ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ და დრამატულ საღამოს, მფრინავი ბოთლებისა და ქვების წვიმაში, რომელმაც ხალხს ნამდვილი წვიმა მიავიწყა, გატეხილი გულებისა და დამსხვრეული ოცნებების სტადიონის ტრიბუნაზე იჯდა მიშელ პლატინი და უყურებდა ფეხბურთს, რომელიც არც ფეხბურთი იყო და არც საზოგადოდ სპორტი.

მიშელ პლატინი თბილისში ჩამოვიდა როგორც მერაბ ჟორდანიას მეგობარი, უეფას აღმასკომის წევრი და მომავალში პრეზიდენტობის მოსურნე კაცი, რომელიც მხარდამჭერებს კრებს გაზრდილ ევროპაში.

ის ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო და ახლა ამაზე ლაპარაკი სისულელეც კია. საინტერესო ის უფროა, რომ მისი ვიზიტი ნამდვილი სატანჯველითა და ათასგვარი დემონებით გაჯერებულ ქართულ ისტორიას დაემთხვა და ამ მღელვარე და უვარგის ისტორიაში ძალიან გამოირჩეოდა მისი ღიმილი და ხალისი. ის თითქოს თერაპიას უტარებდა თავის მეგობარ ალენ ჟირესს და საერთოდ ყველას, ვინც ასე დაამძიმა საფეხბურთო საღამომ. ასეა ხოლმე: როცა ერთ რაღაცაში ძალიან მაგარი ხარ, ისე გამოდის, რომ სხვა რაღაცეებიც მშვენივრად გამოგდის…

მოკლედ, აგერ თქვენ, აგერ „სარბიელი“ და დიდი ფრანგი მიშელ პლატინი

 

. რას იტყვით, როგორ გრძნობთ თავს საქართველოში?

. მშვენივრად, არანაირი პრობლემა, მასპინძლების ყურადღება არ მაკლია.

. მარტო რატომ გვესტუმრეთ?

. აბა, ვინ გინდოდათ, რომ წამომეყვანა?

. ცნობილი მეგობრები არ გაკლიათ…

. ჩემი უახლოესი მეგობარი აქ დამხვდა.

. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი?

. დიახ, ალენ ჟირესი… თუმცა მეორე მეგობარმა მერაბ ჟორდანიამ დამპატიჟა.

. არადა, დიდხანს, ალენ ჟირესის მწვრთნელად დანიშვნის მერე გელოდით…

. აქამდე ორ-სამჯერ მართლაც ვაპირებდი ჩამოსვლას, მაგრამ პირადი საქმეების გამო ეს ვერ მოვახერხე.

. კიდევ როდის ჩამოხვალთ?

. როცა უეფას პრეზიდენტი გავხდები.

იხუმრა მიშელ პლატინიმ და თხილი გაფცქვნა

ზუსტად ვერ გეტყვით მეორედ როდის ჩამოვალ, მაგრამ ამის სურვილი კი მაქვს.

არადა, ჩვენს შეხვედრამდე სტუმარმა პრესკონფერენციაზე თქვა, უეფას პრეზიდენტობაზე უფრო რეალური ისაა, რომ საქართველოში ხშირ-ხშირად ჩამოვიდეო… მაგრამ ეგ არაფერი, პლატინისთვის საქართველოს მის წინასაარჩევნო კამპანიაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს და მომავალში მას მართლაც ხშირად უნდა ველოდოთ.

 

. უეფას პრეზიდენტობა როდის გადაწყვიტეთ?

. საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მივიღე, თუმც იქამდე ბევრს ვფიქრობდი და რჩევას მეგობრებს ვეკითხებოდი. მათ დამარწმუნეს, რომ ასე აჯობებდა.

. და უკვე ჩავთვალოთ რომ უეფას პრეზიდენტი თქვენ იქნებით?

სტუმარს რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ… ისევ თხილი, ფრთხილი მზერა, საგაზეთოდ ვლაპარაკობო, ალბათ, ესეც გაიფიქრა და ლამის ჩურჩულით…

. იცით, ჩემი და ფრანც ბეკენბაუერის დაპირისპირება არ შეიძლება.

. რატომ?

. ვერ გეტყვით, მაგრამ მგონია რომ არ შეიძლება.

. ბეკენბაუერის კონკურენტობა თქვენი გამარჯვების შანსებს ამცირებს?

მხრები აიჩეჩა, უსიტყვო პასუხი იყო… მიშელ პლატინი ფრანც ბეკენბაუერის ამასწინდელმა განცხადებამ, საპრეზიდენტო არჩევნებში, ეგებ, მონაწილეობა მივიღოო, საგონებელში ჩააგდო. თუ ასე მოხდა, დიდ ფრანგს დიდი გერმანელის სახით მრისხანე კონკურენტი ეყოლება. თუმცა პლატინი მთლად უშანსოდაც როდი იქნება…

 

. პრესკონფერენციაზე თქვით, თბილისში უეფას საპრეზიდენტო აგიტაცია-პროპაგანდისთვის არ ჩამოვსულვარო…

. ასეც არის, მერაბ ჟორდანიასთან მეგობრულად ვსტუმრობ, მან თურქეთთან მატჩზე დამპატიჟა, თანაც ალენ ჟირესიც აქ მეგულებოდა.

. მერაბ ჟორდანიასთან უეფას საპრეზიდენტო ამბებზე არ გისაუბრიათ?

. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი გვითქვამს.

კულუარებში რაერთხელ თქმულა, რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტ ვიაჩესლავ კოლოსკოვის მემკვიდრედ აღმოსავლეთ ევროპაში გავლენის თვალსაზრისით უეფას მერაბ ჟორდანია მიაჩნიაო. პლატინისთან მომდევნო კითხვას ეს იყო, მაგრამ სხვა ფორმით. ფრანგმა კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა, თუმც რასაც ფიქრობს მისახვედრად კი თქვა

ფეხბურთი ყველას – ასეთია ჩემი დევიზი. მიმაჩნია, რომ ფეხბურთი ყველამ უნდა ითამაშოს, მდიდარმაც და ღარიბმაც. უეფას პრეზიდენტი თუ გავხდი, ალბათ, ჩემპიონთა ლიგის ფორმატს შევცვლი, რითაც ფეხბურთი კიდევ უფრო პოპულარული გახდება. არ შეიძლება ფეხბურთი რამდენიმე ქვეყნის იყოს. უეფაში 52 საფეხბურთო ასოციაციაა გაერთიანებული, მათი უმეტესობა კი არც თუ დალხენილია, მაგალითად, საქართველო. რაც შეეხება მერაბ ჟორდანიას, ერთხელაც გეტყვით, ის ჩემი მეგობარია და, რა თქმა უნდა, მისი დიდი იმედი მაქვს. ჟორდანია ევროპაში ავტორიტეტული პრეზიდენტია.

 

. ჩემპიონთა ლიგის ფორმატს შევცვლიო, თქვით. უფრო რომ დააზუსტოთ.

. არა, მეტს არფერს გეტყვით.

არადა მიშელ პლატინის სიტყვა ენაზე ჰქონდა…

უეფას აღმასკომის გაფართოებაც არ იქნებოდა ურიგო. ვფიქრობ, რომ აღმასკომში მხოლოდ შეძლებული ქვეყნების წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ.

. კიდევ?

. თუ გავიმარჯვე საცხოვრებელ ადგილსაც შევიცვლი. შვეიცარიაში დავსახლდები და ამით ყოველდღიურ საქმესთან უფრო ახლოს ვიქნები. აქტიური პრეზიდენტობა მსურს… ისე, ხომ არ აჯობებდა სხვა თემაზე გვესაუბრა? – პლატინის უეფასა და მის წინასაარჩევნო ამბებში ჩაღრმავება აღარ სურდა…

 

. ვისაუბროთ. ერთი ქართველი ფეხბურთელის სახელს გეტყვით – დავით ყიფიანი. თუ არ ვცდები თქვენ მას იცნობდით.

. ყიფიანი?

პასუხამდე შეყოვნდა. მერე რიხით განაგრძო

ყიფიანი და ჩივაძე მსოფლიო დონის ფეხბურთელები იყვნენ. ყიფიანს რამდენჯერმე შევხვედრილვარ და მგონი არ მეშლება, ერთად ევროპის ნაკრებშიც გვითამაშია. ძალიან ძლიერი ფეხბურთელი იყო. ჩივაძე კი … ვამაყობ, რომ ჩივაძე ჩემი მეგობარია. მისნაირი ფეხბურთი ერთ-ორს თუ უთამაშია. მახსოვს, როცა საბჭოთა კავშირზე სიტყვა ითქმოდა, იქ ჩივაძის ხსენებაც იყო, ასეთი ჭკვიანი მცველები დღეს აღარ არიან.

. „სენტ ეტიენიდან“ „იუვენტუსში“ თქვენი ტრანსფერის პერიოდს თუ გაიხსენებთ? მაშინ ამბობდნენ, „სენტ ეტიენს“ პლატინის შემცვლელად სწორედ ყიფიანი სურსო.

. ვიცი. მახსოვს, როცა „იუვენტუსში“ ჩემი გადასვლის საკითხი გარკვეული იყო, მითხრეს, შენ შემცვლელად ერთი ფეხბურთელი გვეგულებოდაო, მაგრამ დარწმუნებულნი არ იყვნენ მის გადაბირებას თუ შეძლებდნენ. მოგვიანებით გავიგე, რომ ეს ფეხბურთელი ყიფიანი იყო, ტრანსფერი კი არ შედგა. უფრო გვიან კი მითხრეს, ყიფიანი ქართველიაო. სამწუხაროა, რომ იგი ცოცხალი აღარ არის.

. „იუვენტუსი“ ვახსენეთ და, დღემდე ამბობენ , რომ თქვენი დროის ის გუნდი უძლეველი იყო…

პლატინი მოგონებებში წავიდა, „იუვენტუსის“ ხსენებამ ჩვენს საუბარს დადებითი ემოცია შემატა.

. „იუვენტუსი“- ეს მართლაც სასწაული იყო… დიდი ფეხბურთელების გუნდი და დიდი გუნდი იყო…

დიდ ფეხბურთელს „იუვენტუსის“ ხსენებაზე ენაც კი დაება

. საუკეთესო პარტნიორი?

. როსი. გენიოსი იყო. როცა ბურთს მიიღებდა, ვიცოდი, რომ გოლი იყო.

. ბურთს კი თქვენგან იღებდა.

. ერთი, ორი და… გოლი იყო. ბურთი მიღებული არ მქონდა, ვიცოდი, როსი საით გაიხსნებოდა.

პლატინი ხელებით, ფეხებით და ენით ლაპარაკობდა. ემოცია სჭარბობდა. ის 20-25 წლის ამბებს იხსენებდა. წამით ისევ შეყოვნდა და მეც ვკითხე

. საფრანგეთის ნაკრები?

. რატომ მაშინ არ იყო  „ოქროს გოლი“?

კითხვა შემოაბრუნა, თუმც თავადვე განაგრძო

„ოქროს გოლის“ წესი მაშინ რომ ყოფილიყო, ჩვენ უკვე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონები ვიქნებოდით. არ ვიცი, გახსოვთ, გერმანიასთან ნახევარფინალი?

. მახსოვს.

. საოცარი მატჩი იყო.

. იცით კიდევ რა მახსოვს? პლატინიზე ამბობდნენ მესამე ადგილისთვის მატჩს შეგნებულად არ თამასობსო. ასე იყო 1982 და 1986 წლებში. მართალია?

ისევ ღიმილი, თვალებით მოგვცა პასუხი – ამის კითხვა რა საჭირო იყო?!

. საფრანგეთის ნაკრებში თქვენი საუკეთესო პარტნიორი ალენ ჟრესი იყო?

. ასე გიპასუხებთ: ჩემი და ჟირესის საუკეთესო პარტნიორი ბერნარ ჟენგინი იყო. ძალიან კარგი ადამიანი, ჩვენი უახლოესი მეგობარი. ის საოცრად თამაშობდა.

. კი, მაგრამ, თქვენ და ალენ ჟირესი?

. კარგად ვთამაშობდით?

. ძალიან.

. გმადლობთ.

. დიეგო მარადონაზეც გკითხავთ

. და როგორ ფიქრობთ, რას გიპასუხებთ?

. ალბათ, იტყვით, რომ…

. დიახ, მარადონა დიდი და უცნაურია.

. მიშელ პლატინი როგორია?

. რა გითხრათ, ალბათ, თავისებურად ისიც უცნაურია.

. ქართული სამზარეულო მოგწონთ?

პასუხი კითხვამდეც ცხადი იყო – პლატინი შებოლილ სულგუნს ეტანებოდა

. ძალიან, განსაკუთრებით ეს ყველი, ღვინოც შესანიშნავია… „ბორდოს“  მაგონებს

02.04.2005

 

 

წილი
წინა სტატიაიბრა მანჩესტერში დაბრუნდა
შემდეგი სტატიადა გაზა წოლილა სამ მის მსოფლიოსთან?
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.