ხან ბოსკამპს დავაბრალეთ ჩვენი ფიასკო, ხან ჟირესს, ტოპმიოლერს და კუპერს. ახლა ვაისს. ქართველებზე აღარაფერს ვამბობ. საშა ჩივაძეზეც კი, ორჯერ მესამეზე რომ გაგვიყვანა და არც სხვები იყვნენ ხურდა ბიჭები. ჰოო, შუშაკიც იყო, ერთი ისტორიული გამარჯვების გამო ივო…ივო…ივო… მონაგარისაც მადლობლები რომ ვიქნებით, მაგრამ მაინც, ეს რა ჭირი გვჭირს, ტო?! ფეხბურთელები? მუნდიალის მონაწილე ისლანდიელებს პირისპირის ამბავში ალალად გააბითურებენ! ქომაგები? ჯიგარს და ხმის იოგებს ტრიბუნაზე დატოვებენ! ფინანსები? ბევრმა ჩვენი მასშტაბის ქვეყანამ ინატროს! სხვა რამე რომ იყოს? ეგებ, ერთი ძვირადღირებული ფსიქოლოგი გვჭირდება, ფეხბურთელებს გრანდებთან თამაშისას მუხლების კანკალს, ტაიმის ბოლო წუთებზე პამპერსის მოთხოვნილებას, მეორე ტაიმში – მგონი, არ ვაგებთო – შიშს და ბუტიაობას გადააჩვევს… მწვრთნელებს ნათამაშევ დიდ „ფუტბოლს“ დაავიწყებს და კომპიუტერთან ერთად კონსპექტებს შეაყვარებს… აგენტებს დღევანდელი კვერცხის გამო ნიჭიერი ბიჭების გიბრალტარისა და ვანუატუს მეორე ლიგებში წაყვანას გადააფიქრებინებს… მშობლებს დვაცატტიშის გაგონებაზე დორბლებს მოწმენდს… ჩინოვნიკებს აუხსნის, რომ საფეხბურთო გრინვიჩის მერიდიანიდან ძალიან შორს არიან… მოკლედ, მოედანზე არა – ფსიქოლოგიაში გვიჭირს. მანდ ჯერ ისევ ღრმა პროვინცია ვართ. სპორტში წარმატებას მხოლოდ ფანატიკურად შეყვარებული ხალხი აღწევს. საკუთარ თავსა და ფულზე კი არა – პროფესიაზე ფანატიკურად შეყვარებული ხალხი. მერე ვაისთან ერთადაც გამოგივა სასწაული… სპრეის და „ლეისის“ რეკლამაც მოვა… მაისის უძინართა მზეც ამოვა…