„ბარსელონას“ ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი მადრიდის „ატლეტიკოს“ ისტორიაში შევიდა. ის გახდა მეტოქე გუნდის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ახალაშენებულ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ „ლა ლიგას“ შეხვედრაში მასპინძლებს გოლი შეუგდო. მადრიდელთა და ბარსელონელთა შეხვედრა 1:1 დამთავრდა. „ატლეტიკო“ საულის გოლით 21-ე წუთიდან იგებდა, მაგრამ ურუგვაელმა 82-ე წუთზე გაათანაბრა.
„მეორე ტაიმში ბევრი მომენტი შევქმენით და ფრეზე მეტს ვიმსახურედით, მაგრამ „ატლეტიკო“ თავს შესანიშნავად იცავს და დიდებული მეკარე (სლოვენიელი იან ობლაკი) ჰყავს. მიხარია, გოლი რომ გავიტანე, მაგრამ უფრო მეტად ის მიხარია, რომ ჩემი დახმარებით გუნდმა არ წააგო“, — თქვა მატჩის შემდეგ სუარესმა.
თამაშამდე ვწერდით, რომ „ატლეტიკოს“ არგენტინელ მწვრთნელს დიეგო სიმეონეს „ლა ლიგაში“ „ბარსელონა“ არ დაუმარცხებია. აგრეთვე ავღნიშნავდით, რომ „ბარსას“ ახალ თავკაცს, ერნესტო ვალვერდეს არასდროს მოუგია სიმეონესთვის. „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გამართული შეხვედრის შედეგმა სტატუს ქვო ორივე შემთხვევაში შეინარჩუნა.