პორტრეტი
მაუდის შლაპა, რუხი კოსტუმი, თეთრი პერანგი და შავი ჰალსტუხი. მსუქან თითებში ოცცენტიანი სიგარა, არათითზე დიდი ოქროს ბეჭედი, გულისჯიბეში რომელიმე კათოლიკური წმინდანის სურათი და რეზინის ძაფით შეკრული ასდოლარიანების დასტა.. სხვაფრივ, საშუალო სიმაღლის, ღაბაბიანი, ღიპიანი და კოტიტა ვინმეა. თვალებმოჭუტული ლაპარაკობს ხოლმე და პირში ყოველთვის შაქარყინულის ნამტვრევი უდევს. წლოკნის და ისე ბუტბუტებს რაღაცებს. ვინ არის ეს კაცი შავი თვალ-წარბით და გაბუშტული ცხვირით? ნეტავ რომელ შუა წონაში იყო ჩემპიონი? რა თქმა უნდა, არცერთში, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ყველაში ერთად. დღეს, პრომოუტერთა გაიძვერა მეფის, თავოფოფა დონ კინგის შემხედვარე ახალთაობას ჰგონია, კრივის მენეჯერი ერთი თახსირი, შოუმენივით კაცი უნდა იყოს, რადგან ტრადიცია ამას გულისხმობსო, მაგრამ თახსირობა განა ყველას ხელეწიფება?
ესეც არ იყოს და, იყო სხვა დროებაც, როცა თახსირი და გაიძვერა კაცი კრივში პირველ ალაგას არ იყო გამოჭიმული, რადგან თავს წააგებდა.მაშინ კრივი ისეთ ხალხს ეჭირა, გაიძვერობა რომ ერთ რაიმე იოლ გართობად უჩანდათ.
სახელი და წოდება ამ ხალხის ცნობილია – „კოზა ნოსტრა“, ანუ შავი ხელი, ანუ მაფია. ამერიკულად კი უბრალოდ, განგსტერი.დიახ, იყო დრო და იყვნენ ისინი, ვინც დონ კინგს ჭიტლაყს ჰკრავდნენ და კიბეზე დააგორებდნენ. შემდეგ კი ლაქის ფეხსაცმელზე თეთრ ცხვირსახოცს გადაისმევდნენ, ჭუჭყი აედევნაო. ასე იყო – კრივი განგსტერებს ეჭირათ, გამორჩევით კი სიცილიელებს. მათ ხელში იყო გემბლერობა – ფსონობაც და მოკრივის ბედიც.
ამათ შორის კი გამორჩეული იყო ის, ვისი იერიც თავში აღვწერეთ. ის ძველი დროებით დონ კინგი გახლდათ და დონ კინგს ბარე ოთხ დუჟინს ჩაისვამდა ჯიბეში.
რა ერქვა? ძალიან სიცილიური რამ.
ავი აჩრდილის გახსენება
ნიუ იორკში მოღვაწეობს ვეტერან მოკრივეთა ასოციაცია, რომელსაც თავის მიზნად დაუსახავს კრივის შავი ფურცლების გამომზეურება, ოდინდელ მოკრივეთა შემწეობა და ვალმოხდილთა დაფასება. და აი, ერთხელაც, ისე, როგორც ასოციაციათა წესია, გამგეობა შეიკრიბა, რათა გასული თვის ფულადი შემოსავლების რეესტრი გადაემოწმებინა. და აი, ბუღალტერმა სიის კითხვა დაიწყო და უცებ ასეთი რამე თქვა: „100 დოლარი შემოგვწირა ბატონმა ბლინკი ჰალერმომ“. დარბაზი ჯერ გაირინდა, შემდეგ კი ხარხარი ატყდა. მხოლოდ ერთი კაცი, ძველი მძიმეწონოსანი ქოლი უოლესი მოიღრუბლა და ნირშეცვლილმა გადააქნია თავი. ვინ ვინ და, უოლესმა ყველაზე კარგად იცოდა, ვინ იყო ბლინკი პალერმო. პალერმო ხომ უოლესის მენეჯერი გახლდათ. „100 დოლარი ბლინკი პალერმოსგან“. ეს იყო 1990 წლის ზაფხულში და ხალხი უშიშრად იცინოდა, ნახევარი საუკუნის წინ კი ამგვარი თამამი ხორხოცისთვის არაერთი დაისჯებოდა, მაგრამ ახლა აღარც არავის ახსოვდა ბლინკი. ისიც არ იცოდნენ, ცოცხალი იყო თუ მკვდარი.
ვაჰ, დრონი, დრონი…
ფილადელფია – მარადიული სიყვარულის ქალაქი. ეს იყო სიცილიელ ემიგრანტთა შთამომავლის, ფრენკი პალერმოს პატარა სამშობლო. ამ მშვენიერი ქალაქის სამხრეთ უბნებში, სადაც ღარიბულ პიცერიებთან იშვა მდიდარი განგსტერული სინდიკატები, მას „ძია ფრენკის“ ეძახდნენ. საკრივო მედიამ მას „ბლინკი“ შეარქვა, რაც თვალჭუტვია, თვალის ჩამკვრელ კაცს ნიშნავს. თუმცა, არაკეთილმოსურნენი იმასაც ამბობდნენ, რომ ფრენკი არასოდეს უყურებდა ადამიანებს თვალებში და „ბლინკიც“ ამიტომ დაერქვაო. ასეა თუ ისე, ეს სახელი გაჰყვა ბოლომდე. ვინ იყო? მენეჯერი. მაგრამ ეს არაფერს გვეტყვის, მენეჯერი ბევრია. ამიტომ, უნდა განვმარტოთ, რომ იმ ოხერ საკრივო ეპოქაში სიტყვები, „ბლინკი“ და „საშინელება“ სინონიმები იყო. ის იყო საკრივო შედეგების მთავარი ჩამწყობი, მოკრივეთა ავი მეპატრონე და უყვარდა ბინძური გამარჯვებები. თავის გზაზე არ მოერიდებოდა არაფერს, არც ძალადობას და არც რაიმე ასეთს. ის კრივის იატაკქვეშა სამყაროს გამორჩეული ბოსი გახლდათ. მადლი უფალს, ის შარშან გარდაიცვალა ფილადელფიის ერთ-ერთ საავადმყოფოში 91 წლისა. პალერმოს ზე-განგსტერი კაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი და მთელი ფილადელფიის ლატარია-ტოტალიზატორები მუჭში მოექცია. გარდა ამისა, მას საკრივო მენეჯერობის ლიცენზიაც მოეგდო ხელთ და უშუალოდ უფროსობდა მოკრივეებს ნიუ იორკში, პენსილვანიაში, ილიონოისში, კალიფორნიასა და ფლორიდაში. სახელოვან მოკრივეთა შორის ბლინკის ხელქვეით იყვნენ მსუბუქი წონის ჩემპიონი აიკ უილიამსი, ველთერის წონის პირველი კაცი ჯონი სექსტონი, ნახსენები უოლესი, ქვემძიმეწონოსანი ბილი ფოქსი და სხვები. პალერმოვე იდგა ველურ სონი ლისტონის უკან, ოღონდ ამ საქმეს საგულდაგულოდ მალავდა. ბლინკის ცხოვრებას ერთი დიდი წიგნიც ვერ დაიტევს, მის შავ საქმეებს – ორი დიდი წიგნი, აქ არ იქნება გაბმული თხრობის ადგილი, სამაგიეროდ, იქნება საუბარი. გარდაცვლილის გამო განსხა ულამაზო რამედ არის მიჩნეული, მის შესახებ რომ შეუძლია ლაპარაკი.
მოგონებები ყაჩაღის შესახებ
„ბრაზი მიპყრობს, ბლინკი რომ მახსენდება“ – ამბობს უოლესი – „მან ჩემი ცხოვრება დაანგრია, მან მომსპო როგორც მოკრივე”.
„არ გამახსენოთ“, ხელებს ასავსავებს პალერმოს კიდევ ერთი მოკრივე ჯიმი არჩესი.
“აიკს ყველა შესძულდა”, იხსენაებს აიკ უილიამსის ძმაკაცი მარტი ჯექსონი. „მე თუ მკითხავთ, მას ერთი კაცი შესძულდა, ბლინკი პალერმო, მაგრამ მას ვერაფერი გაუბედა და სამყაროზე განაწყენდა“.
მედისონ სქვერ ბოქსინგის ძველმა პრეზიდენტმა ჰარი მარკსონმაც ვერ იპოვა თბილი სიტყვები: „ღმერთი მომიტევებს, რომ მიცვალებულზე ავი უნდა ვთქვა, მაგრამ ვეცდები, რბილად შევაფასო: ძალიან დიდი ხანი არ მინახავს და არც მომნატრებია“.
მაგრამ პალერმოს დოსტებიც ხომ ჰყავდა, შავი საქმის ძმები. მათ ცუდს ვერ დააცდენინებ. მაგალითად, ელ ბრეივმენი, კაცი, რომელიც ლისტონ-მუჰამედ ალის რემატჩის დროს ლისტონს ეხმარებოდა, პალერმოს მიმტევებელ ვინმედ რჩება. და მაინც, ბრეივმენი ამბობს: “ის კაცი იყო. ის მაშინ მეხმარებოდა, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, მთელი ამბები იმის შესახებ, რომ ბლინკი კრივს აკონტროლებდა, ზღაპარია. ბლინკი ძლიერი ხასიათის კაცი იყო, მაგრამ მხოლოდ შემსრულებელი“.
„მძიმე ხვედრი ერგო” – კვერს უკრავს ფილადელფიელი ბებერი საქმოსანი და ნამენეჯერალი კაცი დინ როზენბერგი -„რაც იყო, იყო, ბლინკიმ გაასწორა ანგარიში ერთან და ბერთან“.მოდი და გაიგე.
ეს ოხერი, ესა
ბლინკი პალერმოს დიდი სახელი ჰქონდა. შემხვედრი ხალხი ლამის მიწამდე უკრავდა თავს, კრივის სამყაროში შებიჯების მსურველს საერთოდაც, მისი ნაფეხურები უნდა ელოკა. იმხანად ბლინკი ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში ბირჟავიკობდა, სოფთბოლის მოედნის ახლო. მას გაგიჟებით უყვარდა ბეისბოლის ეს სალაღობო ნაირსახეობა და ურიგოდაც არ თამაშობდა პირველი ბაზის პოზიციაზე.
ეს საუცხოო დროება იყო – პალერმო იგრე გასულიყო თავსა, რომ მაღაზიაში ფულსაც კი არ იხდიდა, მოკრივენი მის წინაშე პირმოთნეობდნენ, რადგან სიცოცხლეს გაფრთხილება სჭირდება. გულში კი ყველას ეზიზღებოდა – 30-იანი წლებიდან 70-იან წლებამდე ეს კაცი თავის შავ ხელს ურევდა ყველგან. ხელი გრძელი იყო.
ერთადერთი, ვისაც არ ეზიზღებოდა და უყვარდა კიდეც, თავადაც ნაყაჩაღარი, ოცდახუთშვილიან ოჯახში გაზრდილი სონი ლისტონი იყო, სონი, რომელიც სანაგვეზე მოისროლა ბლინკი პალერმომ. თუმცა არსებობს სრულიად უნიკალური რამ – სონის ოქროსფერი ხელთათმანები ხელისგულზე წარწერილი ალალი სიტყვებით: „ფრენკი, როგორც არ არსებობს ცალი ხელთათმანი, ისე არ ვარსებობთ ცალცალკე – სონი“. ეს, რა თქმა უნდა, თბილი წარწერაა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი სპორტის სიწმინდის კომიტეტის საქაღალდეა, რომელსაც აწერია: „ფრენკი (ბლინკი) პალერმოს დოსიე“.
ყმა უოლესი – მარჩიანოს მცველი
თქვენ გახსოვთ როკი მარჩიანო? რა თქმა უნდა. მაგრამ თქვენ არ გახსოვთ, არც კი გაგიგიათ ქოლი უოლესი. არადა, ისტორიამ შემოინახა ამ კაცის მძიმე ხვედრი. ქოლი უოლესი, მძიმე წონის საუცხოო მოკრივე ჩემპიონობას უმიზნებდა. მისი ბედი თუ უბედობა ის იყო, რომ ბლინკის ხელში მოხვდა. ბლინკის კი ან ყმები უნდოდა, ან რინგს დაგავიწყებდა.
ხშირად, პალერმო დაპირებულ გასამრჯელოსაც არ უხდიდა უოლესს, რომელიც ყველაფერს ითმენდა, ოღონდ კი საჩემპიონო ჩხუბს ღირსებოდა.
ქოლი უოლესი 1950 წელს გახდა პროფესიონალი, მას შემდეგ, რაც მოყვარულთა პირველობაზე სულ იოლად დასცა როკი მარჩიანო. მაგრამ ისინი ვეღარასოდეს შეხვდნენ ერთმანეთს.
ბლინკის თეთრი ჩემპიონი უნდოდა მძიმე წონაში. მან პირდაპირ უთხრა უოლესს, თუ ძალიან გინდა მარჩიანოსთან ჩხუბი, მე გადამახტი, მარტომ სცადეო. ეს შეუძლებელი იყო. უოლესმა ეგრეც ვერ იჩხუბა ქამრისთვის. ასეთი იყო ბლინკის დროება. პრეტენდენტებს ბლინკი არჩევდა, ჩემპიონებიც წინდაწინ იცოდა. ერთი ჯეიკ ლამოტა იყო, თავის თავს რომ აჯობა და პრეტენდენტად დამოუკიდებლად გავიდა, მაგრამ ეს ლამოტა იყო, გამორჩეული ხასიათის გამორჩეული კაცი. ის წამსვე გამოიძახეს და თანამშრომლობა შესთავაზეს. შეხვედრაზე ფრენკი კარბო მოვიდა.
ოქროსკბილება დონი ფრენკი კარბო იყო სწორედ ის კაცი, ვის გამოც ამბობდნენ, ბლინკის უფროსიაო. კარბო დიდი მაფიოზი და განგსტერი გახლდათ და კრივის გენერალურ პატრონად ითვლებოდა. ის და პალერმო ერთად აკვარახჭინებდნენ საქმეებს.
ოდესღაც, ამერიკაში
ჰმ, განა გასაკვირია, რომ ასეთი კაცისა გეშინოდეს? 20-იანი წლებიდან კარბომ გაიარა განგსტერული ხელობის ყველა საფეხური. სადაც მკვლელობა იყო, იქ ტრიალებდა: ჯერ იყო და, ლას ვეგასის შემქმნელი ბაგზი ზიგელის ჩაგონებით მოკლა ჰარი გრინბერგი. მერე, როგორც ამბობენ, მაფიის დიდი ბუღალტერ ლანსკის თაოსნობით, იმავ ზიგელს აღუსრულა განაჩენი.
აი, ასეთი კაცი იყო და, რა გასაკვირია, რომ გასაქანი ჰქონოდა. როდესაც ჯიმ ნორისი მედისონ სკვერის მოკრივეთა დეპარტამენტს ჩაუდგა სათავეში (1948) და კარბო ამ საქმეს არ გააკარა, ამ უკანასკნელმა მათრახითა და ქრთამით გადაიბირა დიდი და ცნობილი მოკრივენი და მედისონი დააობლა. რა გასაკვირია, რომ ისა და ბლინკი ერთად ყოფილიყვნენ? მათი მონოპოლია ხინჯს არ იძლეოდა, მაგრამ…
ამერიკა იმით არის კარგი ქვეყანა, რომ იქ ყველაფერს აქვს თავისი ბოლო. ბოლო ჰქონდა განგსტერობასაც და საკრივო იატაქვეშეთსაც. 50-იანი წლების შუახანებიდან კარბო-პალერმოს დაწესებულება სენატის ანტიმონოპოლიური კომიტეტის მზერის ქვეშ მოჰყვა. ამ კომიტეტის თავმჯდომარემ ესტეს კეფუვერმა იკითხა, ვინ არის ეს ხალხი, მთელ კრივს რომ გადაფოფრიაო. დიდი ჩხუბები და იმ დროისთვის დიდი ფული. ვერაკაცი კრივს ვერ ეკარებოდა ამ ორი კაცის გარეშე. დასასრული ახლო იყო და მოვიდა კიდეც.
დასასრული
ბლინკის ბოლო 1960 წელს დადგა. კალიფორნიაში მთელი სიმკაცრით ამოქმედდა კანონი რეკეტის შესახებ. მრავალი მაგარი ბიჭი აყირავდა და მრავალი სინდიკატი დაინგრა. ბლინკი პალერმო დაიჭირეს და გაასამართლეს. მიუსაჯეს თხუთმეტი წელი, ოცდახუთი კი გამოუწერეს ავ ოქროსკბილას, ფრენკი კარბოს, რომელიც ციხეშივე მოკვდა. ბლინკი პალერმო 1971 წელს გამოუშვეს ციხიდან და სულ სხვა ამერიკა და სულ სხვა კრივი დაუხვდა. იშკილებზე აბობღება შეუძლებელი იყო, ის ამაყი იტალიური ამერიკა საფლავში იყო ჩასული. ბლინკი პალერმო, ერთი დროის კრივის მეუფე, ქამრების, ფულის და ფსონების განმანაწილებელი, სასაცილო კაცად გადაიქცა.
მაინც ვერ მოისვენა და კრივისკენ გამოიხედა. 1978 წელს, 73 წლის პალერმომ განცხადება შეიტანა პელსინვანიის სალიცენზიო საბჭოში, მენეჯერობის უფლება დამიბრუნეთო, მაგრამ გაზეთებმა ისეთი ამბავი ატეხეს, რომ ბლინკი ხახამშრალი დარჩა.„რა უნდათ ამ უნამუსოებს?“ – იკითხა ერთი დროის მეფემ, – „ამდენი წელიწადი გავატარე ციხეში, გამოვისყიდე დანაშაული და საყვარელ საქმესთან დაბრუნება მინდა“. შეგეცოდებოდა კიდეც, მეგობრებმა ბოლომდე უერთგულეს, ეს იყო და ეს. ფილადელფიაში დასახლდა და იქვე გაატარა სიცოცხლის ბოლოს წლები.
ჩვენ კი უნდა გვახსოვდეს ბლინკი პალერმო, რომელმაც ოცდაათ წელიწადს მართა, აბინძურა და ატირა კრივი.
ამერიკა კი იმითაც არის კარგი ქვეყანა, რომ ყველაფერს ბოლო აქვს, მათ შორის ბლინკი პალერმოსაც.
13.12.1997