ნეტავ, ნეიმარს (უფრო კი მამამისს, ნეიმარ–უფროსს) რამე მაკვარანცხული აქვს ჩაფიქრებული თუ კრიშტიანუ რონალდუსთან ფოტოს გადაღება გულწრფელად უნდოდა? – ასე იხუმრა მას–მედიის ზოგმა წარმომადგენელმა, როდესაც დაინახა, რომ ლონდონში, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების შემდეგ, ბრაზილიელმა პორტუგალიელს ძებნა დაუწყო და სანამ მასთან სამახსოვრო სურათი არ გადაიღო, მანამდე არ დატოვა “პალადიუმის” თეატრი. ნეიმარი სექტემბრიდან “პარი სენ ჟერმენში” თამაშობს, მანამდე კი ოთხი წელიწადი “ბარსელონაში” გამოდიოდა.
ფიფას გამოკითხვის შედეგად ნეიმარი ხმათა 6,97%–ით მესამე ადგილზე გავიდა. მეორე პოზიცია მის ყოფილ თანაგუნდელს, ლეო მესის (19,25%) ერგო, პირველზე კი “რეალის” ფორვარდი, რონალდუ (43,16%) გავიდა.
რონალდუსთან ფოტო მამა–შვილმა ნეიმარებმა ერთადაც გადაიღეს.
– მინდა რონალდუს მივულოცო. ის დიდი ფეხბურთელია და ჯილდოს იმსახურებდა. “რეალმა” ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, – თქვა პარიზელთა ვარსკვლავმა.
ჟურნალისტებმა იმასაც მიაქციეს ყურადღება, რომ ბრაზილიელი გალა–წარმოდგენის საღამოს ბარსელონელ ფეხბურთელებთან, მესისა და ანდრეს ინიესტასთან ტრიალებდა და არც მადრიდელ ბიჭებთან ჩანდა უბრად, თუმცა კატალონიური კლუბის პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს ხაზგასმით შორიდან უვლიდა.