დაიბადა 1918 წლის 13 ივლისს მილანში
ფორმულა 1-ში გამოდიოდა 1950-55 წლებში
1952 და 1953 წლების მსოფლიოს ჩემპიონი
1951 წლის ვიცე-ჩემპიონი
1950 – მეხუთე ადგილი
1954 – ოთხი რბოლა, 0 ქულა
1955 – ორი რბოლა, 0 ქულა
31 რბოლა, 13 მოგება, 17 პოდიუმი, 14 პოული, 13 უსწრაფესი წრე, 5 დიდი სლემი, 140, 64 ქულა
გუნდები: „ფერარი“ (1950-1953, 1954), „მაზერატი“ (1954), „ლანჩა“ (1954-1955)
დაიღუპა 1955 წლის 26 მაისს „მონცაზე“ ვარჯიშისას
1952-1953 წლებში სწორედ ალბერტო ასკარის ტრიუმფმა საფუძველი ჩაუყარა „სამეფო რბოლების“ ყველაზე ტიტულიანი გუნდის, „ფერარის“ მომავალ ფანტასტიკურ პოპულარობას. იგი ამ იტალიური სუპერსაჯინიბოს ერთადერთი იტალიელი გვირგვინოსანია. შემდეგ იყვნენ არგენტინელი ხუან მანუელ ფანხიო, ბრიტანელები მაიკ ჰოტორნი და ჯონ სარტისი, ამერიკელი ფილ ჰილი, ავსტრიელი ნიკი ლაუდა, სამხრეთაფრიკელი ჯოდი შექტერი და გერმანელი მიხაელ შუმახერი.
1955 წელს მონცაში ვარჯიშისას, დაღუპვამდე ალბერტომ ოთხი სრული სეზონი ჩაატარა და მხოლოდ 31 რბოლაში მოასწრო გაჯირითება, ყველაზე ცოტაჯერ მეფორმულე ჩემპიონთაგან. მოიგო 13 დიდი პრიზი, აქედან ცხრა ზედიზედ (1952-1953), რაც სადღეისოდაც, ნახევარი საუკუნის შემდეგ სარეკორდო მოსავლიანობაა. მეორე შედეგი აქვს 2004 წელს შვიდჯერ მომგებ შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერს.
ასკარი ერთადერთია იმ ოთხ ჩემპიონთა შორის, ვინც სიცოცხლე ტრასაზე დაასრულა – მისი ბედი გაიზიარეს ჯიმ კლარკმა (1968), იოხენ რინდტმა (1970) და აირტონ სენამ (1994).
ალბერტო მეოცე საუკუნის ოციანი წლების იტალიელი ავტოვარსკვლავის, ანტონიო ასკარის შვილი იყო. საჭეს პირველად 11 წლისა მიუჯდა, ოღონდ ჯერ მოტოციკლისას. მალე ორი ბორბალი ოთხით შეცვალა და თავიდან მამამისის კოლეგა-მეგობრის, ენცო ფერარის „ალფა რომეოს“ დააქროლებდა, მერე თანამემამულე მძღოლ პიერო ტარუფისთან საზიაროდ ნაყიდ „მაზერატის“.
პირველ წარმატებას ალბერტომ 1948 წელს მიაღწია, როცა ყველას აჯობა სან რემოს დიდი პრიზის გათამაშებაში. მომდევნო სეზონში უკვე სამი რბოლა მოიგო, 1950 წელს კი პირველ საფორმულო მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაება „კომენდატორე“ ფერარის მანქანით. ეს იყო „ფერარი 375“ 4,5-ლიტრიანი ძრავით, რომელიც მეორე, მონაკოური ეტაპიდან გამოჩნდა ტრასებზე. დებიუტი წარმატებული გამოდგა – 31 წლის ასკარი მონტე კარლოს ქუჩებში მეორე მივიდა ფინიშთან არგენტინელი „მაესტრო“ ფანხიოს შემდეგ, მაგრამ მომდევნო სამ რბოლაში ხელი მოეცარა, საბოლოოდ 11 ქულას მოუყარა თავი და მეხუთე ადგილი დაიკავა.
1951 წლის ჩემპიონატი ალბერტო ასკარისთვის ბევრად უკეთესად წარიმართა, პირველი რბოლაც მოიგო – გერმანიაში, ნიურბურგის უგრძეს და ურთულეს ტრასაზე, მერე იტალიაშიც ყველას აჯობა და ესპანური დასკვნითი ეტაპის წინ მშვენიერი საჩემპიონო შანსიც ჰქონდა – ლიდერ ფანხიოს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩებოდა. ალბერტომ „პედრალბესზე“ კვალიფიკაცია მოიგო და თავიდან რბოლაშიც ყოჩაღად მიდიოდა, მაგრამ სამჯერ გაუსკდა საბურავები, მხოლოდ მეოთხე იყო ფინიშთან და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.
სეზონის შემდეგ იმ პერიოდისთვის საუკეთესო გუნდმა „ალფა რომეომ“ ფინანსური პრობლემების გამო „სამეფო რბოლები“ დატოვა, კიდევ ერთ-ორ საჯინიბოსაც მატერიალურად გაუჭირდა და ერთადერთ ფავორიტად „ფერარი“ დარჩა. საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამაც კრიზისიდან გამოსვლის მარტივი გზა გამონახა. გადაწყდა, რომ მომდევნო ორი ჩემპიონატი ნაკლებმძლავრი, ფორმულა 2-ის პარამეტრებიანი მანქანებით ჩატარდებოდა, ასეთები კი მრავლად იყო. ძრავების მოცულობა 2000 კუბურ სანტიმეტრამდე შემცირდა. ვარაუდობდნენ, რომ ამით უფრო მეტ მონაწილეს მიიზიდავდნენ და გუნდების ქვორუმი აღდგებოდა, თანაც რაოდენობის გაზრდით კონკურენციაც გაიზრდებოდა და „ფერარის“ დომინირება შეიზღუდებოდა.
ალბერტოს ეპოქა
ვარაუდი სანახევროდ გამართლდა. გუნდები მართლაც სოკოებივით მომრავლდნენ, მაგრამ დაძაბული ბრძოლის ნაცვლად ფორმულა 2-ის ჩემპიონატები „ფერარის“ უიოლესი გასეირნება გახდა. სკუდერიელებმა ორ სეზონში 15 რბოლიდან 14 მოიგეს.
„წითლების“ მთავარმა კონსტრუქტორმა აურელიო ლამპრედიმ ფანტასტიკური ოთხცილინდრიანი ძრავა შექმნა, წინამორბედზე 42 კილოგრამით მსუბუქი და 25 ცხენის ძალით უფრო ღონიერი. მთელი მანქანაც პრაქტიკულად ახალი იყო. 180-ცხენისჯანიანი „ფერარი ტიპო 500“, რომელიც 240 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებდა, გამოირჩეოდა კონსტრუქციის სისადავით და იმავდროულად გასაოცარი საიმედოობით, სამართავადაც მეტად მოხერხებული იყო.
ასკარიმ 1952 წლის ჩემპიონატი პირველი ეტაპი 18 მაისს შვეიცარიის „ბრემგარტენზე“ გამოტოვა, რადგან იმ დღეებში ინდიანაპოლისის (აშშ) 500-მილიან მარათონში ცდიდა ძალას. „ფერარი 375“-ით ევროპელებისთვის უცხო, ოვალურ ტრეკზე თავი ღირსეულად ეჭირა, 150 კილომეტრის გავლის მერე მერვე იყო, მაგრამ საბურავი გაუსკდა და ბრძოლას გამოეთიშა. ფორმულაში დაბრუნებულმა უმოკლესი, სულ 110-დღიანი სეზონის ექვსივე რბოლა მოიგო – ბელგიაში, საფრანგეთში, ინგლისში, გერმანიაში, ჰოლანდიასა და იტალიაში, ექვსივეში უსწრაფესი წრე და ხუთი პოულიც მიითვალა, 53,5 ქულა დააგროვა და ზუსტად ორმაგი სხვაობით აჯობა მეორე ადგილზე გასულ თანაგუნდელ ფარინას. აღსანიშნავია, რომ წინა წლის ტრიუმფატორ ფანხიოს „მონცაზე“ ავარიისას ტრავმის გამო მთელი ჩემპიონატი გაუცდა.
ალბერტო ექვსივე ტრასაზე შეუდარებელი იყო და მაინც, გამორჩეულია „ნიურბურგრინგზე“ გამარჯვება. მკვეთრ აღმართ-დაღმართებიან, 22-კილომეტრიანი „სიკვდილის წრის“ გავლას მრბოლები ათ წუთზე მეტს უნდებოდნენ.
სტარტიდან წინ ასკარი გაიჭრა, უკან მიჰყვებოდნენ რობერ მენსონი („გორდინი“), ჯუზეპე ფარინა („ფერარი“), ფელიჩე ბონეტო („მაზერატი“)… როგორც ყოველთვის, უმძიმეს პირობებში მანქანები ხშირად ჩერდებოდნენ დაზიანებული ნაწილების ან საბურავების გამოსაცვლელად. ყველაზე ადრე ფარინამ შეცვალა ბორბლები, შუა რბოლაში – ასკარიმაც და იქვე ჯუზეპემ მეორედ მიაკითხა მექანიკოსებს დახმარებისთვის. ტრასაზე დაბრუნებისას კი ორჯერ ჩაუქრა ძრავა და ასკარის უკვე ნახევარი წუთით ჩამორჩა.
გამარჯვებული გარკვეული ჩანდა, მაგრამ ფინიშამდე ორი წუთით ადრე ალბერტოს მოულოდნელად კიდევ ერთხელ პიტსტოპზე შევლა ზეთის ჩასამატებლად და ლიდერობა ფარინამ იგდო ხელთ. ასკარი დაფეთებული გამოედევნა, საშიშ ვირაჟებს თითქმის სისწრაფის დაუგდებლად გადიოდა და ბოლო წრეზე მოასწრო თანამემამულე-თანასკუდერიელის გვერდის ავლა. ეს ალბერტოს ხანმოკლე კარიერაში საუკეთესო რბოლა იყო, 500-კილომეტრიანი დისტანცია სამ საათსა და 13 წუთში დაფარა 132,3 კმ/სთ საშუალო სიჩქარით და ჯუზეპე ფარინა 14 წამით ჩამოიტოვა.
ალბერტომ 1953 წელსაც უპრობლემოდ მოიპოვა ტიტული, რვიდან მხოლოდ ხუთი დიდი პრიზის დასაკუთრება მოახერხა – არგენტინის, ჰოლანდიის, ბელგიის, დიდი ბრიტანეთისა და შვეიცარიის. ვიცეჩემპიონობა კი გამოჯანმრთელებულ ფანხიოს ერგო.
ასკარი აქტიური მრბოლის ტიპურ მაგალითს წარმოადგენდა, რომელიც სტარტიდანვე ცდილობდა ქარავნის თავში ჩადგომას და არა პირიქით, როცა მეტოქის ზურგსუკან ჩასაფრებულები ელიან ხელსაყრელ მომენტს გასასწრებად. ყოველთვის რეალურად აფასებდა საკუთარი მანქანის შესაძლებლობებს. ცდილობდა, შეცდომებისთვის თავი აერიდებინა, ფინიშზე კი სრულიად დამშვიდებული ჩანდა, თითქოს რბოლის ბედი არც აღელვებდა.
ფიზიკურად ძლიერ, ჩაფსკვნილ ალბერტოს მეტსახელად „ხორციანი“ შეარქვეს. წყნარი, ურთიერთობაში სასიამოვნო და დღევანდელი ენით რომ ვთქვათ, კომუნიკაბელური პიროვნება იყო.
ბედისწერა – 26 მაისი
1925 წლის 26 ივლისს პარიზის მახლობლად, მონლერის 12-კილომეტრიან ტრეკზე საფრანგეთის ავტოკლუბის პრიზისთვის რბოლაში დაიღუპა ალბერტოს მამა, ანტონიო – „ალფა რომეო“ დამცავ ბარიერს მიეხეთქა და რამდენჯერმე გადაბრუნდა. ანტონიო 36 წლის იყო.
ალბერტოს ცრურწმენის არანორმალური გრძნობა ჰქონდა, პანიკურად სჯეროდა თარიღების და ცუდი ნიშნების დამთხვევისა. ამიტომ არასოდეს ჯდებოდა საჭესთან 26 რიცხვში, მუდამ პირველი წარმატების მომტან ჩაფხუტს იხურავდა.
1955 წლის 22 მაისს, მონაკოს დიდი პრიზის გათამაშებისას, იგი სანაპიროზე მოსახვევში ვერ ჩაეტია, გვირაბიდან უზარმაზარი სისწრაფით გამოვარდნილმა „ლანჩა 1.50“-მა სილის ტომრებიანი ჯებირი გაარღვია და ზღვაში ჩავარდა. მანქანა უცბად ჩაიძირა, მაგრამ მაშველებმა იყოჩაღეს და მრბოლი დახრჩობას გადაურჩა, მხოლოდ ცხვირი გაუტყდა და წყალში ჩაფხუტი დაკარგა.
ოთხი დღის შემდეგ, 26 მაისს, ასკარიმ „მონცაზე“ შეიარა. იქ „ფერარი“ ახალ სპორტულ მოდელს ცდიდა, რომლითაც იგი და ეუჯენიო კასტელოტი ერთ კვირაში რბოლას აპირებდნენ. ალბერტოს მეუღლესთან ერთად რესტორანში უნდა ესადილა, მაგრამ იფიქრა, ავტოდრომიდან წასვლამდე რამდენიმე წრეს დავარტყამ , „ფერარის“ და მონტე კარლოში ნატკენ ზურგს გამოვცდიო. მესამე წრეზე, ჩქაროსნულ მოსახვევში , რომელსაც ახლა „ვარიანტე ასკარი“ ჰქვია, მანქანა გვერდულად გასრიალდა და ორჯერ ამოყირავდა. ალბერტო მანქანიდან გადმოვარდა და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა უამრავი ტრავმისგან.
ტრაგედიის მიზეზი ვერ დაადგინეს, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, საბურავი გასკდა, იმასაც ამბობდნენ, მონტე კარლოს ინციდენტის მერე ბოლომდე ვერ გამოკეთდაო.
ერთხელ ასკარის უთქვამს, „ფერარის“ საჭესთან მინდა მოვკვდეო. სამწუხაროდ, სწორედ ასე მოხდა – იმ ავბედით დღეს 26 რიცხვი იყო, ალბერტოს, ისევე როგორც მამამისს, ნათხოვარი ჩაფხუტი ეხურა და ისევე, როგორც მამამისი, 36 წლის იყო.