ესპანური „ლოს რიკოს ტამბიელ ლორანის“  (ქართულად ითარგმნება, როგორც „მდიდრებიც ტირიან“; მექსიკური სერიალი იყო 90-იან წლებში) კორესპონდენტმა როხელიო სალვატიერომ ინტერვიუ სთხოვა იტალიური სერია B–სა და ესპანური მეორე დივიზიონის ცნობილი გუნდების წვრთნით სახელგანთქმულ იუგოსლავიენ სპეციალისტს, ზლობომირ აგრესოვიჩს, რომლისგანაც აგრესიული თანხმობის მიღების შემდეგ საუბრის ადგილიდან მიიმალა. დაუყოვნებლივ გამოცხადდა ძებნა, რომელშიც ევროკავშირის სამძებროს სპეცაგენტების გარდა უამრავი მოხალისეც მონაწილეობდა. ჟურნალისტ სალვატიეროს ადგილმდებარეობას ორშაბათს მიაგნეს — დაკავების მომენტში იგი „ლოს რიკოს ტამბიენ ლორანის“ რედაქციაში მალულად ფეხბურთზე წერდა სტატიას. დაკავებულმა ჩადენილი აღიარა, სასამართლომ კი მას დაზარალებულისგან ხუთი ვრცელი ინტერვიუს ჩამორთმევა მიუსაჯა.

­­— სასამართლომ ლმობიერება გამოამჟღავნა. ჩვენ დამნაშავის შვიდი ინტერვიუთი დასჯას ვითხოვდით, — განაცხადა პროკურორმა იგნასიო ბლანკო ლოპედევეგამ.

— პროკურორიც გულჩვილი გამოდგა. სალვატიეროს სულ მცირე თორმეტჯერ მაინც უნდა ჩამოერთმია ჩემთვის ინტერვიუ, მაგრამ ვინაიდან დროება წახდა… — ჩაურთო თავად აგრესოვიჩმა.

— ბატონო აგრესოვიჩ, — ჩაერია საუბარში დამნაშავე სალვატიერო, — თქვენ ამბობთ, რომ დროება წახდა, მაგრამ ამას დამტკიცება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში გაღმა გიჩივლებთ და გამოღმა შემრჩება.

— შე ახვარო, — უპასუხა აგრესოვიჩმა, — აბა, ამას რა დამტკიცება უნდა. ჩამოთვალე რა ფეხბურთელები თამაშობდნენ ადრე: პელე, ბობი ჩარლტონი, გარინჩა, დი სტეფანო, ბეკენბაუერი, კრუიფი… ახლა ვინ თამაშობს?

— მიატოვიჩი, იუგოვიჩი, სტანკოვიჩი, სავიჩევიჩი…

— ბიჭოს! რაღაცაში მართალი ხარ ხომ იცი. არც ისეთი ნაგავი ყოფილხარ, თავიდან რომ მეგონა, მაგრამ ჩემი დრო მაინც სხვა იყო.

— მარადონაც ხომ ახლო წარსულია. ნუთუ სხვა მარადონა აღარ დაიბადება?

— აბა, როგორ. ორი შვილი ჰყავს და ორივე გოგოა, ბიჭის გამკეთებელი კი ეგ აღარ არის.

— ბიჭიც ხომ ჰყავს ნეაპოლში.

— ნაბიჭვარი? ბიჭო, შე კაზიოლო, ნაბიჭვრებზე როგორ მელაპარაკები, გამო გვერდზე შენი…

— მაშინ თქვენ აღზარდეთ ვინმე. მწვრთნელი არ ხართ?

— გავზრდი! ვზრდი უკვე.

— ვის?

— ერთი სერბი ბიჭი მყავს და ერთიც ქართველი. ცოტა ძნელი კია, მაგრამ…

— რა არის ძნელი? ვინ არიან?

— სერბს ჰქვია ვესელკო ტაშიჩი, ქართველს დათუშკი ჩემიკაიძე. შენ პროსტო უნდა ნახო ბურთთან როგორ არიან, ტო, მაგრამ…

— რა მაგრამ?

— ტაშიჩი რეჟიმს არღვევს ხშირად. ღამ-ღამობით იპარება, ჩემიკაიძეს კი ტრუსიკიანი სირბილი იმენა უტყდება.

— შეიძლება რაღაც გირჩიოთ?

— შენ?

— ჰო.

— მიდი, აბა.

— ტაშიჩი დაკოდეთ, ჩემიკაიძეს კიდევ ჯინსებში თამაშის ნება მიეცით.

— შე დამპალო, შენი…

პაპუნა კედია

P.S. ავტორი სამძიმარს უცხადებს როხელიო სალვატიეროს ოჯახს და წუხს, რომ ბოლო დროს გახშირდა სინათლესთან ერთად წყლის შეწყვეტის შემთხვევები.

2000 წლის 2 თებერვალი

 

წილი
წინა სტატიაკაკა: კარგად!
შემდეგი სტატიაქალის სურნელი
პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.