ეშხიანი და მომხიბვლელი! მისმა უჩვეულოდ მოკლე და გულახდილმა კაბამ და კოხტა, ნარნარა სხეულმა 70-იან წლებში მილიონობით მაყურებელი შესძინა ქალთა ჩოგბურთს. მაგრამ კრის ევერტი მხოლოდ სპორტული მოდის რევოლუციონერი და მამრთა გულთამპყრობელი რომ ყოფილიყო, სპორტის ამ სახეობის ისტორიას თავისი ეპოქის ერთ-ერთ ლამაზმანად შემორჩებოდა და არა თვით ამ ისტორიის შემქმნელად და ლეგენდად. მოკლე კაბა და ფიქრთაამშლელი ტანი მხოლოდ პირველადი შთაბეჭდილებაა, მის იქით შეუიარაღებელი თვალით და ჩოგბურთის მცოდნეთა თქმის გარეშეც ჩანდა რკინის ნებისყოფა და გამარჯვებისკენ ლტოლვა, მოკლედ, დიდი სპორტსმენი.

17-წლიან პროფესიულ კარიერაში 7 წელი ქალური საჩოგბურთო ნახევრის დედოფალი იყო. მოიგო 1307 მატჩი და 157 ტურნირი, აქედან 18 დიდი სლემისა. მოკლედ, კრის ევერტი გახლავთ ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ჩოგბურთელი ქალი. დღეს იგი 52 წლის მომხიბვლელი ქალბატონია, ჟამიდან ჟამამდე დიდ საჩოგბურთო ტურნირზე კომენტატორად მუშაობს და კალიფორნიაში თავისი სახელობის საჩოგბურთო სკოლა აქვს გახსნილი, სადაც მისი ძმა ჯონი ჩვენებური ანა ტატიშვილის პირადი მწვრთნელია.

ჩოგბურთის ლეგენდასთან ინტერვიუ დიდი ხნის მოლაპარაკების შემდეგ მოხერხდა. ამაში ჯონ ევერტიც დაგვეხმარა. მისი ჩარევის შემდეგ დათქმულ დროს კრის ევერტი ჩვენ ზარს ელოდა. ჩვენც დავრეკეთ და…

თქვენ, ალბათ, კრის მარი ევერტს ურეკავთ. მე მისი მდივანი ვარ. თუ შეთანხმებული ხართ, გადავამოწმებ და ათ წუთში დამირეკეთ – გვითხრა სასიამოვნო ხმის მქონე ქალბატონმა.

ათ წუთში ხელახლა ავკრიფეთ ჯონ ევერტის მოცემული ნომერი.

გამარჯობა, ისევ საქართველოდან გირეკავთ. დაგვაკავშირებთ ქალბატონ კრის ევერტთან?

კრის ევერტი გისმენთ. მდივანმა მითხრა, რომ მირეკავდით. რამდენიმე წუთია, რაც აკადემიაში მოვედი და მისი გაფრთხილება დამავიწყდა. ბოდიშს გიხდით, რომ შეგაყოვნეთ.

პირიქით, მადლობა, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით.

საერთოდ, არ მიყვარს ინტერვიუების მიცემა. რაც სალაპარაკო მქონდა, მგონი, ყველაფერი ვთქვი. თან ჟურნალისტებს აღარ ვენდობი, განსაკუთრებით კი პრესას. ერთს ვამბობ და მეორეს წერენ. დიდი-დიდი, წელიწადში ორი-სამი ინტერვიუ მივცე, ისიც ტელევიზიებს, მაგრამ თქვენ ისე შორიდან რეკავთ და ისეთი ქვეყნიდან, სიმართლე გითხრათ, მეც დამაინტერესა. მოდით, დროს ნუ დავკარგავთ და დავიწყოთ.

პირველ რიგში, ანა ტატიშვილზე გვინდა გკითხოთ. ანა თქვენს საჩოგბურთო აკადემიაში სწავლობს და თქვენი ძმა ავარჯიშებს.

ანა ჩვენს აკადემიაში მოსვლის დღიდან მახსოვს. ფუმფულა გოგო იყო, ძალიან ბავშვური და ცოცხალი გამოხედვით. რომ მითხრეს, ჯორჯიიდან არისო, თავიდან შტატი მეგონა, მაგრამ მერე ამიხსნეს, რომ ასეთი სახელწოდების ქვეყანაც ყოფილა ყოფილ საბჭოთა კავშირში. აკადემიაში ყველა მსურველი ვერ ხვდება. როგორი ფინანსური საშუალებაც უნდა ჰქონდეს, თუ მონაცემები არ აქვს, უარს ვეუბნებით, რადგან თუ მისგან კარგი ჩოგბურთელი არ გამოვა, ვურჩევთ, სხვა საქმეს მოჰკიდოს ხელი. ჩვენი აკადემიიდან გასული საშუალო დონის ჩოგბურთელიც კი პრესტიჟს შეგვილახავს. სახელს და პატივისცემას კი ფულით ვერ იყიდი. ასე რომ, გვირჩევნია, არც ერთი მხარე არ დარჩეს მოტყუებული.

რადგან ანა ტატიშვილი ჯერ კიდევ თქვენთანაა, ესე იგი, ის აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს?

დიახ, ანას ძალიან დიდი მომავალი ექნება თუ არ იზარმაცებს და რეჟიმს გაუძლებს. ამის ალბათობა მინიმალურია, რადგან ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახულია. როდესაც მისი თამაში პირველად ვნახე, შევატყვე, რომ ნიჭი ჰქონდა, მაგრამ ელემენტარულ შეცდომებს უშვებდა. ეს შეიძლება მისი ბავშვური ასაკის ბრალიც იყო. ერთი კი ცხადია: მას აკლდა ის ცოდნა, რაც 13-14 წლის ჩოგბურთელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ჩვენ, ფაქტობრივად, ნულიდან დავიწყეთ და ორ წელიწადში ეს ჩამორჩენა ამოვქაჩეთ. ახლახანს ანას საჩოგბურთო გარდატეხის პერიოდი ჰქონდა… საბედნიეროდ, მან ეს ეტაპი ბრწყინვალედ გადალახა. არადა, ეს ასაკია გადამწყვეტი. თუ ვერ დაძლიე გარდამავალი პერიოდის სირთულეები, მერე ერთი პროცენტი გაქვს შანსი, რომ გაიხსნა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანა მზადაა პროფესიონალებში სათამაშოდ?

ანამ უკვე ითამაშა პროფესიონალებში და საკმაო წარმატებით. ოღონდ, მისთვის ჯერ ადრეა მთლიანად პროფესიონალებში გადართვა. ანამ ჩვენს აკადემიაში მოსვლამდე რამდენიმე წელი, ფაქტობრივად, დაკარგა და ეს დაკარგული დრო აყოვნებს კიდეც მის სანახევროდ მაინც გაპროფესიონალებას. საკუთარ თავზე სამუშაო კიდევ ბევრი აქვს, თანაც ამ მომენტში მთავარია მისი, როგორც ჩოგბურთელის ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბება. წელიწადში სამი-ოთხი პროფესიული ტურნირი საკმარისი იქნება, თორემ თუ ხშირ წაგებებს მიეჩვია, მერე კომპლექსი ჩამოუყალიბდებდა და ფსიქოლოგიურადაც გატყდება. ვფიქრობთ, გაისამდე თავისი ასაკის ჩოგბურთელებში უნდა დაოსტატდეს და წლეულს თავი ორ-სამ პროფესიულ ტურნირზე შეამოწმოს. ამით გამოცდილებასაც მიიღებს და როგორც ჩოგბურთელი, ძალიან გაიზრდება. ამაში მისი მამა და ჩემი ძმა მეთანხმებიან, ანაც ხვდება, რომ მოცდა სჯობია. მერე გაცილებით ადვილი იქნება წინსვლა.

შეიძლება თამამი კითხვა იყოს, მაგრამ ახლანდელი ანა რომელი ცნობილი ჩოგბურთელის პირველ პროფესიულ ნაბიჯებს მოგაგონებთ?

იცით, ამ კითხვაზე გამიჭირდება პასუხის გაცემა… ძალიან მინდა, რომ 16 წლის მონიკა სელეშს ან მარტინა ჰინგისს შევადარო, მაგრამ ასე არაა. ერთი კი ნაღდია, თამაშის სტილითა და აღნაგობით უფრო კიმ კლაისტერსს ჩამოჰგავს.

თქვენთვის ეს საკმარისია?

ალბათ, არა, რადგან ანა ამ ასაკში უფრო მაგარი უნდა ყოფილიყო, თუმც ორ წელიწადში თქვენ თვითონ ნახავთ, როგორ გაამწარებს პირველი ათეულის ჩოგბურთელებს.

თანამედროვე ჩოგბურთში ვინ მიგაჩნიათ ყველაზე ძლიერ მოთამაშედ?

სიძლიერეზე რეიტინგები მეტყველებენ, მე კი ჟუსტინ ენენ-არდენი და მარია შარაპოვა მომწონს ძალიან. კაცებში კი როჯერ ფედერერი შეუდარებელია! ისე, გული მწყდება მარტინა ჰინგისზე და ჯენიფერ კაპრიატიზე. მარტინას ტრავმა რომ არ მიეღო, ლეგენდა გახდებოდა. კაპრიატი კი მშობლებმა, მენეჯერმა და მრჩევლებმა დაღუპეს. მისგან ფულის საჭრელი მანქანის გაკეთება უნდოდათ. იმდენად დიდი იყო მასზე ზეწოლა, რომ ვეღარ გაუძლო სტრესს და რაც მოუვიდა, ყველამ იცის – მან შვება ნარკოტიკსა და ალკოჰოლში იპოვა. მართალია ჰინგისიც და კაპრიატიც ასე თუ ისე დაუბრუნდნენ დიდ ჩოგბურთს, მაგრამ ეს ის არ იყო, რაც უნდა ყოფილიყო. ჩოგბურთმა ვუნდერკინდები დაკარგა.

ჟუსტინ ენენი და მარია შარაპოვა გამორჩეულად რატომ მოგწონთ?

ენენი ყველანაირ საფარზე ერთნაირი სიძლიერით თამაშობს. მოქნილი და დაუღლელი მოთამაშეა. ტექნიკაც უზადო აქვს. მის თამაშს რომ ვუყურებ, ჩემი თავი მახსენდება. მეც ყველანაირ საფარზე შემეძლო ძლიერი თამაში. არ მესმის იმათი, ვინც ამბობს, რომ თიხნარზე ისე ვერ თამაშობს, როგორც ბალახზე. თუ პროფესიონალი ხარ, ყველგან უნდა ითამაშო. საგანგებოდ ვვარჯიშობდი ყველანაირ საფარზე, რადგან ხალხი შენი ლამაზი თამაშის საყურებლად მოდის და არა იმის გასაგებად, გრუნტზე უკეთ თამაშობ თუ ბალახზე. მარია შარაპოვა კი ყველაფრის ნაზავია. გსიამოვნებს, როდესაც მოდელის ტანის და ლამაზი სახის გოგონა ასე დიდოსტატურად თამაშობს. რაც მთავარია, მარია შარაპოვა ათლეტია, ამაზე კი განსაკუთრებით ვამახვილებ ყურადღებას, რადგან მომწონს ნაზი, ტექნიკური და იმავდროულად ძალისმიერი მოთამაშეები. ასეთი სინთეზი იდეალურია. ჩემი აზრით შარაპოვა საუკეთესოა. სხვათა შორის, 1985 წელს, უკვე 31 წლისამ, ბოლო 25 წლის მანძილზე საუკეთესო ათლეტი ქალის პრიზი მოვიგე და ამ საკითხში სხვაზე მეტი გამეგება.

ძალისმიერ თამაშში დებ უილიამსებს ვინმე შეედრება?

უილიამსები დიდი ჩოგბურთელები არიან, მაგრამ მარტო ძალა არაფერს წყვეტს. მეტი ფანტაზია, ელასტიურობა და რაც მთავარია, ქალურობაა საჭირო.

ანუ?

როგორ აგიხსნათ, არც ვიცი… ქალს უნდა ეტყობოდეს, რომ ქალია. კაცებისგან განსხვავებით, ქალთა ჩოგბურთი ამიტომ იყო ყოველთვის უფრო საინტერესო და მიმზიდველი. კორტსმიღმა ცხოვრებაც გასათვალისწინებელია. როდესაც ვარსკვლავი ხარ, ძნელია მშვიდი ცხოვრება გქონდეს, მაგრამ ნამდვილი ვარსკვლავები ამას ახერხებენ. ამიტომაც ვაფასებ ბილი ჯინ კინგს, შტეფი გრაფს, მონიკა სელეშს, მარტინა ნავრატილოვას, მარტინა ჰინგისს… არ მომწონს ანა კურნიკოვა, თუმც, როგორც ჩოგბურთელზე, მასზე უკვე წარსულში უნდა ვილაპარაკო. კურნიკოვას ჩოგბურთი პოპულარობისთვის სჭირდებოდა. მას არ უნდოდა თამაში არც თავისი და არც პუბლიკის სიამოვნებისთვის. როგორც კი მილიონიანი კონტრაქტები გააფორმა, დაავიწყდა ის საქმე, რომელმაც აშოვნინა ეს ფული. ფული ჩვენც გვქონდა. მე, ნავრატილოვამ და კინგმა ორ წელიწადში მილიონები გამოვიმუშავეთ, მაგრამ საყვარელი საქმე აბუჩად არასდროს აგვიგდია. ეს ჩოგბურთის უპატივცემულობაა. ამას კი ვერავის ვაპატიებ, რადგან კორტი და ჩოგანი ჩემი ცხოვრებაა.

თანამედროვე ჩოგბურთს რომ უყურებთ, ყველაზე მეტად რაზე გწყდებათ გული?

უფრო კორტსმიღმა ცხოვრებაზე და ჩოგბურთელების ურთიერთობაზე. თანამედროვე ჩოგბურთს აღარ ჰყავს კოლორიტები, ისეთები, როგორებიც ჯონ მაკინროი, არტუ ეში, ბორის ბეკერი, მარტინა ნავრატილოვა, თუნდაც იანიკ ნოა – ვინც დიდი ჩოგბურთელი არასდროს ყოფილა, მაგრამ ხალხს ძალიან უყვარდა – იყვნენ. მოთამაშეებსაც უყვარდათ ხალხი. ეს არის დიდი სხვაობა ახლანდელ და უწინდელ ჩოგბურთს შორის. მახსოვს, როგორ ახლოს ვიყავით ფანებთან. მე და მარტინა ნავრატილოვა კორტზე მტრები ვიყავით, ლეგენდარული მატჩები გვითამაშია, ისეთი ომი გვქონდა, ათი ჰოლივუდური ფილმის სცენარს ეყოფოდა თუნდაც ერთი მატჩი, მაგრამ კორტსმიღმა ჩვენზე კარგ მეგობრებს ვერც ნახავდით. მე, მარტინა, ბილი ჯინ კინგი, არტურ ეში, ბიორნ ბორგი, ჯიმი კონორსი, სტენ სმიტი სულ ერთად ვიყავით, ერთად ვიზიარებდით გასაჭირსაც და წარმატებასაც. ახლა კი რა ხდება? ჩოგბურთი ბეისბოლს დაემსგავსა, სადაც უამრავი პროფესიონალია, მაგრამ ვერ ვხედავ მეგობრობას, ერთმანეთის პატივისცემას.

თაობათა შედარება ყოველთვის აქტუალურია. როგორ ფიქრობთ, თქვენი თაობა უფრო ვარსკვლავური იყო თუ ახლანდელი?

დიდი ჩოგბურთელები არც იმ თაობას აკლდა და არც ახლანდელს, მაგრამ ჩვენი თაობის ჩოგბურთი უფრო საინტერესო იყო. ახლა აღარ არის თაობათა დაპირისპირება. წარმოიდგინეთ, ჩემი და ნავრატილოვას მატჩები რომ არ ყოფილიყო, ან ნავრატილოვა-გრაფი, თუნდაც სელეში-გრაფი… ახლა სად არიან 27, 28, 30 და 31 წლის ჩოგბურთელები? ერთი სიტყვით, თანამედროვე ჩოგბურთმა ის შარმი დაკარგა, რასაც თაობათა დაპირისპირება ჰქვია.

თქვენთვის ყველაზე გამორჩეული რომელი ტურნირი იყო?

უიბლდონი! კარის კაციდან დაწყებული, ბურთის მომწოდებლით დასრულებული, ყველასგან იგრძნობა არისტოკრატია, მოწიწება, პატივისცემა. სხვაგან არსად ტრიალებს ისეთი საჩოგბურთო სული, როგორიც უიმბლდონზე. თანაც, უიმბლდონი 19 წლისამ მოვიგე და ეს იყო პირველი ტურნირი, სადაც მშობლების გარეშე წავედი. მაშინ არ იყო პირდაპირი რეპორტაჟები და მახსოვს, ნამატჩევს როგორ დავურეკე მამაჩემს ფლორიდაში და წყნარი ხმით ვუთხარი – „მამა, მე მოვიგე“! მამაჩემი შოკში იყო, ხმა ჩაუვარდა და ერთი პირობა შემეშინდა, რამე ხომ არ დაემართა-მეთქი, მაგრამ მერე აკანკალებული ხმით რომ მითხრა, მე შენ მიყვარხარო, ამოვისუნთქე.

თუ არის ისეთი რამ, რაზეც გული გწყდებათ?

არა, არაფერი… ყველაფერი მაქვს. რაც მთავარია, მყავს ოჯახი, რომელიც მუშაობაში ყველანაირად მიწყობს ხელს. სამი ბიჭის დედა ვარ და სიმართლეს გეუბნებით, ყველაზე დიდი აღიარება ჩემთვის ისაა, რომ ორი წლის წინ წლის დედად დამასახელეს.

ჩოგბურთელებიდან ვისთან მეგობრობთ?

მარტინა ნავრატილოვა და ბილი ჯინ კინგი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. ჯიმი კონორსთან დღემდე ვმეგობრობ. ჯიმი ჩემი პირველი სიყვარული და ქმარი იყო. ისე მოხდა, რომ სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მშვიდად დავშორდით, მაგრამ მეგობრობას დღემდე ვინარჩუნებთ.

უკაცრავად და ერთს გკითხავთ: ახლანდელი მეუღლე როგორ გაიცანით?

ოცი წლის წინ მარტინამ კოლორადოში, თავის სახლში საახალწლო ფართიზე დამპატიჟა. ჩემი ახლანდელი მეუღლე ენდი მილი იქ გავიცანი. ენდი ამერიკის ოლიმპიური ნაკრების წევრი იყო, სამთომოთხილამურეა. კოლორადოს მთებიდან თხილამურებით დაშვება შემომთავაზა და მეც დავთანხმდი. მახსოვს, თვითონ ზურგით მისრიალებდა, პირი ჩემკენ ჰქონდა და ჩემი ხელები ეჭირა. მაშინ მეუბნებოდა კარგად სრიალებო, ქორწინების მერე კი გამომიტყდა, შენზე უნიჭო შეგირდი არასდროს მყოლიაო. ენდიმ ყველა და ყველაფერი დამავიწყა… როდესაც მეორე ქმარს, ასევე ჩოგბურთელ ჯონ ლოიდს დავშორდი, დეპრესია მქონდა. მშობლებს ჯონი ძალიან უყვარდათ და მე მამტყუნებდნენ, მთელი დღეები ჩამჩიჩინებდნენ, რომ ჯონთან უნდა დავრჩენილიყავი. ჯონი შესანიშნავი ადამიანი იყო და არის, მაგრამ მაშინ ოჯახური ცხოვრება ჩემთვის უცხო იყო და დაშორება გადავწყვიტეთ… ღმერთო ჩემო, არც კი მჯერა ამას რომ გიყვებით! მოდი, დავასრულოთ ინტერვიუ.

ერთიც: წარმატების საიდუმლო რა არის?

არ უნდა იფიქრო გეიმის და სეტის მოგებაზე, ყოველი ქულისთვის უნდა იბრძოლო და ბოლოს მოგებული დარჩები. ცხოვრებაც ამავე პრინციპით მაქვს არჩეული. ჯერჯერობით ამართლებს.

23.05.2006

წილი
წინა სტატიაფუტბოლი ჯინსებში
შემდეგი სტატიაკონტემ მილანს გახედა
ბაჩო სვანიძე
ჟურნალისტობა ჟურნალისტობად და ბაჩო სვანიძე უბრალო, ალალი, კეთილი, ურთიერთობისთვის გახსნილი, ხალისიანი და ხალასი ადამიანი იყო. ალბათ ბევრისგან გაიგებთ, რომ ბაჩო მისი მეგობარი იყო და ეს ტყუილი არ იქნება. ბაჩოს მართლა შეეძლო ერთბაშად ბევრთან ემეგობრა და, რაც მთავარია, ეს მეგობრობა მხოლოდ ღიმილითა და ჭიქის აწევით კი არა, საქმით, გვერდში დგომით დაემტკიცებინა.