გიორგი ნემსაძის 17-წლამდე ნაკრებმა კარგად დაიწყო ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი. ლატვიელებს 1:0 მოუგეს და სადაც სამართალია, ეს ერთი კინკილა გოლი არ უნდა ეკმარათ.
გვარიანად უხეში თამაში გამოდგა „მიხეილ მესხის“ სტადიონზე, ყვითელ-წითლები ფრიალებდა და მსაჯმა ჩვენი ნახევარმცველი ცოტნე ჩოთალიშვილი გააძევა კიდეც ორგზის გაფრთხილებისთვის. მეორე ტაიმში ისეთი ეპიზოდიც იყო, კინაღამ გუნდი-გუნდზე რომ წაკინკლავდნენ ბიჭები.

ყვითელ-წითლების გარდა, მომენტებიც იყო. ივა გელაშვილის თავური ხარიხას მოხვდა, ჩოთალიშვილს მეკარემ აუღო, ზურიკო დავითაშვილსაც არ გაუმართლა, მაგრამ ლატვიელ ჭაბუკებსაც ნუ დავუკარგავთ. ერთი შანსი მათაც ჰქონდათ და ახლოდან ააცილეს.
გოლზე არაფერი დაგვიწერია. მარჯვენა ნახევარმცველი ცოტნე კაპანაძე უეცრად მარცხნივ აღმოჩნდა, დაბალი ბურთი შეუშვა საჯარიმოში და ხვიჩა კვარაცხელიამ ერთი შეხებით ცხრიანში ჩააჭედა. კაპანაძე მთელი თამაში მაგრად იყო, ამწვავებდა და ამწვავებდა. „საბურთალოს“ დუბლებშია ეს ბიჭი, ხოლო მეგოლე კვარაცხელია სულაც თბილისის „დინამოს“ ძირითად გუნდშია და კახა კაჭარავამ ათამაშა კიდეც.
კარგია კაპიტანი ზურიკო დავითაშვილი, რომელიც ასევე მოინათლა ეროვნულ ლიგაში. ოღონდ თავს თუ ხშირად ასწევს და პასს მეტ ყურადღებას დაუთმობს, უკეთესი იქნება.
კვარაცხელიას და დავითაშვილსაც თავდასხმა სისხლში აქვთ. პირველის მამა ბადრი კვარაცხელიაა, აზერბაიჯანში რომ თამაშობდა და იქაურ ჩემპიონატში საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. მეორის მამა კი „აბრეზა“ – ჩვენს ჩემპიონატში წლების განმავლობაში შედეგიანად თამაშობდა. ყველაზე მაგრად კი „ამერში“ გაჰქონდა.
თუმც არ გვინდა ცალკეული ბიჭების გამორჩევა. არ არის ჯერ საჭირო, პატარები არიან და ყველაფერი წინ აქვთ. ნემსაძის ნამუშევარიც ჩანს, თუმც მოვიცადოთ და უფრო ძლიერ ნაკრებებთან რას ვიზამთ, შევხედოთ.

სანამ საქართველო ლატვიას მოუგებდა, იტალიამ არ დაინდო მონტენეგრო და 3:0 მოუგო. პატარა „სკუადრას“ 30 ოქტომბერს ბოლო ტურში ვხვდებით, მანამდე კი მონტენეგრო უნდა მივალატვიოთ. გაზაფხულზე გასამართ ელიტრაუნდზე ამ ჯგუფში პირველ და მეორეზე გასულები ითამაშებენ.
საქართველო – ლატვია 1:0
საქართველო: ხარშილაძე, კაპანაძე, გელაშვილი, ნონიკაშვილი, აზაროვი, კვარაცხელია (შვარცი 71), ჩოთალიშვილი, გულიაშვილი (ჯანგველაძე 80), დავითაშვილი, აბზიანიძე (შალიკაშვილი 54), მექვაბიშვილი
გოლი: კვარაცხელია (21)
გაფრთხილება: მაგრინსი, ვილიუმსონსი – ჩოთალიშვილი (2), გულიაშვილი, აზაროვი
გაძევება: ჩოთალიშვილი (70)