ციურიხში დღეს ჩატარებულმა წილისყრამ ფეხბურთის გურმანებს მოლოდინი ერთობ გაუმძაფრა – რომელი გაემგზავრება მომავალი წლის ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატზე და რომელი დარჩება რუსული მუნდიალის მიღმა?

ერთი შეხედვით, წყვილები თანაბარია, თუმცა მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონ იტალიელთა და შვედთა ორრაუნდიანი დაპირისპირება, ვფიქრობთ, მაინც გამოსარჩევია. იქამდე კი ვიდრე გუნდები მოედანზე გაარკვევენ ურთიერთობას, ჩვენ მათი წინა მატჩების დავთვალეთ და აი, რა გამოგვივიდა…

ჩრდილოეთ ირლანდიაშვეიცარია

 პირველი მატჩი – 9 ნოემბერი, საპასუხო – 12 ნოემბერი

ურთიერთშეხვედრები: 3 მატჩი, 1 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება

ჩრდილოირლანდიური ფეხბურთი რომ აღმავლობის გზაზეა, მარტო იმითაც დასტურდება, რომ ბრიტანელებმა ბოლო ევროპის ჩემპიონატზე და სულაც არ იქნება გასაკვირი 1986 წლის შემდეგ პირველად თუ გააღწევენ მსოფლიო ჩემპიონატზე.

წილიყრის შემდეგ: ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მწვრთნელმა მაიკლ ონილმა და შვეიცარიელთა თავკაცმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა ერთმანეთი მოიკითხეს 

აი, შვეიცარიელებს ამ მხრივ უკეთ აქვთ საქმე, ისინი ფაქტობრივად, რეგულარულად მონაწილეობენ, როგორც ევროპის ჩემპიონატზე, ასევე მუნდიალზე და რომ არა შესარჩევი ეტაპის ბოლოს პორტუგალიასთან მარცხი ვლადიმირ პეტკოვიჩის შეგირდები პლეი ოფზე კი არა, რუსეთის ბილეთებზე იფიქრებდნენ.

რაც შეეხება ამ გუნდების დაპირისპირებას, ჩრდილოირლანდიელები და შვეიცარიელები ოდენ სამჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და სრული თანაფარდობა აქვთ: ჯერ 1964 წელს, ინგლისის მუნდიალის შესარჩევში გადაეყარნენ ერთმანეთს და ორივემ საშინაო მატჩი მოიგო (1:0 ბელფასტში და 2:1 ჟენევაში), მესამე დაპირისპირება კი 2004 წლით თარიღდება და მაშინ ამხანაგური შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

ხორვატია – საბერძნეთი

პირველი მატჩი – 9 ნოემბერი, საპასუხო – 12 ნოემბერი

ურთიერთშეხვედრები: 6 მატჩი, 1 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება

ხორვატები და ბერძნები პირველად 1996 წლის 10 ნოემბერს შეხვდნენ ერთმანეთს. ზაგრებში გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, თუმცა ხორვატებმა ერთი წლის მერე ათენში 1:0 მოიგეს და ჯერჯერობით, სწორედ ეს გახლავთ მათი პირველი და ჯერ ბოლო გამარჯვება.

ურთიერთშეხვედრებში მცირედი უპირატესობა ბერძნებს აქვთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ფავორიტები არიან – საყოველთაო აზრით დღეს ხორვატიას უკეთესი გუნდი ჰყავს.

დანია – ირლანდია

პირველი მატჩი – 11 ნოემბერი, საპასუხო – 14 ნოემბერი

ურთიერთშეხვედრები: 12 მატჩი, 3 მოგება, 4 ფრე, 5 წაგება

დანიელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლოს 2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში ითამაშეს. ირლანდიელები კი მუნდიალზე 2002-ის შემდეგ არ ყოფილან.

დანია რუსეთის მუნდიალის შესარჩევში მხოლოდ პოლონეთს ჩამორჩა, ხოლო ირლანდია, გეხსომებათ, ჩვენი თანაჯგუფელი გახლდათ, პირველობით კი სერბეთმა იპირველა.

თუ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებს გადავხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანაბარი წყვილია, თუმცა მცირედი უპირატესობა ირლანდიელებს აქვთ.

პირველად ეს გუნდები ერთმანეთს შორეულ 1956 წელს შეხვდნენ და მაშინ ირლანდიელებმა 2:1 მოიგეს, ირლანდიელთა გამარჯვებით დასრულდა მათი ბოლო დაპირისპირებაც – 2007 წლის 22 აგვისტოს, კოპენჰაგენში გამართულ ამხანაგურ მატჩში ირლანდიამ 4:0 იმარჯვა.

შვედეთი – იტალია

პირველი მატჩი – 10 ნოემბერი, საპასუხო – 13 ნოემბერი

ურთიერთშეხვედრები: 23 მატჩი, 6 მოგება, 6 ფრე, 11 წაგება

                              სან სიროზე ტრიბუნა სხვა ფერებში იქნება  უკვე ვთქვით, ყველაზე გამორჩეული წყვილი. ურთიერშეხვედრების მიხედვით, ფავორიტად იტალიელები ითვლებიან, მაგრამ ისიცაა, რომ სკანდინავიელებზე ითქვას, უპირობო აუტსაიდერიაო.

შვედეთი-იტალიის დაპირისპირებისას გულშემატკივრებს უთუოდ 2004 წლის ევროპის ჩემპიონატი, ნათამაშევი 1:1 და ჯანლუიჯი ბუფონის კარში ზლატან იბრაჰიმოვიჩის ჯადო-გოლი გაგახსენდებათ. გეხსომებათ, მაშინ იტალიელებს შედეგი ძვირად დაუჯდათ, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში შვედეთმა და დანიამ სასურველი 2:2 ითამაშეს და „სკუადრა აძურაც“ შინ გაისტუმრეს.

ბუფონი ახლაც ნაკრებშია, იბრა კი რა ხანია, მკურნალობს, მაგრამ შვედეთი მაინც ძლიერია. აკი თქვა კიდეც წილისყრის შემდეგ იტალიელთა თავკაცმა ჯამპიერო ვენტურამ, სავარაუდო მეტოქეთაგან ყველაზე არასასურველი მეტოქე შეგვხდა, მაგრამ ჩვენი მიზანი მაინც უცვლელია – იტალია მუნდიალზე უნდა გავიდეს!

ერთი, რაც უკვე აქედანვე ცნობილია, ისაა, რომ ამ გუნდების საპასუხო მატჩი 13 ნოემბერს მილანში, „სან სიროზე“ გაიმართება, იქ, სადაც იტალიის ნაკრებს ოფიციალური თუ ამხანაგური მატჩი არასოდეს წაუგია…

წილი
წინა სტატიაპლეი ოფი იერომ გაარკვია
შემდეგი სტატიასაქართველო – ილიასი
გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.