კარუსელი დარბაზია ლუვრში, იქ კი მომავალი საფეხბურთო ჩემპიონატის წილისყრა ჩატარდა. ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ორიოდ მსუბუქი სიტყვით ჩვენც შევეწეოდით.

უპირველესად გავიხსენოთ ერთი ძველი დიალოგი:

  • შესძლებ იმას, იანეკ? ძნელია.
  • შევძლებ. მთავარია, რომ ის არსებობს.
  • რა?
  • მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია.

თუკი რამ საუკეთესო შეუძლია თქვას ქართველმა ფეხბურთელმა წილისყრის შემდეგ, ალბათ სწორედ ობერ-ლეიტენანტ კლოსის ეს სიტყვებია. მაგრამ თქმა ერთია, დუმილი კი ოქროდ ჩანს. გაფიცულ პარიზელ ტაქსისტებს, ალბათ, დიდად არ ანაღვლებთ პაწია საქართველოს ბედი, არც ამაგდარ ჟიუსტ ფონტენს, რომელიც წილისყრის ცერემონიალზე მადამ ტიუსოს მუზეუმიდან გამოტანილ ფიგურას ჰგავდა, არც სხვებს, იქ რომ ტრიალებდნენ. არიგო საკი ხომ საერთოდ სიცილით მოკვდა, როს იხილა თავისი ჯგუფის შემადგენლობა.

 

ჭეშმარიტად რუსი უნდა იყო, რომ შეეყარო კვიპროსს, ლუქსემბურგს და ისრაელს, ანდა შვედი, რომ ეპაექრო ახირებულ სკოტებს, მთელს ბალტიისპირეთს და ბელორუსიას, ან რუმინელი, რათა შეება ისლანდიას, მაკედონიას, ლახტენშტეინს და ლიტვას.

ხოლო თუ ქართველი ხარ, უნდა ებრძოლო იტალიას, ინგლისს, “პოლშას” და იმ ცხარე, ნისლიან მოლდოვას. ახლა ცნობილია, რომ ქალაქის სახელგანთქმულ პარკებში იტყვიან, ჩვენ ინგლისთან მარად მოგებულნი ვართო. იტალიასთან გაგვიჭირდება, პოლონეთი კი უნდა გადავხნათო.

ბურთი მრგვალია, ამასაც დაამატებენ. ეგებ ისევ მოხდეს, რომ გასკოინმა ჩვენს საპატივცემულოდ თმა შვინდისფრად შეიღებოს, რავანელიმ კი გლოვის ნიშნად შავი ფერის ქოჩორი დაიყენოს.

და მაინც, რუსის ბედი და ძაღლის ბედი ტოლია.

საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობას კარგა ხანია მზერა პარიზისკენ აქვს მიპყრობილი, მაგრამ ჩვენი იღბალი რომ ვიცი, კიშინიოვში სწორედ მაშინ ჩამოწვება ნისლი, მოგებას რომ გადავწყვეტთ. ლონდონურ ნისლზე ხომ საერთოდ პოემები დაუწერიათ. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის ძალზე სასიხარულო იქნება, თუ ინგლისის ნაკრებს „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებით შეავსებენ. მათ ცალკერძ „ქინქისთან“ მეგობრობით და მეორეკერძ დაცვის წყალობით იოლად ჩამოვიცილებთ.

რაც შეეხება იტალიას ამ ქვეყანამ მოიგონა არწაგების და გაჭირვებით მოგების სისტემა – კატენაჩო და იმგვარი ძაღლ-უმადური სტილით „აფარჩაკებს“ ხალხს, გული გაგისკდეს.

და განა ჩვენ არა გვაქვს აღმაფრენის წუთები?

უკვე რამდენჯერ გვივაჟკაცია. რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო გეტრფი, პარიზოო, ასე უნდა ითქვას. თორემ, თუ მოვყევით გეტრების სწორებას და ხელების შლას, ისე, როგორც ხშირად გვიქნია წარსულში, პარიზი მთლად მარსის სიშორეზე აღმოჩნდება.

მაინც რა იყოს ეს, ა? საბერძნეთი მაინც დაგვჯახებოდა, ან ჩეხეთი, ან ეს ძლეული ბულგარეთი, ან ფინეთი, ან კვიპროსი და სლოვაკია, ან ლიტვა და რაღაც ასეთი, ფეხბურთთან შორიახლო მყოფი. ავრორას რომ ჩვენთვის არასოდეს უსვრია, კარგა ხანია ვიცოდი, მაგრამ ამ ტიალ მეორე ჯგუფში მოხვდა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ჩემპიონი და ორგზის ოთხეულის კავალერი, თან ჩვენთან ცუცურმა თამაშით გამორჩეული მოლდოვა – ზიმბრულთ ქვეყანა. ახლა კი ასეა, მთელი ქვეყნის ელექტრიფიკაციას პლუს მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია, უდრის პარიზს.

სხვანაირად: „ფრთხილად, კარები იკეტება. შემდეგი სადგური ტოკიო.“

15.12.1997

წილი
წინა სტატიაკონტემ მოურინიუს შეუღრინა
შემდეგი სტატიამეც გამაუპატიურესო
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.