ბოდიშს ვიხდი ამ გენიალური სათაურის ავტორის წინაშე. ასე, 35 წლის წინ „ლელოში“ მოკლე მიმოხილვა დაიწერა „არარატი“ – „დინამოს“ მატჩის შესახებ. ახლა ძნელია ამის აღქმა, მაგრამ მაშინ ერევნისა და თბილისის საფეხბურთო ჯახები არცერთ „ბარსა“ – „რეალს“ ან სხვა კლასიკურ დერბის არ ჩამოუვარდებოდა თავისი ემოციურობით. აი, მოსკოველებთან მოგება ხომ ძაან გულისმომფხანი რამე იყო, კიეველების დაჯაბნა ხომ საკუთარ თვალში გვაასმაგებდა, მაგრამ კავკასიურ „ელ კლასიკოს“ სულ სხვა მუღამი ჰქონდა.

მგონი, ვიღაც ძალიან ჭკვიანმა კაცებმა ისიც კი გამოთვალეს, რომ ერევნელებთან მარცხის შემდეგ შრომის ნაყოფიერება კვირის განმავლობაში 15 პროცენტით ეცემოდა და მოგების ექვივალენტი უთვლელათასი სადღეგრძელო იყო…

ვლადიმერ გუცაევს სომეხი ფეხბურთლები ბევრჯერ გაუბითურებია

იქნებ სიმბოლურია, რომ მამამ „დინამოზე“ პირველად სწორედ „არარატთან“ მატჩზე წამიყვანა… იქნებ დამახასიათებელი იყო, ერევანში მარცხის რადიოში მოსმენის შემდეგ ჩემმა მემანქანე ძმაკაცმა კობა ხადურმა ერევანი-თბილისის მარშრუტზე საზღვრამდე ბოლო ორი გაჩერება ჯავრიან გულზე „შემთხვევით გამოტოვა“ და ეს სამსახურის დაკარგვად დაუჯდა… იქნებ ეგ ყველაზე მთავარი დერბი იყო ხოლმე სეზონში… ჩემი თუ არ გჯერათ, ნოდარ დუმბაძის ბულიკას და მამაოს დაეკითხეთ „მარადისობის კანონიდან“…

არადა, სანაკრებო 7:0-ს ტრიბუნიდან ვუყურე. არველაძეების გადარევასაც და ქეცბაიას მიერ 15 მეტრი თავით ნატარებ ბურთსაც. მაინც არ იყო ის მუღამი. ერევნის „არარატი“ სულ სხვა საჯილდაო და სალესი ქვა იყო…

„ა, „ბარჟომ“?! სპერვა პადუმაი, პატომ გავარი!“ – არადა, ვიტალი დარასელიას პასით ხორენ ოგანესიანის თავური გოლიც რომ მახსოვს 25 წლის წინანდელი მუნდიალიდან?! გამოუშვით საბავშვო ათკაპიკიანი ბილეთები და „დინამო“-„არარატი“!  – ყველაზე ჯიგრიანი, რაც კი მინახავს!

დინამომ სსრკ თასი პირველად ფინალში სწორედ არარატის დამარცხებით მოიგო

წილი
წინა სტატიალატვია სამქულიანი იყო…
შემდეგი სტატიარვა სურათი განგსტერის ცხოვრებიდან
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".