79 წლისა გარდაიცვალა მადრიდის “რეალის” კაპიტანი 1960-იან წლებში, მცველი მანუელ სანჩის მარტინესი, რომლის ვაჟი, მანუელ სანჩის-უმცროსი 90-იან წლებში კაპიტნობდა “თეთრებს”. ევროპული ფეხბურთის ისტორიამ სულ სამი შემთხვევა იცის, როდესაც ჩემპიონთა თასი (ლიგა) მამამაც მოიგო და შვილმაც. მამა-შვილი სანჩისების გარდა ასეთები იყვნენ ჩეზარე და პაოლო მალდინები (“მილანი”) და კარლეს და სერხიო ბუსკეტსები (“ბარსელონა”).
მანოლო სანჩისი-უფროსი 1938 წელს ვალენსიაში დაიბადა. ის ცოტა ხანს ბარსელონის გუნდ “კონდალში” (რომელიც წლების შემდეგ “ბარსელონამ” შეიერთა) გამოდიოდა, შემდეგ “ვალიადოლიდში” სცადა ბედი და ბოლოს “რეალში” დაიდო ბინა.
უფროსმა სანჩისმა “რეალში” შვიდი სეზონი გაატარა, 213 ოფიციალურ შეხვედრაში ითამაშა და ერთადერთი გოლი გაიტანა. ის ოთხჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ერთხელ დაეუფლა ქვეყნის “სამეფო თასს” და ერთხელ ჩემპიონთა თასს.
მამა სანჩისმა თერთმეტჯერ ითამაშა ესპანეთის ნაკრებში. მონაწილეობა მიიღო 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში. შვეიცარიის ნაკრებს (ესპანეთმა მოიგო 2:1) გოლიც გაუტანა.
გარდაცვალების მიზეზი ფილტვის არტერიის ტრომბოემბოლია გახლდათ.