„ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთი ვარსკვლავების გვერდით თუ ვითამაშებდი. ვარსკვლავები კი არა, ლეგენდები არიან! ხანდახან უხერხულობასაც კი ვგრძნობ, მოედანზე ერთად რომ ვართ, მე კი ზოგჯერ მათი კაპიტანი ვარ“, – ეს სიტყვები საქართველოს ნაკრების გამოცდილ უნივერსალს გია ლაბაძეს ეკუთვნის, რომელიც ახლა საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში, ელიტ 2-ში სახელიან კლუბ „ტულონში“ თამაშობს.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: მეორე დივიზიონში ლაბაძის მხარდამხარ თამაშობენ… ახალზელანდიელი ლეგენდა ტანა უმაგა და 2003 წლის მსოფლიო თასის მომგები ინგლისელი ვარსკვლავი დენ ლუგერი. აღარაფერს ვამბობთ საფრანგეთის ნაკრების მორკინალებზე ჟან-ჟან კრენკასა და ჟან-ბატის რუზე და 1999 წლის მსოფლიო თასის საუკეთესო ბომბარდირზე, არგენტინელ გონსალო კესადაზე.

თანამედროვე რაგბის უკოლორიტულეს ფიგურასთან, ტანა უმაგასთან ინტერვიუს შეთანხმება და იქნება-არ იქნება არ დასჭირვებია – გია ლაბაძის ერთი თხოვნაც საკმარისი აღმოჩნდა.

იმის ახსნა, ვინ არის ტანა უმაგა თანამედროვე რაგბიში, იგივეა, ზინედინ ზიდანის საფეხბურთო სიდიდესა და მნიშვნელობაზე რომ ვილაპარაკოთ. ახალზელანდიელთა დალალებიანი კაპიტანყოფილი 33 წლის ლეგენდა ტანა უმაგა სამხრეთ ნახევარსფეროდან ევროპაში შარშან, სექტემბერში გადმობარგდა. ტანას აქამდეც იმდენი მილიონებიანი ევროკონტრაქტი ედო წინ, რომ სათვალავი თვითონაც აერია, მაგრამ შარშანდლამდე ეს ვერ მოხერხდა, რაკი ახალზელანდიური რაგბის წესებით, გინდ ღმერთი იყავ, გინდ ტანა უმაგა, თუ ლეგიონერი ხარ, ნაკრებს არ გაგაკარებენ. უმაგამ 2005 წლის ბოლოს მიანება ნაკრებს თავი, რომელშიც 1997 წლიდან თამაშობდა და ამ ხნის მანძილზე 79 სანაკრებო მატჩში 21-ჯერ უკაპიტნა ლეგენდარულ „ოლ ბლექსს“ და 36 ლელოც გაიტანა. ერთიცაა, ტანას ევროკარიერამ მხოლოდ ორ თვეს გასტანა: როდესაც ლაბაძის თხოვნით ჩვენთან ინტერვიუს დათანხმდა, უკვე სამშობლოში დასაბრუნებლად და ჩვენი ზარის საპასუხოდ იყო გამზადებული…

გა-მარ-ჟობა! – მოულოდნელად დაიწყო უმაგამ, როდესაც საფრანგეთში დავუკავშირდით და იქვე ინგლისურად განაგრძო – გისმენთ, გიამ მითხრა, რომ უნდა დაგერეკათ და ქართულად მისალმებაც მასწავლა.

სხვა ქართული სიტყვებიც იცით?

არა, ამაზეც ბევრი ვიწვალე. ცოტა ფრანგულის სწავლაც მოვასწარი, ინგლისურად ლაპარაკი კი კარგად გამომდის. ისე, სახლში უფრო განათლებული ვბრუნდები. ვხუმრობ, რა თქმა უნდა.

რატომ გადაწყვიტეთ ისევ ახალ ზელანდიაში დაბრუნება, ევროპულ რაგბის და საფრანგეთს ვერ შეეწყვეთ?

არა, ეს არ არის მიზეზი. მართალია, კონტრაქტით შემიძლია სეზონის ბოლომდე დავრჩე, მაგრამ გული მაინც სახლისკენ და მშობლიური „ჰარიკანზისკენ“ მიმიწევს. საფრანგეთში გატარებულმა ნახევარმა სეზონმა ძალიან ბევრი მომცა. ყოველთვის მინდოდა, უცხო ქვეყანასა და ჩემპიონატში მეცადა ძალა. მგონი, კარგად გამომივიდა, „ტულონი“ თუ უპირველეს ელიტაში დაბრუნდება, ჩემი წვლილიც იქნება.

ევროპაში აქამდეც ბევრჯერ შეგეძლოთ თამაში, მაგრამ ადრე თავს იკავებდით…

მხოლოდ იმის გამო, რომ ნაკრებში თამაში მინდოდა, ლეგიონერი კი ამას ვერ მოვახერხებდი. თანაც, „ჰარიკანზი“ ჩემთვის სახლივითაა. მაინც ვერ გავძელი და უკან ვბრუნდები. აქ დიდებული დღეები გავატარე, „ტულონთან“ ნახევარსეზონიანი კონტრაქტი კი საკმაოდ სარფიანი იყო. თანაც, ნუ გაიკვირვებთ და ჩემი ასაკის კაცმა კიდევ უფრო მეტი გამოცდილება მივიღე. საფრანგეთში დარჩენაზე უარს არ ვიტყოდი, მაგრამ სახლი მენატრება.

კარიერას ისევ „ჰარიკანზში“ გააგრძელებთ?

სხვაგან წამსვლელი არ ვარ. ძალიან მინდა ზე-14 „ჰარიკანზთან“ ერთად მოვიგო.

ნაკრებში დაბრუნებაზეც ხომ არ ფიქრობთ?

არა მგონია, ასე მოხდეს… ისე, ერთი ოცნება აუსრულებელი დამრჩა. არ მინდოდა, რაგბიდან ისე წავსულიყავი, მსოფლიო თასი არ მომეგო. არადა, წლეულს ახალ ზელანდიას ისეთი შანსი აქვს, აქამდე არ გვქონია. მსოფლიო თასის მოგებამდე სულ ერთი ნაბიჯი გვაკლდებოდა. ნახევარფინალამდე გრიალით მივდიოდით, იქ კი რაღაც გვემართებოდა და ალოგიკურად ვაგებდით.

თქვენი აზრით, რა იყო ის რაღაც, რაც ფინალში გასასვლელად გაკლდათ?

პრაგმატიზმი! ახალი ზელანდია ყოველთვის სანახაობრივ და გახსნილ რაგბის თამაშობს. ეს ნახევარფინალამდე გვყოფნიდა, მაგრამ, იქ მეტოქე ჩაკეტილი ტაქტიკით გვეთამაშებოდა და ამით გვჯობნიდა. ასე დაგვემართა 1999 წლის მსოფლიო თასის ნახევარფინალში საფრანგეთთან და 2003 წელს ავსტრალიასთან. ავსტრალია პრაგმატულად გვეთამაშა, ჩვენ კი ისევ სანახაობრივ რაგბის გადავყევით… იმედია, წლეულს ასე აღარ მოხდება და „ოლ ბლექსი“ ბოლოს და ბოლოს გახდება მსოფლიოს ჩემპიონი. თანაც, ახლა შეიძლება ითქვას, რომ „ოლ ბლექსი“ იგივე „დრიმ თიმია“.

ახალზელანდიური რაგბის ისტორიაში ვინ მიგაჩნიათ საუკეთესო მორაგბედ?

ასე თქმა ძნელია… ახალ ზელანდიაში საუკეთესოს კი არა, უამრავი ლეგენდის გამორჩევა შეიძლება. ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ. ბოლო წლებში კი ჯონა ლომუ მთლიანად მსოფლიო რაგბში იყო მოვლენა! საწყენია, რომ მანაც ისე დაასრულა კარიერა, მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გახდა.

თქვენი თავი დაგავიწყდათ?

ჩემზე სხვებმა უნდა ილაპარაკონ.

ახლა ვინ მიგაჩნიათ მსოფლიოს საუკეთესო მორაგბედ?

მე ასე ვიტყვი – მთლიანად დღევანდელი „ოლ ბლექსია“ საუკეთესო!

და ბოლოს: სანამ გია ლაბაძესთან ერთად „ტულონში“ ითამაშებდით, საქართველოზე თუ გსმენოდათ რამე?

სიმართლე გითხრათ, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ქართველებმა წინა მსოფლიო თასზე ითამაშეს, ახლა კი გაცილებით მეტი ვიცი. რაც შეეხება გიას, ის განსაკუთრებული ადამიანია, მხიარული და მეგობრული პიროვნება. „ტულონში“ საკმაო ავტორიტეტი აქვს, გუნდის ვიცე-კაპიტანია და თუ ჩვენი კაპიტანი კრენკა არ თამაშობდა, მოედანზე ლიდერი სწორედ გია იყო. მე კი არასდროს მეხამუშებოდა მისი კაპიტნობით თამაში.

 

19.01. 2007