მსოფლიო ფეხბურთის „ხაზეინებმა“ ბოლო ოც-ოცდახუთ წელიწადში იმდენი ქნეს, რომ უმაღლეს დონეზე სულ ხუთი-ექვსი გუნდიღა თამაშობს და მათგანაც პირველმა ორმა, ძალიან რომ მოინდომოს, მეხუთეს და მეექვსეს ალბათ შეკვეთილი ანგარიშით მოუგებს. დანარჩენ დედამიწელებს კი ისღა დაგვრჩენია, ათასობით კილომეტრით დაშორებული ქვეყნების კლუბებს შევხაროდეთ.

მადრიდის „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ სწორედ ხსენებულ ხუთეულ-ექვსეულში შედიან და დღეს, საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე, მადრიდში, ესპანეთის ჩემპიონის მე-8 ტურის მატჩში ხვდებიან ერთმანეთს.

„ატლეტიკოს“ მწვრთნელი, მოგეხსენებათ არგენტინელი დიეგო სიმეონეა, რომელიც „ლა ლიგაში“ 2011 წლიდან მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც ვერ დაამარცხა “ბარსელონა”. თერთმეტჯერ შეხვდა, რვაჯერ წააგო და სამჯერ ფრედ ითამაშა. ელ ჩოლოს ხელმძღვანელობით „ატლეტიკოს“ ზიდანის „რეალისთვისაც“ მოუგია, გვარდიოლას „ბაიერნისთვისაც“ და მოურინიუს „ჩელსისთვისაც“, მაგრამ „ბარსელონას“ ვერაფერს უხერხებს. არადა, სულ თანაბარი ბრძოლაა.

„ბარსელონას“ კი ვამბობთ, მაგრამ 2011 წლიდან დღემდე კატალონიის კლუბმა ოთხი მწვრთნელი გამოცვალა. ახალი თავკაცი გახლავთ ერნესტო ვალვერდე, რომელთანაც… სიმეონეს არასდროს წაუგია — ცხრაჯერ შეხვედრია, ექვსჯერ მოუგია და სამჯერ ფრედ უთამაშია.

ნეტავ, ეს სტატისტიკა რამეს ნიშნავს?