეყანაში გასამარჯვებლად მივემგზავრებითო. ბოლო ასეთი ფოკუსი ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის წინ იყო, როცა უეინ რუნიმ თქვა, კარგად მოვემზადეთ და ვფიქრობ, ჩემპიონობისთვის მზად ვართო. შედეგად, მეოთხედფინალში ლონდონის ერთ უბანში მაცხოვრებლებზე უფრო მცირერიცხოვანმა ისლანდიამ გამოთიშა ტურნირიდან და „მრავლმილიონიანი“ ვარსკვლავები კუდამოძუებულები გაისტუმრა სამშობლოში.
ცხადია, კუნძულებზე ისეთი ხალხიც მრავლადაა, დღევანდელობას საღი თვალით რომ უცქერს, ჰოდა სწორედ ასეთების მეცადინეობით 2012 წლის ოქტომბერში გრანდიოზული სანაკრებო ცენტრი გახსნეს, რომელიც წმინდა გიორგის სახელობისაა და 130 ჰექტარზეა გადაჭიმული. იქ ჩინებული ინფრასტრუქტურის გარდა, 12 უმაღლესი კლასის მოედანია ინგლისის ყველა ასაკის ნაკრებისთვის. ის არის ვარჯიშის, ანალიზის, მწვრთნელთა გადამზადების, სპორტული მედიცინის და კიდევ უამრავი რამის ადგილი.
მუშაობს ხალხი. ამას დაუმატეთ საკლუბო აკადემიები, რომლებშიც ბოლო დროს განსაკუთრებით დიდი ინვესტიციები განხორციელდა და წარმატების საიდუმლოც გასაგები გახდება.
„გაოგნებული ვარ… ალბათ, ხვალ უკეთ გავითავისებთ რა გავაკეთეთ. ფანტასტიკაა. ვფიქრობ, ღირსეული ჩემპიონები ვართ. ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ, რომელიც გუნდურობის, მტკიცე ხასიათისა და ინდივიდუალურობის შესანიშნავი შერწყმა გამოვიდა.
ეს თასი ჯილდოა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გულმოდგინედ მუშაობს კლუბების აკადემიებში. ჩვენი მოთამაშეები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ფეხბურთის ასოციაციის ახლადშექმნილი სისტემით გაიზარდნენ. შედეგიც სახეზეა. ეს აღიარებაა, არა მხოლოდ იმისა თუ სად არის ინგლისური ფეხბურთი დღეს, არამედ საით მიდის მომავალში, – თქვა ფინალური მატჩის შემდეგ ბრიტანელთა თავკაცმა სტივ კუპერმა.
ფინალი კი, რომელიც კალკუტის Vivekananda Yuba Bharati Krirangan-ის სტადიონზე გაიმართა, საინტერესო გამოდგა. შეხვედრას ინტრიგას ისიც მატებდა, რომ წლეულს მაისში, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩშიც ეს გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ ესპანელებმა პენალტებით იმარჯვეს. ამჯერადაც ნახევარი საათის თავზე, სერხიო გომესის დუბლით 2:0 იგებდნენ, მაგრამ 44-ე წუთზე ტურნირის საუკეთესო მეგოლემ, ლივერპულელმა რიან ბრიუსთერმა შეაგდო, რაც გადამწყვეტი გამოდგა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მეორე ნახევარში „ვულვზის“ გიბს უაიტმა, „სიტის“ ფილ ფოდენმა (ორჯერ) და „ჩელსის“ მარკ გეჰიმ ანგარიში გამანადგურებელი – 5:2 გახადეს.
მოკლედ, რევანში შთამბეჭდავი გამოდგა.
ფინალამდე კუპერის შეგირდებმა ჯგუფში ჩილეს 4:0, მექსიკას 3:2 და ერაყს 4:0 მოუგეს. მერვედფინალში უგოლო ორი ტაიმის შემდეგ იაპონიას პენალტებით 5:3 სძლიეს. მეოთხედფინალში აშშ-ს 4:0, ნახევარფინალში კი ბრაზილიას 3:1 აჯობეს.
ინგლისი მეორე ქვეყანა გახდა რომელმაც ერთი წლის განმავლობაში მსოფლიო ორი ასაკობრივი ჩემპიონატი მოიგო. მანამდე ასეთი რამ 2003-ში ოდენ ბრაზილიელებმა მოახერხეს. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი, ფინალში დუბლის ავტორი, „სიტის“ ფორვარდი ფილიპ ფოდენი გახდა, საუკეთესო ბომბარდირი კი „ლივერპულის“ შემტევი რიან ბრიუსტერი (8 გოლი, აქიდან 2 ჰეთ-თრიქი).
იმ 21 ფეხბურთელიდან, რომლებიც კუპერმა ინდოეთში წაიყვანა, ხუთი „ჩელსიდან“, სამი კი „სიტიდან“ არის და ეს ბუნებრივიცაა, რადგან სწორედ ეს გუნდები ხვდებოდნენ ერთმანეთს ბოლო სამი წლის განმავლობაში ასოციაციის თასის ახალგაზრდულ ფინალში და სამივეჯერ „ჩელსიმ“ იმარჯვა. ახლაც, 8 ტურის შემდეგ, „არისტოკრატები“ დამაჯერებლად ლიდერობენ ჭაბუკთა პრემიერლიგის სამხრეთის ჯგუფს.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მალე მათი პირველ გუნდებში გადასვლის საკითხი დადგება და აქ პრობლემები ჩნდება. აი, რას ამბობს „ლივერპულის“ ყოფილი კაპიტანი ჯეიმი კარაგერი: „ბოლო წლებში ბევრს ვაკრიტიკებდი საკლუბო აკადემიებს, იმიტომ რომ მათ აღზრდილებს პრემიერლიგაში ადგილის დამკვიდრება უჭირდათ. ბოლო თვეებში კი ჩვენი ჭაბუკების საერთაშორისო წარმატებების მომსწრე გავხდით და იმედია მათ მაინც მიეცემათ უმაღლეს დონეზე თამაშის საშუალება.“
ნაცნობი პრობლემაა არა? სხვას რომ თავი დავანებოთ, გავიხსენოთ ამავე ასაკის 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი სლოვენიაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში გააღწია და იქ დრამატულად დამარცხდა მომავალ ჩემპიონ ჰოლანდიასთან. იმ გუნდში თითქმის ყველა ვარსკვლავი იყო, მაგრამ სად არიან ისინი დღეს?