ბათუმის საჭადრაკო კლუბი “ნონა” ზედიზედ მესამედ ევროპის საკლუბო ჩემპიონია.
თურქულ ანტალიაში მიმდინარე შეჯიბრებაზე შვიდი ტურის შემდეგ ჩვენებმა აზერბაიჯანულ “ოლდარ იურდუს” მსგავსად 11 ქულა დააგროვეს, თუმც მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობეს და ოქროს მედლებიც დაიმსახურეს.
ქართველებმა ტურნირი მოგებით დაიწყეს, მაგრამ მეორე ტურში მოულოდნელად “ოლდარ იურდუსთან” დამარცხდნენ და ცხრილის შუაში აღმოჩნდნენ. ამ წაფორხილებას ჩვენმა მოჭადრაკეებმა ზედიზედ ოთხი გამარჯვება მიაყოლეს, ბოლოსწინა ტურში ერთპიროვნული ლიდერობაც მოიპოვეს და აზერბაიჯანულ კლუბს ერთი ქულით გაუსწრეს.
ბოლო ტურში “ნონამ” რუმინულ “Cs Studentesc Medicina Timisoara”-თან შეხვედრა ფრედ, 2:2 დაასრულა, “ოლდარ იურდუმ” კი მასპინძელ “მარმარას” მოუგო, რაც მხოლოდ ვერცხლის მედლებისთვის აღმოჩნდა საკმარისი.
“ნონა” ანტალიაში ასეთი შემადგენლობით ჩავიდა: ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია და ინდოელი ჰარიკა დრონავალი, რომელსაც ტურნირზე ქალთა შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა. გუნდიდან საუკეთესო პირველ დაფაზე მოთამაშე ძაგნიძე იყო, რომელმაც 7-დან 5 პარტია მოიგო და მცირე ვერცხლის მედალსაც დაეუფლა.
ოქროს მედლებთან ერთად ქართული კლუბი ჯილდოდ 3 ათასს ევროსაც მიიღებს.
ვაჟებთა ანალოგიურ ტრუნირში საქართველოს სახელით არავინ გამოსულა, ჩემპიონი კი რუსული “გლობუსი” გახდა.

წილი
წინა სტატიაჭადრაკი და ძმანი მისნი
შემდეგი სტატიამამაცი გული
კაცი ჭადრაკსა და გრაფიკულ დიზაინზე შეყვარებული... წერილთქმნის შუალედებში "სარბიელელთა" პატარა, მყუდრო კომპანიებში რედაქტორისგან უჩუმრად კათხა (ბოთლა, ჭიქა...) ლუდის გადამკრავი... ასეთ ადამიანს მეტსახელად 90-იანების სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი პროკურორის სახელი რატომ უნდა დაანათლო - ეს მხოლოდ "სარბიელმა" იცის.