სანამ გეტყოდეთ, რატომ ამღერდა “კამპ ნოუზე” შეკრებილი 74 379 გულშემატკივარი ზუსტად შეხვედრის მე-17 წუთსა და მე-14 წამზე, მოგახსენებთ, რომ მთლიანად ესპანეთსა და კერძოდ კატალონიაში პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, “კამპ ნოუზე” “ბარსელონასა” და “მალაგას” შეხვედრა მშვიდობიანად ჩატარდა. მასპინძლებმა 2:0 მოიგეს, თუმცა პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო — ლუკას დინიემ ჟერარდ დეულოფეუს საგოლე პასი მოედნის გარედან ჩააწოდა. სამაგიეროდ, მეორე ტაიმის დასაწყისში, ანდრეს ინიესტას გოლი იყო ეფექტური. ინიესტას პასი ლეო მესიმ მიაწოდა. ზოგადად შეხვედრა დუნე და მოსაწყენი გამოვიდა, რაც, სავარაუდოდ, სწორედ პოლიტიკური დაძაბულობით აიხსნება.

საგოლე პასი…

მატჩის დილას ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი რას გადაწყვეტდა “ბარსას” ხელმძღვანელობა — შეხვედრას ჩაკეტილ კარს მიღმა ჩაატარებდა, საერთოდ გადადებდა თუ ჩვეულებრივ გამართავდა. ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, რა მოხდებოდა მადრიდსა და ბარსელონაში. მადრიდში ესპანეთის უმაღლესმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა კატალონიის სეპარატისტ ხელისუფლებას უფლებამოსილება შეუჩეროს და ახალი არჩევნები დანიშნოს. ამის პასუხად ბარსელონაში ისეთი არაფერი მომხდარა ფეხბურთის თამაში შეუძლებელი რომ ყოფილიყო.

74 ათასზე მეტი გულშემატკივარი მშვიდად უყურებდა მატჩს და დემონსტრაციულად აფრიალებდა კატალონიის დროშებს, ხოლო შეხვედრის დაწყებიდან ზუსტად 17 წუთსა და 14 წამში პატრიოტულად ამღედრა. საქმე ის გახლავთ, რომ 1714 წლის 11 სექტემბერს 14 თვიანი ალყის შემდეგ ქალაქი ბარსელონა ესპანეთის მეფის, ფილიპ მეხუთე ბურბონის ლაშქართან დამარცხდა. მას შემდეგ 11 სექტემბერი კატალონიაში ეროვნულ დღედ არის გამოცხადებული.

“მალაგასთან” მოგების შემდეგ “ბარსას” 25 ქულა აქვს და ცხრილში მის პირველ პოზიციას არაფერი ემუქრება.