რა კარგია ფული რომ გაქვს კაცს. “ჩელსის” ბელგიელმა ვარსკვლავმა, ედენ აზარმა დრო იხელთა და პრემიერლიგის მე-10 ტურის ხვალინდელი მატჩის წინ პარიზის დისნეილენდში დაისვენა. არაფერი შეგვშლია, ინგლისის დედაქალაქიდან საფრანგეთის დედაქალაქში მხოლოდ იმიტომ ჩავიდა, რომ იქ დისნეილენდში გაევლო — პარიზის დისნეილენდი დაარსებიდან 25 წლისთავს ზეიმობს და, ალბათ, საგანგებო ატრაქციონები აქვთ.
იქ, აზარმა თავისზე დიდ ვარსკვლავთან გადაიღო ფოტო და ინსტაგრამზე გამოდო. “ახალი მეგობარი შევიძინე. აბა, გამოიცანით რომელი გუნდის გულშემატკივარია”, — მიაწერა ფეხბურთელმა სურათს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ იხვ დონალდს აგერ უკვე 83 წელიწადია ლურჯი ტანსაცმელი აცვია, სავარაუდოდ ის თავისნაირ “ლურჯებს” ანუ “ჩელსის” უნდა გულშემატკივრობდეს. ყოველ შემთხვევაში ბელგიელი ასე ამბობს.
თავის მხრივ “ჩელსი” 112 წლისაა.