დაახლოებით ერთი თვის წინ, როცა ვებ-გვერდს ვაწყობდით, თბილისის ოლიმპიური სასახლე ფრენბურთელ ქალთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობდა. ბოლო დროს მასშტაბური საერთაშორისო ტურნირები ჩვენთან მრავლად ჩატარადა, მაგრამ სტატუსით ფრენბურთმა მაინც ბევრი დაჩრდილა.
ფრენბურთში საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს. ოლიმპიური ოქრო ვაჟა კაჭარავამ საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 1964 წელს ტოკიოში მოიგო; ფრენბურთში საქართველოს ვიქტორია რავა ჰყავს. მან ფრანგული „კანს“ ორჯერ მოაგებინა ჩემპიონთა თასი, ის კი ორჯერ დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფრენბურთელად; ფრენბურთში საქართველოს ჰყავს გივი ახვლედიანი. მწვრთნელი, რომელსაც მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელთა სამეულში აქვს ადგილი და ფრენბურთის ლეგენდად ითვლება… საქართველოში კი ფრენბურთი არც ისეთ განვითარებულია, როგორი წარმოსახვაც შეიძლება ამ სახელების წარმოთქმის შემდეგ შეგვექმნას.
საქართველოს ფრენბურთის ფედერაციას დღეს ირაკლი ჩაჩუა ხელმძღვანელობს. ამავდროულად ის გახლავთ აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. თანამედროვე ქართულ ფრენბურთზე სასაუბროდ ჩვენც სწორედ მას მივმართეთ… სხვათა შორის მას „პლეხანოვზე“, სწორედ ვაჟა კაჭარავას სახელობის დარბაზში შევხვდით და ბევრი საინტერესო მოვისმინეთ. პირველად კი ცხადია, ევროპის ჩემპიონატზე ვთქვით.
ევროპის ჩემპიონატი, მასში მონაწილე საქართველოს ნაკრები ოლიმპიურ სათამაშო სახეობაში და პირდაპირი ტელე-ტრანსლაცია მსოფლიოს 75 ქვეყანაში – დამეთანხმებით, ქართული სპორტული რეალობისთვის დიდი ამბავია, – გვითხრა საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა
– ევროპის საერთაშორისო ფედერაციისგან ტურნირის მასპინძლობისთვის უმაღლესი შეფასება დავიმსახურეთ. მცირე შეფერხებაც კი არაფერში გვქონდა, რაც საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. ერთადერთი პრობლემა, თუ შეიძლება ამას პრობლემა ეწოდოს ის იყო, რომ საქართველოში ჩელენჯსისტემა არ გვქონდა. შესაბამისი ტექნიკა უცხოეთიდან ჩამოვიტანეთ და უცხოელებმა დაამონტაჟეს. ისინი, ცხადია ჩვენც, თავიდან ცოტას ვნერვიულობდით, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
ძალიან კარგი. მოდით, მაშინ, თავიდან დავიწყოთ და მოგვიყევით, როდის გადაწყვიტეთ და როდის მიიღეთ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება?
იდეა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის 2013 წლის კონგრესზე დაიბადა. ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი აზერბაიჯანმა როცა შეჰქონდა, მეზობლებს მაშინვე შევთავაზეთ, რომ ერთი ჯგუფის მატჩებისთვის საქართველოს ემასპინძლა. აზრბაიჯანელები დაგვთანხმდნენ და საერთაშორისო ფედერაციამაც აიტაცა ჩვენი წინადადება. ჩემპიონატის მასპინძლობაზე სიტყვიერი თანხმობა განაცხადის შეტანისთანავე მივიღეთ, თუმც ფაქტობრივად ეს ამბავი 2014 წლის სექტემბერში, ანთალიაში დადასტურდა. 2016 წელს კი წილისყრა შედგა. გაგვიმართლა, რომ ევროპის მოქმედი ჩემპიონი იტალია სწორედ თბილისის ჯგუფში მოხვდა. ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობამდე, გამოცდილების მისაღებად, ევროლიგის მატჩებს ვუმასპინძლეთ, სადაც ევროპის კიდევ ერთი გრანდი საფრანგეთი, მონტენეგროსთან და უკრაინასთან ერთად გვესტუმრა.
ევროლიგის ხსენებაზე, სწორედ იმ ტურნირისთვის საქართველოში ვიქტორია რავა იყო ჩამოსული…
დიახ, ის საფრანგეთის ნაკრების მენეჯერის რანგში გვეწვია. ევროპის ჩემპიონატზეც დავპატიჟეთ, მაგრამ ვეღარ მოახერხა ჩამოსვლა. ვიკა რავა მსოფლიო ფრენბურთში დიდი ავტორიტეტი და ქალთა ფრენბურთის ლეგენდაა. მას ჩვენი საფრენბურთო ინფრასტრუქტურა დავათვალიერებინეთ, დაესწრო საქართველოს ქალთა ნაკრების მატჩებს და სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, ასეთ შედეგს და წინსვლას არ ველოდიო, გულწრფელად გვითხრა.
მსოფლიო ფრენბურთის ლეგენდა არის გივი ახვლედიანიც. რომელმაც საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ქალთა და ვაჟთა ნაკრებს, რაც მოსაგები იყო, თითქმის ყველაფერი რამდენჯერმე მოაგებინა. მისი სახელის გათვალისწინებით რუსული ფრენბურთის ხელმძღვანელებთან რაიმე განსაკუთრებული ურთიერთობა ხომ არ გაქვთ?
სხვათა შორის ვამაყობ, რომ გივი ახვლედიანს პირადად ვიცნობდი. ის 80-იან წლებში, ერთი წელიწადი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გახლდათ. ის საუკუნის მწვრთნელად არის აღიარებული, საუკეთესო მწვრთნელთა სამეულშია. მსოფლიო ფრენბურთში დიდი ავტორიტეტი იყო. რაც შეეხება რუსებთან ჩვენს ურთიერთობას, გეტყვით, რომ აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის პრეზიდენტი რუსი ვლადიმერ პატკინია, ხოლო ვიცე -პრეზიდენტი თავად ვარ. სხვათა შორის, აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის საქართველოში, ფრენბურთის განვითარების კოორდინატორი სწორედ რუსეთია და მათთან, მეგობრულის გარდა, მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა გვაქვს.
ევროპის ჩემპიონატს მივუბრუნდეთ. საქართველოს ნაკრებმა პირველად ითამაშა ასეთი რანგის ტურნირზე. კმაყოფილი ხართ დებიუტით?
ჩვენი გუნდი ძირითადად 19 წლის გოგონებით იყო დაკომპლექტებული, იმ ფრენბურთელებით, რომლებმაც ორი წლის წინ ევროპის ახალგაზრდულ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა. სხვადასხვა ქვეყნიდან თბილისის მატჩებზე დამსწრე მენეჯერები კი ჩვენი გუნდის თვალშისაცემ პროგრესს ერთხმად აღნიშნავდნენ. პირველი მატჩი იტალიასთან, ჩვენთვის, პირდაპირ ვიტყვი, ვარჯიშის ტოლფასი იყო. აი, ხორვატიასთან კი მოსაგებად ვთამაშობდით. ერთი პარტია მოვიგეთ კიდეც, თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა, მაგრამ მერე გამოუცდელობამ იჩინა თავი და 3:1 წავაგეთ. უკმაყოფილების საბაბი არ მაქვს, ახლა მთავარია ეს შემადგენლობა როგორმე შევინარჩუნოთ. ეს თუ მოვახერხეთ, დარწმუნებული ვარ, მომავალში წარმატებას მივაღწევთ. გვპირდებიან, რომ სახელმწიფოს დახმარების პროგრამა ჩვენც შეგვეხება, რაც ქართული ფრენბურთის სწრაფად განვითარებისთვის უდიდესი წინაპირობა იქნება.
ვაჟთა ნაკრებში როგორაა საქმე?
შედარებით უფრო რთულად. ვაჟებში ახლა გადახალისება მიმდინარეობს. აქცენტი ჭაბუკებზე გვაქვს აღებული, ოთხწლიანი პროგრამა შევიმუშავეთ, რის შედეგსაც ერთად ვნახავთ.
ეროვნული ჩემპიონატი?
სასიხარულოა, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე ქალთა და ვაჟთა გუნდების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. უმაღლეს ლიგაში ახლა 6-6 გუნდი მონაწილეობს, პირველში კი 10-10 გუნდს ველით. წელიწადში ორჯერ გვაქვს მწვრთნელთა და მსაჯთა გადამზადების პროგრამა. სკოლების ჩემპიონატში მონაწილეობა 900 ფრენბურთელმა ვაჟმა და 700 გოგონამ მიიღო მონაწილეობა. სახელმწიფო დახმარების ფარგლებში კი ვიმედოვნებ, ფრენბურთი ნახევრადპროფესიული და კიდევ უფრო პოპულარული გახდება.
დარბაზების პრობლემა არ გაქვთ?
საქმე ამ მხრივ ნორმალურად არის. დიღომში გვაქვს ახალი დარბაზი, ტექნიკური უნივერსიტეტი თავის დარბაზში თამაშობს, სახელმწიფო უნივერსიტეტი თავის დარბაზში, არის ვაჟა კაჭარავას სახელობის დარბაზი… მოკლედ, ამ მხირვ ყველაფერი რიგზეა.
ოლიმპიური სასახლე არ გიხსენებიათ, არადა გავიგეთ, რომ იქ უკვე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობას აპირებთ...
დიახ. ფრენბურთის საერთაშირსო ფედერაციას განაცხადი უკვე გადავეცით და იმედია, თხოვნას დაგვიკმაყოფილებენ. ახალგაზრდა ფრენბურთელებისთვის ასეთი რანგის ტურნირის თბილისში ჩატარება დამატებითი სტიმული იქნება. აქვე ერთსაც გეტყვით. თოვლის ფრენბურთში აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაც გვაქვს ჩაფიქრებული და ახლა სწორედ ამ საკითხზე ვმუშაობთ. თოვლის ფრენბურთი ფრენბურთის ახალი ნაირსახეობაა. ევროპის პირველი ჩემპიონატი გაისად, თებერვალში, ლაგენფურტში ჩატარდება. სამომავლოდ კი თოვლის ფრენბურთი, დიდი ალბათობით, ოლიმპიური სახეობა იქნება, ყოველ შემთხვევაში ამ თემაზე უკვე აქტიურად მსჯელობენ. მოგეხსენებათ, ზამთრის ოლიმპიადზე ჰოკეის გარდა სათამაშო სახეობა არ არის. ფრენბურთი კი სპორტის ის სახეობა გახდება, რომლის სამი ნაირსახეობაც, ოლიმპიურ პროგრამაში იქნება. ფრენბურთის გარდა ხომ ზაფხულის ოლიმპიადის პროგრამაში პლაჟის ფრენბურთიც არის.
პლაჟის ფრენბურთში საქართველოს გეორ – გიასა და საქა-რთველოს დუეტიც ჰყავდა. სად არიან ახლა ისინი?
„გიას“, ამას წინათ, ბაქოში შევხვდი, თუმცა სამომავლო თანამშრომლობაზე აღარ გვისაუბრია. ასაკს თავისი მიაქვს. პლაჟის ფრენბურთშიც აქცეტი ახალგაზრდებზე გავაკეთეთ და უკვე გამოჩნდა კიდეც რამდენიმე სანტერესო წყვილი.
ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ ფრენბურთელ ქალთა შორის ევროპის ჩემპიონი სერბეთი გახდა, რომელმაც ფინალში ჰოლანდია აჯობა. მთლიანად ტურნირი კი თბილისში, ბაქოსა და განჯაში ჩატარდა. თბილისში კი საქართველოს ქალთა ნაკრების გარდა იტალია, ხორვატია და ბელარუსი თამაშობდა.