თბილისის „დინამოს“ უფროსი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი: „მანუჩარ მაჩაიძის დარი კიდევ ერთი ნახევარმცველი რომ მომცა, ჩვენს გუნდს წინ ნამდვილად ვერაფერი დაუდგებოდა“.

 იტალიური საფეხბურთო კლუბის „ნაპოლის“ მწვრთნელები: „რაოდენ ბედნიერნი ხართ ქართველები, რომ გყავთ ისეთი უნივერსალური და უნიკალური ნახევარმცველი, საერთაშორისო კლასის ისეთი ბრწყინვალე დიდოსტატი, როგორიც არის „დინამოს“ კაპიტანი მანუჩარ მაჩაიძე. ჩვენი ხანგრძლივი საფეხბურთო პრაქტიკის მანძილზე იშვიათად შეგვხვედრია ისოდენ ფართო დიაპაზონის ფეხბურთელი“.

 გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“ — ქართველი მწერლების სახელით: მანუჩარ მაჩაიძემ ზღვა ენერგია შეალია ქართული ფეხბურთის ბოლო წლების დიდ გამარჯვებებს. უშურველად გაღებული ენერგია კი, როგორც იტყვიან, ამაოდ არასოდეს იხარჯება. რამდენ, თითქმის წაგებულ თამაშში იჩინა თავი მანუჩარის ასეთმა თავდადებამ.

 გაზეთი „ლელო“: მანუჩარ მაჩაიძე ის უნიკალური ხე-მცენარეა, მხოლოდ მშობლიურ ნიადაგზე რომ ხარობს.

 რამდენი მანუჩარ მაჩაიძე არსებობს ქვეყნად? ისე არ გამოგოთ, თითქოს მაჩაიძეთა გვარს ვიკვლევდე, იმ მანუჩარ მაჩაიძეზე გეკითხებით. რამდენია ის მანუჩარ მაჩაიძე?

მე თუ მკითხავთ, ორია, მთავარი და ორი წამისგან შექმნილი.

მთავარი მანუჩარი თავდადებული, ერთგული, შეუპოვარი, პატიოსანი, წინამძღოლი ფეხბურთელია, თუმცა ჯობს ორწამიანით დავიწყოთ.

1971 წელს ერევნის „არარატი“ ძლიერი გუნდი გახლდათ, თორემ, პირველ წრეში, თბილისში, „დინამოს“ აბა, 4:0-ს როგორ მოუგებდა. სიმწრისგან სულ თითები დაიკვნიტეს ქართველებმა. მეორე წრეში, ცხადია, „დინამო“ ჩავიდა ერევანში.

იმ მატჩს სომხებმა სხვა ელფერი მისცეს, ახალაშენებული „რაზდანის“ სტადიონის საზეიმო გახსნას მაინცდამაინც „დინამოს“ დამარცხება უნდა დამთხვეოდა. რას იზამ, ასეა, როცა ძველი გამღიზიანებელი ხარ.

ათი წუთიც არ იყო გასული, გურამ პეტრიაშვილმა ბურთი მოწინააღმდეგის ნახევარზე რომ გადაიტანა და მაჩაიძეს გადააწოდა. მაჩაიძემ ჯერ ორი მეტოქე მოატყუა, მერე, უკვე საჯარიმოსთან, კიდევ ორს აუბნია თავგზა, რასაც დროული დარტყმა მოაყოლა… „რაზდანის“ გახსნაზე მეტი გოლი აღარ გასულა.

1972 წლის გაზაფხულზე, პარიზში, განახლებულ „პარკ დე პრენსზე“ პირველი მატჩი საფრანგეთისა და საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებებს შორის გაიმართა. პირველი ტაიმის მიწურულს მაჩაიძემ საკუთარ საჯარიმოსთან მოინადირა ბურთი. იგი მოწინააღმდეგის კარისკენ დაიძრა, ცენტრს გადაცდა და დაახლოებით ოცდათხუთმეტი მეტრიდან „ცხრიანში გაჭედა“.

ამ ორმა წამმა შექმნა ერთი მანუჩარი.

მეორე, მთავარი მანუჩარი კი გაელვებათა კაცი არ ყოფილა.

დავით ყიფიანი, ლეგენდარული იტალიელი სანდრო მაცოლა და მანუჩარ მაჩაიძე

აღმოსავლეთ ტრიბუნიდან კარგად ჩანდა, როგორ გამოიკვეთებოდა გვირაბიდან მანუჩარ მაჩაიძის სილუეტი. ბურთი ჰქონდა ამოიღლიავებული. უკან სხვები მოჰყვებოდნენ. სულ ბოლო, ვოვა გუცაევი გამოდიოდა. მაგრამ, ამ დროს უკვე დასავლეთ ტრიბუნაც ყველაფერს ხედავდა და ტაშს უკრავდა. დასავლეთი აღმოსავლეთის კიჟინით ხვდებოდა, რომ მანუჩარი გამოჩნდა, ესე იგი ბიჭები გამოდიან.

მაჩაიძე მოედნის კიდესთან შეჩერდებოდა. შეჯგუფდებოდნენ ჩვენები. კაპიტანმა თავისებურად იცოდა ფეხების გავარჯიშება. ჯერ ერთს გაიქნევდა, მერე მეორეს. ამასობაში მოწინააღმდეგეც გამოვიდოდა და იწყებოდა სვლა მოედნის ცენტრისაკენ.

მთავარი მაჩაიძე მეტოქის კაპიტანს ხელს ჩამოართმევდა და, როგორც წესი, პირველ ტაიმში, პირველ ტაიმში სამხრეთის კარისკენ შეტევას ამოირჩევდა. მერე კი იწყებოდა…

„გრასჰოპერის“ ხსენებაზე ყველას ციურიხი, უნამუსო მსაჯი კიტაბჯანი და 0:4 აგონდება. მე კი პირველი, თბილისური თამაშიც კარგად მახსოვს, იმიტომ, რომ მანუჩარი მოწინააღმდეგის ოთხ-ხუთ მცველთან ბრძოლასაც არ ერიდებოდა. ერთი ასეთი მომენტი ფოტოაპარატმაც დაიჭირა და ის ფოტო, მერე, კედლის კალენდარს ამშვენებდა: ბურთი მაჩაიძეს აქვს, გარშემო კი „გრასჰოპერია“.

ეს იყო ნამდვილი მანუჩარ მაჩაიძე, კაცი, რომელიც არავის ეპუებოდა. ის, ვისთვისაც სულერთი იყო ერთი მოწინააღმდეგე დაუდგებოდა თუ მთელი გუნდი. სულერთი იყო, რადგან, ჯერ ერთი, დანებება არ სჩვეოდა, მეორეც იცოდა, რომ ყველას გავლა შეეძლო.

ბურთი თუ მოიგდო, აღარ იშორებსო, საყვედურობდა უამრავი ადამიანი. მაშინ კი არა, ახლახან, ამდენი წლის შემდეგაც შევესწარი ამ თემაზე ცხარე კამათს.

ერთი რამ ვიცი, მანუჩარ მაჩაიძე ნაღდი კაპიტანი, ყოჩი იყო. მას ნებისმიერ წამს შეეძლო ათივე თანაგუნდელის აყოლიება და თითქოს წაგებული თამაშის მოგება. მისი შეუპოვრობა გადამდები გახლდათ.

ისიც ფაქტია, რომ მაჩაიძეს ბურთის ფლობის ფენომენალური ნიჭი ჰქონდა, ასეთი კაცი კი ჭკვიან მწვრთნელს შეუძლებელია არ გამოდგომოდა.

მაჩაიძე „დინამოს“, ქართულ ფეხბურთს გამოადგა.

კაცმა, რომლის სილუეტიც გვირაბიდან პირველი გამოიკვეთებოდა ხოლმე ზედიზედ 150 თამაში უტრავმოდ, უგრიპოს, ვარსკვლავური ჭირვეულობის გარეშე ჩაატარა.

საოცარია, ის ვარსკვლავი იყო, ჭირვეული კი არ ყოფილა.

ამიტომაცაა მაჩაიძე ორი. ორწამიანი და მთავარი. მათ თითქოს არაფერი აკავშირებთ. ორი წამი ყისმათის ამბავია, ნამდვილი მაჩაიძე კი გაელვებათა კაცი არ ყოფილა.

თუმცა, სინამდვილეში ის ორი წამი ნამდვილი მაჩაიძის ცხოვრების ნაწილია.

გამოდის, რომ განგებამ იცის ვის, როდის და რატომ გაუღიმოს.

საბჭოთა კავშირის ნაკრებში კი მანუჩარს იშვიათად იწვევდნან. წითელ გუნდს უკიდერესად ქართველი ფეხბურთელი არ სჭირდებოდა.

მაჩაიძეს საქართველოს ნაკრებში უნდა ეთამაშა, ასეთი გუნდი კი მაშინ არ იყო, თუ „დინამოს“ არ ვიგულისხმებთ. მაგრამ „დინამო“ ხომ სულ სხვა შეჯიბრებაში მონაწილეობდა.

ნიკიტა სიმონიანის დროს ითამაშა „დინამოს“ კაპიტანმა ნაკრებში რამდენიმე მატჩი. ბერძნებს თბილისში შეხვდნენ. მატჩის შემდეგ სიმონიანი ამბობდა, საბჭოთა კავშირის პირველობის ბოლო მატჩში მაჩაიძემ ბევრი ტაქტიკურ-ტექნიკური ილეთი ჩაატარა, დღეს კი მხოლოდ ოთხიო. ეს გასაგებიც იყო: ჩემპიონატის თამაშში მანუჩარი ქართულ გუნდში ტრიალებდა, აქ კი რუსულში.

მე თუ მკითხავთ, მაჩაიძისთვის მადრიდის „რეალი“ იქნებოდა ზედგამოჭრილი.

მერე კი მანუჩარი „დინამოდან“ გაუშვეს.

„დინამოს“ ყოფილმა კაპიტანმა ტაშკენტის „პახტაკორში“ ითამაშა ერთხანს. „პახტაკორი“ ხომ ავიაკატასტროფაში დაიღუპა და ტაშკენტელები ახალ გუნდს აყალიბებდნენ. მაჩაიძეც გამოეხმაურა, ხელი გაუმართა.

მოსკოვის „სპარტაკშიც“ იყო.

ბოლოს კი ქუთაისის „ტორპედოში“ მივიდა. მანუჩარის დროინდელმა „ტორპედომ“ უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.

ქართულ გუნდში მაჩაიძე გამარჯვებული გახლდათ.

1999 წლის 25 თებერვალი

 

წილი
წინა სტატიასარბიელი ფიფაში – რონალდუ, ნეიმარი, მარსელო
შემდეგი სტატიაოხ, ეს ესპანელი მსაჯები!
ილია ბაბუნაშვილი ჩვენი ამქრის ჯონ ლენონია. წარმოიდგინეთ, ჰოროსკოპიც დიადი ინგლისელი მუსიკოსის იდენტური აქვს, თუმც რატომღაც თავად გულზე არ ეხატება, მიედ-მოედებაო. განსაკუთრებით „იმეჯინი“ აღიზიანებს. უპურატესობას რობერტ პლანტსა და როდ სტიუარტს აძლევს. კიდევ, საეჭვოდ ხშირად ახსენებს რუსეთის ხანტი-მანსიისკის ოკრუგის მიყრუებულ სოფელ ხურუმპაულს.