მოგეხსენებათ, საერთაშორისო ფეხბურთში საერთაშორისო ამბები ხდება, ეროვნულში კი ანტიეროვნული. ამიტომაც გადავწყვიტეთ მკითხველს მოკლედ შევახსენოთ ბოლოხანს მომხდარი უმნიშვნელოვანესი და უმნიშვნელო ამბები, რითაც სპორტის ამ სახეობის ბუნდოვან პერსპექტივაზე მკაფიო შთაბეჭდილებას შევიქმნით. მაშ ასე:

ამბავი პირველი: „მანჩესტერ იუნაიტედის“ ცნობილმა სერმა, ალექს ფერგიუსონმა თვალი დაადგა მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს, ალექსეი სმერტინს და მის ხელში ჩაგდებას ცდილობს. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ცნობილმა ქართველმა აგენტმა ბონდო დამალულმა წამოიწყო მოძრაობა თბილისის ფ.კ. „სიხარული 1901 წლის 14 მარტის შუადღის ოთხის ნახევრის“ ნახევარმცველია, საშა სიკვდილაშვილის იმავე ინგლისურ გუნდში გადასაყვანად. წარმატებული ტრანსფერის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ სმერტინი ერთ ფრთაზე ითამაშებს, ხოლო სიკვდილაშვილი მეორეზე. (სმერტь რუსულად იგივეა, რაც სიკვდილი ქართულად — რედ.)

ამბავი მეორე: ევროკავშირის საფეხბურთო კომისიის ექსპერტებმა დააკსვნეს, რომ მშობლიურ ბელგიაში დაბრუნებული ცნობილი ჰოლანდიელი მწვრთნელი იოჰან ბოსკამპი საქართველოში გატარებულმა პერიოდმა მენტალურად გაამდიდრა. კერძოდ, მას აშკარად ეტყობა თბილისელი ტაქტიკოსის, აწგარდაცვლილი (მიმოხილვა როგორც ჩანს პონტელავას გარდაცვალების მერეა დაწერილი — რედ.) ენგელბერტ პონტელავას გავლენა, რაც ბოსკამპის ახალი გუნდის, გენკის „გენკის“ პირველივე შეხვედრის ანგარიშზე აისახა. პონტელავას მეთოდების დანერგვისა და საყოველთაო გავრცელების შემთხვევაში ევროპის საფეხბურთო აზროვნებაში დიდი რევოლუციაა მოსალოდნელი.

ამბავი მესამე: თბილისის ერთ-ერთ უბანში, საკუთარ ბინაში, ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა ფ.კ. „მაგრების“ მწვრთნელი, ცნობილი მოღვაწე ენგელბერტ (ენგო) პონტელავა (ხომ ვამბობდით — რედ.). გარდაცვლილის სასთუმალთან იპოვნეს ორი ერთჯერადი შპრიცი და სამი ამპულა სიყვარული. პონტელავას ნათელი ხსოვნა მარად დარჩება მისი დედმამიშვილის სლიშკომას და აღზრდილის, ნიკუშკი ჩემიდედავას გულებში.

ამბავი მეოთხე: ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი 2003 წლიდან მსოფლიოს ჩემპიონატის წელიწადში ოთხჯერ ჩატარებას გეგმავს. საგაზაფხულო — სამხრეთ ამერიკაში, საშემოდგომოს აზია უმასპინძლებს, საზაფხულო სამხრეთ ამერიკაში, ხოლო საზამთრო ლაგოდეხში მოვა. ამასთან ბლატერი თბლის, რომ ყოველ პირველობაზე უნდა გაიმარჯვოს მასპინძელი კონტინენტის წარმომადგენელმა (ანბანის მიხედვით), რაც სტადიონზე დასწრებასა და შემოსავალს გაზრდის. იდეა ძალიან მოეწონათ ფიფას ტრადიციულ სპონსორებს „კოკა-რ-ბოქსილაზას“, „Sony კორლეონესა“ და „დიმიტრი კოპიერზს“, თუმცა მათი პრეზიდენტის მეისონ შაქარაშვილის (იგივე სახაროვი ანუ სახარევიჩი, ესე იგი ცუკერმანი) განცხადებით უმჯობესი იქნება თუ სტადიონზე განთავსებული რეკლამების სანახავად მოსული ხალხი ფეხბურთის ცქერით არ მოცდება.

ამბავი მეხუთე: გერმანიის ნაკრები გამალებით ემზადება „ევრო 2000“-ისთვის, მაგრამ მისი მწვრთნელი, ერიხ რიბეკი დიდი პრობლემის წინაშე დგას — ყველა ფეხბურთელი გამოუცდელი ახალგაზრდაა, გამოცდილები კი არსად ჩანან. საერთოდ, ასაკოვან მოთამაშეთა ნაკლებობა გერმანული ფეხბურთის აქილევსის ქუსლია. ამ პრობლემასთან საბრძოლველად ქვეყნის საფეხბურთო კავშირმა გახსნა „ვეტერანთა აღზრდის სკოლა“, რომლის პირველ კურსდამთავრებულს, გიუნტერ ნეტცერს ნაკრებში აპრილის ბოლოსკენ ელიან.

ამბავი მეექვსე: ესპანური „სალახუნას“ იუგოსლავიელმა თავკაცმა ზლობომირ აგრესოვიჩმა წაიკითხა სამი წიგნი: „ფეხბურთელთა თორმეტგოჯა ნაწლავის ფუნქცია და მისი მნიშვნელობა მარცხენა ფრთიდან სამკაციანი შეტევის განვითარებაში“, „ფსიქოთერაპევტის როლი სტუმრად გამართული შეხვედრის მეორე ტაიმის 24-ე წუთზე, როდესაც ანგარიშია 3:2 მასპინძელთა სასარგებლოდ“ და MSPRQFH, რის შემდეგაც პირველივე შეკრებაზე მოთამაშეები ჩაამწკრივა და უთხრა: „თქვე ახვრებო, მეტი საქმე არა მაქვს თქვენს ნაწლავებზე ფიქრით შევიწუხო თავი. ფსიქოთერაპევტი არა, გინეკოლოგი. გადით ეხლა მოედანზე და 30 წრე შემოურბინეთ, თორემ წიხლქვეშ გაგიდებთ, თქვენი…“

ამბავი მეშვიდე: შაბათს, ესპანეთის ჩემპიონატის ცენტრალური მატჩის „რეალ“ ­— „ბარსელონას“ დამთავრების შემდეგ ნახალოვკაში, კიკვიძის პარკში ერთმანეთს დაჭრიან „რეალისა“ და „ბარსელონას“ თბილისელი გულშემატკივრები.

პაპუნა კედია

P.S. ავტორს აინტერესებს რატომ სხდებიან ტიპები მარშრუტკაში მძღოლის გვერდით, როდესაც იქ ვიღაც უკვე ზის.

2000 წლის 23 თებერვალი