იოზუა კიმიხი „ბაიერნისთვის“ მნიშვნელოვანი ფიგურაა. მან მიმდინარე სეზონში კლუბის 15-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა, თანაც 13-ში თავიდან ბოლომდე ითამაშა. 22 წლის ფეხბურთელი არც გერმანიის ნაკრებში ჩაიკარგა, სეზონის დასაწყისში მარჯვენა მცველის პოზიციაზე ფილიპ ლამის შემცვლელი იყო, ამჟამად კი თავადაა ამ ამპლუის ძირითადი მოთამაშე. ნათელია, რომ კიმიხი დიდ პროგრესს განიცდის.
თავის ყოფილ კლუბთან, „ლაიფციგთან“ (25 ოქტომბერს თასის, 28-ში კი ბუნდესლიგის) ორმატჩიან სერიამდე კიმიხმა Bayern-Magazin-ს დიდი ინტერვიუ მისცა, რომლის თარგმანს ახლა გთავაზობთ. საკლუბო ჟურნალთან ახალგაზრდა შხვაბმა სეზონის მსვლელობის, ლამის მემკვიდრის წოდებასთან საკუთარ დამოკიდებულებასა და მარჯვენა მცველის მოულოდნელი შემტევი პოტენციალის შესახებ ისაუბრა. ინტერვიუში ლაპარაკია ასევე იოზუას მშობლიურ ქალაქზე, ლაიფციგში გატარებულ ორ წელიწადსა და მიუნხენში ცხოვრების პირველ თვეებზე.
– იოზუა, გასულ კვირაში „სელტიკთან“ მოგების შემდეგ ალბათ გულდაწყვეტილი იქნებოდი – სეზონში პირველად შეგცვალეს…
– ეს უკვე ნორმალურია, როცა ათი წუთით ნაკლებს ვთამაშობ. ჩვენ ხომ 3:0 ვიგებდით. თან თამაშის მეორე ნახევარში ვიგრძენი, რომ ფეხები დამეღალა. ყოველ მესამე დღეს თამაში – ეს ახალი რიტმია ჩემთვის. გარდა ამისა, ნაკრებშიც ვთამაშობ. ბოლო პერიოდში უამრავ მატჩში მივიღე მონაწილეობა.
– როცა მოედანს ტოვებდი, გულშემატკივრები წამოდგნენ და აპლოდისმენტებით გაგაცილეს. შეამჩნიე?
– რა თქმა უნდა. როცა შენი გუნდი 3:0 იგებს და ხალხი შეცვლისას ტაშს გიკრავს – ეს მშვენიერი რამაა. გრძნობ, რომ გულშემატკივარი დღეს შენით კმაყოფილია.
– „ბაიერნის“ ქომაგებმა თვის ფეხბურთელად დაგასახელეს და ჩემპიონთა ლიგაში „სელტიკთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გამოგაცხადეს. რას ნიშნავს შენთვის ასეთი აღიარებები?
– რასაკვირველია, ეს ძალიან დადებითი მომენტია. ეს სტიმულიცაა, რათა შრომა გააგრძელო და თამასა დაბლა არ დაუშვა.
– მას შემდეგ, რაც ფილიპ ლამმა კარიერა დაასრულა, მისი მის ადგილას თამაშობ. რა დამოკიდებულება გაქვს ლამის მემკვიდრეობასთან?
– ეს სიტუაცია ჩემთვის ნაცნობი ჯერ კიდევ ნაკრებიდან იყო. ამიტომაც ვიცოდი, რომ შედარებებს ვერ გავექცეოდი. ერთი მხრივ, შექმნილი ვითარება მახარებს, მეორე მხრივ – ჩემთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ მას ბოლომდე მაინც ვერასდროს შევცვლიდი. ფილიპი კაპიტანი იყო, უწარმატებულესი მატჩების უთვალავი რაოდენობა ჩაატარა, თავის მაღალ კლასს ყოველთვის ადასტურებდა. მე 22 წლის ვარ და მისგან ბევრსაც ვისწავლიდი. მაგრამ მაინც მირჩევნია, ჩემი გზით ვიარო.
– ლამის გარდა თუ არსებობს სხვა მარჯვენა მცველი, ვისგანაც რამეს ისწავლიდი?
– დიახ, არის რამდენიმე. მაგალითად, დანი ალვესი, რომელმაც, ჩემი აზრით, მარჯვენა მცველების თამაშზე უდიდესი გავლენა მოახდინა – ბურთისთვის მისეული ბრძოლა, გამამწვავებელი ჩარბენები შეტევაში, მეტოქის კართან ხიფათის შექმნა… დანი კარვახალი მადრიდის „რეალიდან“ ასევე მაგარია.
– შენს ჯერაც ხანმოკლე კარიერაში უკვე მოასწარი რამდენიმე პოზიციაზე თამაში: მარჯვენა მცველად, საყრდენად, მარჯვენა ნახევარმცველად, ცენტრალურ მცველად… რომელ პოზიციაზე ხედავ საკუთარ თავს მომავალში?
– ეს კითხვა ოთხი წლის წინ, ლაიფციგში რომ დაესვათ, ვუპასუხებდი: თავისთავად ცხადია, საყრდენ ნახევარმცველად. „ბაიერნში“ როგორც კი მოვხვდი, მაშინვე ცენტრალურ მცველად ვიქეცი. ერთი წლის შემდეგ გერმანიის ნაკრებში მარჯვენა მცველი გავხდი. ვფიქრობ, უკვე შევიძინე აუცილებელი უნარები, რათა სხვადასხვა პოზიციაზე შემეძლოს თამაში. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ მოვა ის დრო, როცა დარწმუნებული ვიქნები, რომ არსებობს კონკრეტული, იოზუა კიმიხის პოზიცია.
– როცა მიუნხენში გადმობარგდი, დასთან ერთად ცხოვრობდი…
– ჩემი და დუალურ განათლებას იღებს – სწავლობს და მუშაობს, და მიუნხენში ჩამოსვლა ხშირად უწევს. ახლა პატარა საკუთარი ბინა აქვს. მაგრამ თავიდან ერთად ვცხოვრობდით. ახალ და უცნობ ქალაქში ოჯახური სითბო გვჭირდებოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ორივესთვის.
– ოჯახური მოვალეობები როგორ გაინაწილეთ?
– მე ვიტყოდი – კლასიკურად. სარეცხი არ იყო ჩემი საქმე. ადრე ხშირად ხდებოდა, რომ გასარეცხი ტანსაცმელი სახლში, დედასთან ჩამქონდა. ახლა ეს ფუნქცია ჩემს შეყვარებულს აკისრია. სამაგიეროდ, მტვერსასრუტი მე მაბარია და ზოგადად, ბინაში სისუფთავეზე მე ვზრუნავ. ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ასე გამზარდეს მშობლებმა და ასეთივე მიდგომა იყო „შტუტგარტის“ ინტერნატში, სადაც ჩვენს ოთახებს ჩვენვე ვალაგებდით.
– ლაიფციგში იუსუფ პოულსენთან ერთ ოთახში ცხოვრობდი. ახლაც გაქვთ ურთიერთობა?
– კი, რა თქმა უნდა. სხვა თუ არაფერი, ორი წელი ერთად ვიცხოვრეთ, კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მიხარია, რომ რამდენიმედღიანი ინტერვალით ორჯერ ვნახავთ ერთმანეთს. მერე რა, რომ თამაშების დროს მეგობრობის დავიწყება მოგვიწევს?!
– დორტმუნდში მოგებით „ლაიფციგმა“ კვლავ წამოყო თავი. ახლა ეს კლუბია თქვენი მთავარი კონკურენტი ტიტულისტვის ბრძოლაში?
– არა. „დორტმუნდი“ ცხრილში ჩვენზე მაღლაა. ამიტომაც მთავარი კონკურენტი ეს გუნდია. „ლაიფციგმა“ „პორტუსთან“ საჩემპიონთალიგო მატჩით ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე „დორტმუნდთან“ მოგებული შეხვედრით. პორტუგალიელების წინააღმდეგ არ უთამაშიათ დემეს, ვერნერსა და პოულსენს, ხოლო ემილ ფორსბერგი ძალიან გამოუცდელი ბიჭია. ჰოდა უკვე მაშინ გამოჩნდა „ლაიფციგის“ ფეხბურთელთა მაღალი კლასი.
– ცნობილია, რომ შენი მშობლიური ბეზინგენის გუნდის თამაშებს რეგულარულად ესწრები. ეს რამე განსაკუთრებულია?
– არა, სულაც არა. ეს ხომ ჩემი სახლია. კვირაობით მშობლებს ხშირად ვსტუმრობ და იქ ყოველთვის რომელიღაც თამაში იმართება, რომელშიც ჩემი რომელიმე მეგობარი მონაწილეობს. ერთი-ორი მათგანი „ბეზინგენის“ მთავარ გუნდთან ერთად რეგიონალლიგაში თამაშობს, უმრავლესობა მეორე გუნდშია, კიდევ რამდენიმე – მესამეში. უბრალოდ, მსიამოვნებს ბიჭებთან შეხვედრა, მათი ნახვა ყოველთვის მიხარია.
– ალბათ „ბაიერნის“ ვარკვლავისა და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელისგან რჩევებსაც იღებენ…
– არა, არა. თამაშის მსვლელობისას მოედნის კიდესთან ვდგავარ ხოლმე და სრულ სიმართლეს იქიდან ვეუბნები. და თუ ყველაფერი კარგად მიდის, სათქმელიც არაფერი მაქვს. ისინი საკუთარ თავს თავადვე შეაქებენ, თანაც ჩემზე სწრაფად. ერთი ჩემი მეგობარი მეორე გუნდის კაპიტანია და ბოლო დროს გოლების გატანას მოუხშირა. ჰოდა ამასწინათ მეუბნება: „ათი გოლი ათ თამაშში. თუ გინდა, ორს გაჩუქებ“.