- მოდი რა, ფეხბურთში გამარკვიე.
- რა გაინტერესებს?
- მწვრთნელობა მინდა და ყველაფერი უნდა ვიცოდე.
- რატომ მოგინდა მწვრთნელობა?
- ტელევიზორში რომ ვხედავ, მომწონს. სხედან, ეწევიან… დაფიქრებული ხალხი ჩანს.
- მწვრთნელობა ძნელია.
- ამიტომაც მოგაკითხე, მათემატიკაზე ძნელი ხომ არ არის?
- გააჩნია ვისი მწვრთნელი ხარ.
- განა ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს?
- მთავარი სწორედ ეგ არის, „შალკე“ მწვრთნელი თუ ხარ, ერთია, „ინტერისა“ კიდევ სხვა.
- მე „ინტერის“ მწვრთნელობა უფრო მინდა.
- ოო, ეგ არ არის იოლი საქმე.
- „შალკეს“ მწვრთნელობა უფრო ადვილია?
- არა, ეგ ბევრად უფრო ძნელია.
- ჰოდა, „ინტერი“ მირჩევნია.
- კი გირჩევნია, მაგრამ ძნელია-მეთქი, გეუბნები.
- ახლა არ თქვი, ადვილიაო?
- ადვილი იმიტომაა, რომ ვისაც გინდა, იმას იყიდი, ძნელი კი მიიტომაა, რომ ვისაც იყიდი, იმას ვერაფერს გაუგებ. თანაც, ყოველდღე დაგამადლებენ. აი, რონალდო ვუყიდეთ და ვერ მოიგოო.
- და რატომ ვერ უნდა მოიგო, თუ რონალდო გიყიდეს?
- იმიტომ, რომ „ინტერის“ მწვრთნელი ხარ.
- ვერაფერი გავიგე, ხომ იგებს „ინტერი“?
- ხო, მაგრამ, ასეთი მოგება არ გვინდაო.
- აბა, როგორი?
- სალაპარაკო რომ არ იყოსო.
- მართლა ძნელი ყოფილა.
- ძნელია, აბა რა? თან თუ მწვრთნელიც დიდი ვერაფერიშვილი ხარ.
- თუ ვერაფერიშვილი მწვრთნელი ხარ, „ინტერში“ როგორ დაგნიშნეს?
- მწვრთნელობის არაფერი გაგეგება და ახლა არ ამბობდი, „ინტერი“ მინდაო?
- მაშინ „შალკეს“ ჩავიბარებ. მითხარი, რა გავაკეთო?
- დღეს მწვრთნელობაში მთავარი ფეხბურთელების ყიდვაა.
- და „შალკეს“ აქვს იმდენი ფული, რომ ზიდანი მიყიდოს?
- რად გინდა ზიდანი? შენ ხომ „შალკეს“ მწვრთნელი ხარ?
- მერე, ჩემპიონობა ხომ უნდა მოვიგო?
- ზიდანი არ გჭირდება, ვინმე პატარა ბიჭი უნდა იპოვო სკოლის ეზოში.
- ეგ უფრო ძნელი გამოდის.
- აბა, იოლი ფეხბურთის ტელევიზორში ყურებაა.
- მაინც ყიდვა მირჩევნია. რაიციგერი ვიყიდო?
- რაიციგერს თუ იყიდი, კოკუც უნდა იყიდო.
- რატომ?
- წესია ეგეთი.
- კარგი, ორივეს ვიყიდი.
- ორივე არ გეყოფა. ამათ ზენდენი უნდა დაამატო.
- ზენდენი ვინაა?
- ზენდენს კლუივერტი უნდა მიახმარო. ერთ სეზონში კი დე ბურები უნდა დაუმატო.
- რატომ? რატომ?
- წესია ეგეთი. ან თუ პეტის იყიდი, იქ ანელკა, გრიმანდი და ეგეთებიც უნდა მიაყოლო.
- ამდენს ვინ მიყიდის?
- არის სამი-ოთხი ბიძა.
- და გაზა?
- რა გაზა?
- გაზა რომ ვიყიდო?
- გაზა კი არ უნდა იყიდო, უნდა გაყიდო.
- გაზა გავყიდო და კოკუ ვიყიდო?
- ეგეთია მწვრთნელობა.
- ვერ ყოფილა კაი საქმე?
- ძნელია, ქართველობა.
28.11.1998