16 ნოემბერს უეფას სადისციპლინო კომისია აჩვენებს “რომას” გულშემატკივრებს, ვინ არის მაიმუნი. საქმე ეხება ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფის მატჩს, რომელიც ოთხშაბათს ლონდოში გაიმართა — “ჩელსიმ” და “რომამ” 3:3 ითამაშეს. შეხვედრაში ერთი მეორეზე ლამაზი გოლები გავიდა, მაგრამ იყო ულამაზო ეპიზოდიც: 77-ე წუთზე მასპინძელთა შემადგენლობაში დავიდე ძაპაკოსტას ნაცვლად 24 წლის ანტონიო რუდიგერი შევიდა, რომელიც “ჩელსიმდე” სწორედ “რომას” ფეხბურთელი იყო. მის დანახვაზე ყოფილი გუნდის ფანებმა მაიმუნივით ხტომა და ყვირილი დაიწყეს, რაც ცხადია რასისტულ შეურაცხყოფად ჩაითვალა.
რუდიგერი სერია A-დან პრემიერლიგაში 29 მილიონი გირვანქა სტერლინგის საფასურად ივლისში გადავიდა და ინტერვიუში თქვა, რომ იტალიაში რასიზმის პრობლემა სერიოზულად დგას. ვინ იცის, რომაელი გულშემატკივრები აფრო-გერმანელზე სწორედ ამ სიტყვების გამო იყვნენ გაბრაზებულები.