რაც “ბარსელონადან” “პარი სენ ჟერმენში” გადავიდა, ასეთი კოშმარული საღამო ნეიმარს ჯერ არ ჰქონია. მარსელში (სადაც პარიზელებმა 2:2 ითამაშეს) მაყურებლის აგრესია იქამდე მივიდა, რომ როდესაც ბრაზილიელი კუთხურის ჩასაწოდებლად ტრიბუნასთან ახლოს მიდიოდა, მატჩის ორგანიზატორები დაცვას იხმობდნენ.
როდესაც ესა თუ ის ვარსკვლავი პრინციპულ შეხვედრაში მონაწილეობს, მასპინძელი გუნდის გულშემატკივარი მის მიმართ ყოველთვის უარყოფითად არის განწყობილი, მაგრამ ნეიმარის შემთხვევაში მარსელელებმა გადააჭარბეს. ვინ იცის, ყოფილმა ბარსელონელმა შვებაც კი იგრძნო, როდესაც 87-ე წუთზე ფლორიან ტაუვინის წინააღმდეგ უხეშობის გამო მოედნიდან გააძევეს.
მტრული გარემოს მიუხედავად, ნეიმარმა 33-ე წუთზე გოლი გაიტანა.